ბრძანება N 8337-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 18.03.2020
№ დოკუმენტი 8337-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 8337

18/03/2020

სს -----

(მის: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა სს ----- ს საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის N094-296 საგადასახადო მოთხოვნას.აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 05 მარტის სხდომაზე (ოქმი N13).

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული სადავო საკითხი:

ფულადი გზავნილები:

ბანკის მიერ არარეზიდენტისთვის გადარიცხული თანხა მიჩნეული იქნა არარეზიდენტის მომსახურებისთვის გადახდილ საკომპენსაციო თანხად, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას. გადამხდელი განმარტავს, რომ რეალურად, მომხმარებელს სწრაფი გზავნილის მომსახურებას უწევს --------ი, ხოლო --------ს მომსახურებას უწევს სს ----- და ამ მომსახურებისთვის იღებს კომპენსაციის თანხას. ანალოგიური შემთხვევაა სხვა პროვაიდერებთანაც.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის სადავო საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივნისის N14535 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 31 დეკემბერს გამოსცა N47686 ბრძანება და ამავე თარიღის N094-296 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2472323.7 ლარი, მათ შორის გადასახადი 1175620 ლარი, ჯარიმა 576226 ლარი და საურავი 720477.7 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

სს ----- და არარეზიდენტ კომპანიებს (,,-----’’, ,,-----’’ და სხვა) შორის დადებულია ხელშეკრულება ფიზიკური პირების მიერ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გადარიცხვის, განაღდების ან/და ანგარიშსწორების პროცესის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს არარეზიდენტი კომპანიების მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფით, სადაც ხდება ფულადი გზავნილების ტრანზაქციების აღრიცხვა ანგარიშგება. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განსაზღვრულია საკომისიო ტარიფები ფულად გზავნილების გაგზავნა/განაღდებისთვის, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს არარეზიდენტი კომპანია, გადარიცხვის ტრანზაქციისათვის კლიენტის მიერ გადახდილი საკომისიო გადარიცხვის მონაწილე მხარეებს შორის ნაწილდება შემდეგი პრინციპით:

ა) გამგზავნის საკომისიო

ბ) არარეზიდენტი კომპანიის საკომისიო

გ) ფულადი გზავნილის განაღდების საკომისიო

ბანკი, ფულადი გზავნილის განხორციელების შედეგად, კლიენტის მიერ მიღებული საკომისიოდან შემოსავლად აღიარებს მხოლოდ მის კუთვნილ საკომისიო „გამგზავნის საკომისიო“ თანხას, ხოლო დანარჩენ ნაწილს განიხილავს როგორც არარეზიდენტი კომპანიის მიერ ფ/პ-სათვის გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხად. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი განმარტავს იმ საქმიანობის ჩამონათვალს, რომელიც ნებადართულია საქრთველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებისათვის. ამავე მუხლის ,,ი3’’ ქვეპუნქტის თანახმად, კომერციულ ბანკს უფლება აქვს განხორციელოს საგადახდო მომსახურება. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 13-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადახდო მომსახურება არის ფულადი გზავნილების განხორციელება. ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ფულადი გზავნილების შესახებ, ხოლო დეტალური ინფორმაცია მომსახურების პირობებზე გაწერილია არარეზიდენტი კომპანიების ოფიციალურ ვებ გვერდზე, წესები და პირობები: „ფულადი გზავნილის ბრძანების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებით და მასზე თანხმობით, გამგზავნი ავალებს ბანკს, განახორციელოს კონკრეტული თანხის გადარიცხვა. ყოველი ინდივიდუალური ფულადი გზავნილის ბრძანება წარმოადგენს ცალკე ხელშეკრულებას ბანკსა და გამგზავნს შორის“ დავალების მიღების საფუძველზე თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ბანკი ახორციელებს აღნიშნულ ტრანზაქციას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმება მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბანკი ეწევა ფ/პ-ისათვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევას და ფ/პ-ის მიერ გადახდილი საკომისო თანხა, სრულად წარმოადგენს ბანკის შემოსავალს, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის, ბანკის მიერ არარეზიდენტი კომპანიებზე გადახდილი თანხა, წარმოადგენს ამ მომსახურების განხორციელებისათვის გაწეულ ხარჯს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არარეზიდენტი კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას გამოქვითვების გარეშე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე თანახმად ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა დამატებით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის შედეგად გამოწვეული ხარჯი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება.

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურება არის ფულადი გზავნილების განხორციელება.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტით ფულადი გზავნილი განმარტებულია, როგორც საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელის მიერ ფულადი სახსრების გადახდის ოპერაცია გადამხდელის სახელსა და მიმღების სახელზე ანგარიშების გახსნის გარეშე ხორციელდება და ფულადი სახსრები გადაეცემა უშუალოდ მიმღებს ან მიმღების სახელით მოქმედ სხვა პროვაიდერს მიმღებისათვის გადასაცემად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ წარმოებულ ფასიან ქაღალდებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი აგრეთვე მოიცავს ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფინანსურ მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება, მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის მომსახურება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება, არეზიდენტი საწარმოდან ან საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებიდან მართვისათვის, აგრეთვე საფინანსო ან/და სადაზღვევო მომსახურებისათვის (გადაზღვევის მომსახურების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთით: ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქმეში არსებული მასალებითა და ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ სს ----- სა და არარეზიდენტ კომპანიებს შორის დადებულია ხელშეკრულება ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გადარიცხვის, განაღდების ან/და ანგარიშსწორების შესახებ. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, განსაზღვრულია საკომისიო ტარიფები ფულადი გზავნილების გაგზავნა/განაღდებისთვის, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს არარეზიდენტი კომპანია. გადარიცხვის ტრანზაქციისთვის კლიენტის მიერ გადახდილი საკომისიო თანხა, გადარიცხვის მონაწილე მხარეებს შორის ნაწილდება შემდეგი პრინციპით: 1. გამგზავნის საკომისიო; 2. არარეზიდენტი კომპანიის საკომისიო; 3. ფულადი გზავნილის განაღდების საკომისიო. ბანკი, ფულადი გზავნილების განხორციელების შედეგად კლიენტისაგან მიღებულ საკომისიოდან აღიარებს მხოლოდ მის კუთვნილ საკომისიო თანხას, ხოლო დანარჩენ ნაწილს განიხილავს არარეზიდენტი კომპანიის მიერ ფიზიკური პირისათვის გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხად.

ამასთან, ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ფულადი გზავნილების შესახებ, სადაც აღწერილია მომსახურების ტარიფები და ზოგადი ინფორმაცია, ხოლო დეტალური ინფორმაცია მომსახურების პირობებზე გაწერილია არარეზიდენტი კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშნული წესების მიხედვით, ფულადი გზავნილის ბრძანების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებით და მასზე თანხმობით, გამგზავნი ავალებს ბანკს, განახორციელოს კონკრეტული თანხის გადარიცხვა. დავალების მიღების საფუძველზე, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ბანკი ახორციელებს აღნიშნულ ტრანზაქციას.

საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები, შემოწმების აქტში მიუთითებენ, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს არარეზიდენტი კომპანიების მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფით, რაც არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებას, რამდენადაც ხელშეკრულებით ბანკი არ არის პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების მიმღები და ბანკს მომსახურებას არ უწევს საერთაშორისო ფულადი გზავნილების არცერთი სისტემა. პირიქით, ბანკი, თავად უწევს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემას ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ მომსახურებას, რისთვისაც იღებს კომპენსაციას სისტემიდან. აღნიშნულს ცხადყოფს ბანკსა და ფულადი გზავნილების სისტემებთან გაფორმებული კონტრაქტები.

ამასთან, შემმოწმებლები, აქტში მიუთითებენ, რომ ფიზიკური პირის მიერ გადახდილი თანხა სრულად წარმოადგენს ბანკის შემოსავალს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებსა და ბანკსა და საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემებს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებს. გზავნილის გაგზავნის/განაღდების ოპერაციისას კლიენტი საკომისიოს უხდის ფულადი გზავნილების სისტემას, რადგან ყოველი ინდივიდუალური ფულადი გზავნილის ოპერაციის ინიცირებისას გარიგება ხდება საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემასა და მომხმარებელს შორის. ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საკომისიო სრულად წარმოადგენს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემის შემოსავალს, ხოლო ამ საკომისიოდან ნაწილს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა უხდის ბანკს გზავნილის ოპერაციის საბანკო სისტემაში გატარებისა და დამუშავებისათვის.

აღსანიშნავია, ასევე ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემული პოზიცია ვრცელდება მხოლოდ საქართველოდან განხორციელებულ გზავნილებზე. იმ პირობებში, როცა ბანკი შემოსავალს საერთაშორისო ფულადი გზავნილის სისტემიდან იღებს როგორც საქართველოდან გაგზავნილ, ასევე საქართველოში გამოგზავნილი ფულადი გზავნილების დავალების დამუშავებიდან. შესაბამისად, გაურკვეველია, რა ლოგიკით მოხდა დიფერენციაცია, ვინაიდან, ორივე შემთხვევაში გზავნილის აღრიცხვა ხდება საერთაშორისო ფულადი გზავნილის სისტემების პროგრამული უზრუნვეყოფით და ორივე შემთხვევაში, ბანკი იღებს გარკვეულ საკომისიო თანხას. არარეზიდენტი კომპანია შემოსავალს არ იღებს ბანკიდან, ბანკი არ არის გადახდის წყარო და აღნიშნული შემოსავალი არ ექვემდებარება დაბეგვრას წყაროსთან და ბანკის საგადასახადო აგენტად მიჩნევა და მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულების დაკისრება არამართლზომიერია.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საკითხის ზეპირი განხილვისას გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებითა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ სადავო შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ბანკის მიერ ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გაწევის ფაქტი, ბანკსა და საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რომ კლიენტი (ფიზიკური პირი) ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევისთვის სრულ საკომისიო თანხას უხდის სს ----- ს და აღნიშნული საკომისიო თანხა სრულად წარმოადგენს ბანკის შემოსავალს, ხოლო აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის, ბანკის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ამ მომსახურების განხორციელებისთვის გაწეულ ხარჯს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს ზემოაღნიშნულის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ბანკის მიერ ფიზიკური პირებისთვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევის და აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ გადახდილი სრული საკომისიო თანხის ბანკის შემოსავლად განხილვის, ხოლო ამ მომსახურების გაწევისთვის, ბანკის მიერ არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შედეგად დაკისრებული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

ბანკი არ ეთანხმება არარეზიდენტისთვის გადარიცხული თანხის მიჩნევას არარეზიდენტის მომსახურებისთვის გადახდილ საკომპენსაციო თანხად და გადახდის წყაროსთან დაკავებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელს არარეზიდენტ კომპანიებთან დადებული აქვს ხელშეკრულება ფიზიკური პირების მიერ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გადარიცხვის, განაღდების ან/და ანგარიშსწორების პროცესის შესახებ. ბანკი, კლიენტის მიერ მიღებული საკომისიოდან შემოსავლად აღიარებს მხოლოდ მის კუთვნილ საკომისიო „გამგზავნის საკომისიო“ თანხას, ხოლო დანარჩენ ნაწილს განიხილავს როგორც არარეზიდენტი კომპანიის მიერ ფ/პ-სათვის გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხად. შემოწმებამ მიიჩნია, რომ ბანკი ეწევა ფ/პ-ისათვის ფულადი გზავნილის მომსახურების გაწევას და ფ/პ-ის მიერ გადახდილი საკომისო თანხა, სრულად წარმოადგენს ბანკის შემოსავალს, ხოლო ბანკის მიერ არარეზიდენტი კომპანიებზე გადახდილი თანხა, წარმოადგენს ამ მომსახურების განხორციელებისათვის გაწეულ ხარჯს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არარეზიდენტი კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი სსკ-ს 104-ე მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და ექვემდებარება დაბეგვრას სსკ-ს 134-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არ დასტურდება ბანკის მიერ ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გაწევის ფაქტი, და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უზრუნველყოს ზემოაღნიშნულის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 14(1,,პ“); 100; 104(1,,ო); 105; 134(1); 154(1,,გ“)

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი