ბრძანება N 2425
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2425
12 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2025 წლის 22 და 26 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2025 წლის 22 იანვრის №93834/1/2025 და 26 იანვრის №93922/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №039-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატის ოდენობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს, ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ ჰქონდა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არცერთი პუნქტი არ არის სახეზე. ამასთან, გამოყენებულია სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონაცემები, მისთვის კი უცნობია რომელი კომპანიის მონაცემებია გამოყენებული და რამდენად არის ეს კომპანია იდენტური. გარდა ამისა, შემოწმდა მსგავსი საწარმო, რომელიც იდენტური საქონლით ვაჭრობს, მასთან გამოყენებულია 26%-იანი ფასნამატი, ხოლო შპს „----------“-თან კი 58,6%. შესაბამისად, გაუგებარია რატომ გავრცელდა სხვადასხვა ფასნამატი იდენტური საქონლით მოვაჭრე კომპანიებზე და ასევე გაუგებარია რატომ არ გაითვალისწინა შემოწმებამ კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე (ინვოისი) მეტი ოდენობით გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვას. განმარტავს, რომ ნამდვილად აქვს გადარიცხული თანხები და შესაბამისი შედარების აქტები მომზადების პროცესშია. დამატებით დარიცხული მოგების გადასახადი არის გასაუქმებელი, რადგან საგადასახადო კანონდებლობის თანახმად მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადახდა უკავშირდება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებს, ჩინეთი კი ასეთ ქვეყნებს არ მიეკუთვნება საქართველოს კანონდებლობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14417 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 27 თებერვლიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 დეკემბრის №27400 ბრძანება და ამავე თარიღის №039-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 294 745 ლარი, მათ შორის, გადასახადი 174 923 ლარი, ჯარიმა 87 443 ლარი, საურავი 32 379 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ავტომობილების ნაწილებისა და აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია (მანამდე ახდენდა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ჩანთების რეალიზაციას). კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 27 თებერვალს და ამავე პერიოდშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას საბუღალტრო პროგრამა ფინაში, სადაც საცალოდ საქონელს ჩამოწერს ჯამურად თვის ჭრილში, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები არც თარიღით და არც თანხობრივად არ ედრება პროგრამულად რეალიზაციის გატარებებს. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის თანხა შეადგენს 1 247 177 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 31 979 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად 2023 და 2024 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი ავტონაწილებზე 16% და ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე კატეგორიების შესაბამისად. საბოლოოდ დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა (ამასთან, შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად) განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად 2024 წლის მაისის თვეში (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ საქონლის იმპორტი ხორცილედება ჩინეთიდან. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და საბაჟოზე წარდგენილი ინვოისების შედარების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ უცხოური კომპანიებისთვის გადახდილი თანხები აღემატება ინვოისებში დაფიქსირებულ თანხებს. გადამხდელი განმარტავს, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ნაწილი თანხით შპს „----------“-ის დავალიანება დაფარა სხვა ჩინური კომპანიის მიმართ. წარმოდგენილია ურთიერთშედარება. დარჩენილ თანხაზე დოკუმენტური დასაბუთება არაა წარმოდგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ უცხოელ მომწოდებლეზე შესაბამის დოკუმენტებზე მეტი ოდენობით თანხები ჩაითვალა უცხოელ მომწოდებლებზე, არარეზიდენტებზე, გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით პერიოდის ბოლოს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ავტომობილების ნაწილებისა და აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია (მანამდე ახდენდა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ჩანთების რეალიზაციას). გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას საბუღალტრო პროგრამა ფინაში, სადაც საცალოდ საქონელს ჩამოწერს ჯამურად თვის ჭრილში, ასევე საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკები არც თარიღით და არც თანხობრივად არ ედრება პროგრამულად რეალიზაციის გატარებებს. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის თანხა შეადგენს 1 247 177 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 31 979 ლარს. შესაბამისად, შემოწმების შედეგად 2023 და 2024 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი ავტონაწილებზე 16% და ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე კატეგორიების შესაბამისად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დღგ-ის დარიცხვა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა (შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად) განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ საქონლის იმპორტი ხორცილედება ჩინეთიდან. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და საბაჟოზე წარდგენილი ინვოისების შედარების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ უცხოური კომპანიებისთვის გადახდილი თანხები აღემატება ინვოისებში დაფიქსირებულ თანხებს. გადამხდელი განმარტავს, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ნაწილი თანხით შპს „----------“-ის დავალიანება დაფარა სხვა ჩინური კომპანიის მიმართ. წარმოდგენილია ურთიერთშედარება, ხოლო დარჩენილ თანხაზე დოკუმენტური დასაბუთება არაა წარმოდგენილი. შემოწმების მიერ შესაბამის დოკუმენტებზე მეტი ოდენობით თანხები ჩაითვალა უცხოელ მომწოდებლებზე, არარეზიდენტებზე, გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით პერიოდის ბოლოს.
გადამხდელის არგუმენტთან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე (ინვოისი) მეტი ოდენობით გადახდილი თანხები შემოწმებით დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად, რაც საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ფასნამატის ოდენობას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს, ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე (ინვოისი) მეტი ოდენობით გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ავტომობილების ნაწილებისა და აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია (მანამდე ახდენდა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ჩანთების რეალიზაციას). გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას საბუღალტრო პროგრამა ფინაში, სადაც საცალოდ საქონელს ჩამოწერს ჯამურად თვის ჭრილში, ასევე საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკები არც თარიღით და არც თანხობრივად არ ედრება პროგრამულად რეალიზაციის გატარებებს. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის თანხა შეადგენს 1 247 177 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 31 979 ლარს. შესაბამისად, შემოწმების შედეგად 2023 და 2024 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი ავტონაწილებზე 16% და ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე კატეგორიების შესაბამისად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დღგ-ის დარიცხვა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა (შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად) განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
2. გადამხდელის მიერ საქონლის იმპორტი ხორცილედება ჩინეთიდან. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და საბაჟოზე წარდგენილი ინვოისების შედარების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ უცხოური კომპანიებისთვის გადახდილი თანხები აღემატება ინვოისებში დაფიქსირებულ თანხებს. გადამხდელი განმარტავს, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ნაწილი თანხით მომჩივანის დავალიანება დაფარა სხვა ჩინური კომპანიის მიმართ. წარმოდგენილია ურთიერთშედარება, ხოლო დარჩენილ თანხაზე დოკუმენტური დასაბუთება არაა წარმოდგენილი. შემოწმების მიერ შესაბამის დოკუმენტებზე მეტი ოდენობით თანხები ჩაითვალა უცხოელ მომწოდებლებზე, არარეზიდენტებზე, გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით პერიოდის ბოლოს. გადამხდელის არგუმენტთან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე (ინვოისი) მეტი ოდენობით გადახდილი თანხები შემოწმებით დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად, რაც საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.