ბრძანება N 8626
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8626
05 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (პ/ნ -----) (მის.: ქ. თბილისი, N -----)
2025 წლის 14 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 აპრილის სხდომაზე (ოქმი N --) განიხილა ----- ----- (პ/ნ -----) N -----/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 მარტის N ELD ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება არის გერმანული სახელწმიფო ნომრით, რომელიც 2024 წლის 28 დეკემბერს შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, არ წარმოადგენს მის საკუთრებას. მისი მესაკუთრე არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ქართულ ენაზე არ მეტყველებს და საბაჟო გამშვებ პუნქტზე საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდა მისი მხრიდან. 2024 წლის 28 დეკემბერს არ ყოფილა ინფორმირებული სატრანპორტო საშუალების გამოცხადების ვადის თაობაზე. სატრანსპორტო საშუალების წარდგენის 60 დღიანი ვადის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ჩაიბარა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. რამდენადაც უცხოეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უცხო ქვეყნის (უკრაინის) მოქალაქე წარმოადგენდა, სატრანსპორტო საშუალების უკან გაყვანის 90 დღისგან განსხვავებული ვადის დაშვების საფუძველი არ ჰქონდა და მით უფრო, მას შემდეგ, ----- საბაჟო გამშვებ პუნქტზე, პირადად წარადგინა ის დოკუმენტები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნის მოქალქის საკუთრებაში ყოფნას ადასტურებდა, თუმცა მისგან არავითარი დამაზუსტებელი შეკითხვა ან/და ინფორმაცია მოქალაქეობის მიხედვით დიფერენცირებულ, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების 60 და 90 დღიან ვადებთან დაკავშირებით არ მიუღია. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილებზე და მიჩნია, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება და გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 23 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „----- ------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი სატრანსპორტო N ------ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ----- -----.
საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაირკვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული ავტომობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით 2024 წლის 28 დეკემბერს ----- ----- მიერ და გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო თარიღად განსაზღვრული იყო 2025 წლის 26 თებერვალი.
ვინაიდან აღნიშნული ავტომობილი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა დაგვიანებით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „----- - ------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 23 მარტს შედგენილი N ELD ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- ----- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.
ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული, გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის 90-დღიანი ვადა ვრცელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე/ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონელზე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა საქართველოს მოქალაქე მიერ, საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრა 60 კალენდარული დღით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ავტომობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით შემოყვანილ იქნა 2024 წლის 28 დეკემბერს მომჩივნის მიერ. შესაბამისად, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 26 თებერვალი.
დადგენილია ასევე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
მომჩივნის არგუმენტზე კი, ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით გაფრთხილების გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე, რომლის მიხედვით, 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილების გამოყენება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება და გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო გამშვებ პუნქტში, კონტროლის ზონაში, საქართველოს მხრიდან გამოცხადდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება. საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაირკვა, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა სხვა საბაჟო პუნქტის გავლით. გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო თარიღად განსაზღვრული იყო კონკრეტული ვადა. ვინაიდან აღნიშნული ავტომობილი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა დაგვიანებით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი 163; მუხლი 165;