ბრძანება N 12261

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2023
№ დოკუმენტი 12261
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12261

02.06.2023

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2023 წლის 9 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №80879/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №067-2 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 27 აპრილის №001952 ბრძანება). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55).

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №067-2 საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 27 აპრილის №001952 ბრძანება), მაგრამ საჩივარში აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია/არგუმენტები არ აქვს წარმოდგენილი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დეკლარირების კანონშესაბამისობის სამმართველოს 2023 წლის 3 აპრილს პროგრამულ მოდულში დაეწერა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის დაუბეგრავი დოკუმენტების რისკი.

შესწავლილ იქნა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 2453.71 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა.

2023 წლის 17 აპრილს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რის შემდეგაც შპს “---მ” (ს/ნ ---) სრულად არ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაცია და სხვაობა დარჩა 210.5 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის არაერთი მცდელობის მიუხედავად გადამხდელმა არ მოახდინა დეკლარაციის დაზუსტება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2023 წლის 27 აპრილის №001952 ბრძანების მიხედვით, შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიმართ განხორციელდა 210.5 ლარის დარიცხვა და გამოიცა №067-2 საგადასახადო მოთხოვნა.

შპს „---მ“ (ს/ნ ---) დარიცხვის შემდგომ 2023 წლის 29 აპრილს მოახდინა დეკლარაციის (---) დაზუსტება და სრულად დაბეგრა რისკის თანხა, მათ შორის დარიცხული თანხის ჩათვლით.

ამასთანავე, გადამხდელს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა დეკლარაციის დაზუსტების გზით დააკორექტიროს შესაბამისი პერიოდის დეკლარაცია.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია.

შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა ასახული ჰქონდა არასრულად. გარდა დეკლარირებულისა, დღგ კიდევ დამატებით შეადგენდა 210.5 ლარს.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №067-2 საგადასახადო მოთხოვნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესწავლილ იქნა გადამხდელის 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის შედეგადაც დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა 2453.71 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა. გადამხდელის მიმართ განხორციელდა დარიცხვა და გამოიცა №067-2 საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302 (6); 158; 159; 43; 61; 69