გადაწყვეტილება №19788/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19788/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19788/2/2023

20.07. 2023

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---- --------------ი (ს/ნ ------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- -----------ის 26.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19788/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7677 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №000-114 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10777 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 408.15 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა.

მომჩივანი 25.10.2022 წელს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 25.10.2022-17.03.2023 წლების პერიოდში. 17.03.2023 წელს გადამხდელმა წარადგინა №ID12352775 განაცხადი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 28.03.2023 წლის №011-87 სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 408.15 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7677 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა და მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებაზე, ვინაიდან პირს ოქმის შედგენამდე წარმოდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.05.2023 წლის №10777 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 11.04.2022 წლის N9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7677 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელი ვაჭრობს როგორც დღგ-ით დასაბეგრი საქონელით, ასევე ქართული წარმოების დღგსგან განთავისუფლებული საქონელით. ინფორმაციის არ ქონის გამო, სრული ბრუნვა დაითვალა და მის საფუძველზე დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად, მაშინ როდესაც არ ეკუთვნოდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. როდესაც ეს აღმოაჩინა უკვე დარეგისტრირებული იყო და ვერ მოახდენდა რეგისტრაციის გაუქმებას, თანხაც იყო სრული ნავაჭრის თანხა და არა მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა.

მარტში გაიგო, რომ 100 000 ლარზე ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, დადგენილ 100 000 ლარიან ზღვარს რომ გადასცდა გააგზავნა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნა. გაიარა კონსულტაცია კომპეტენტურ პირთან და აღმოაჩინა რომ ქართული წარმოების პროდუქცია განთავისუფლებულია დღგ-ისგან, აღმოჩნდა, რომ დადგენილ ზღვარს არ იყო გადაცილებული. ვეღარ შეძლო რეგისტრაციის გაუქმება.

დარეკა შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე და ოპერატორმა განუმარტა, რომ ერთი თვის განმავლობაში შეძლებდა გაეუქმებინა დღგ-ის გადამხდელის სტატუსი თუ არ ქონდა დეკლარაციები გაგზავნილი. მან აღარ გაგზავნა დეკლარაციები და მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით რეგისტრაციის გაუქმებაზე. როდესაც მიუვიდა საგადასახადო მოთხოვნა, დარეკა ოპერატორთან, რომელმაც მოახსენა, რომ შეუძლებელი იყო რეგისტრაციის გაუქმება. შემდგომ, დაგვიანებით გაგზავნა დეკლარაციები.

დეკლარაციები გაგზავნილია 28 მარტს, გადაწყვეტილებაში უარის მიზეზად წერია რომ 28 იანვრამდე არ იყო გაგზავნილი დეკლარაციები, 28 იანვარს ფიზიკურად ვერ გაგზავნიდა, რადგან მარტში მოხდა ყველა აღნიშნული ოპერაცია.

იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდა შესაბამისი განათლება და არცოდნით დარეგისტრირდა სავალდებულო მოთხოვნით გადამხდელად, ითხოვს აღნიშნული ჯარიმის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით:

1. თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 7.06.2023 წლის №53803-21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 07.04.2023 წლის №7677 ბრძანებით დავალებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე წარდგენილი არაა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები, მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მომჩივნის ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი. 13.04.2023 წლის №011-87/2 ბრძანებით დარიცხული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი.

მომჩივნის განმარტებით დეკლარაციები გაგზავნილია 28 მარტს, გადაწყვეტილებაში უარის მიზეზად წერია რომ 28 იანვრამდე არ იყო გაგზავნილი დეკლარაციები, 28 იანვარს ფიზიკურად ვერ გაგზავნიდა, რადგან მარტში მოხდა ყველა აღნიშნული ოპერაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 7.04.2023 წლის №7677 ბრძანება და შესაბამისად მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომსახურების დეპარტამენტს უნდა დევალოს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10777 ბრძანება;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №7677 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №7677 ბრძანებით დავალებული შემოსავლების სამსახურის უფროსის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე წარდგენილი არაა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები, მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მომჩივნის ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი. №011-87/2 ბრძანებით დარიცხული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის №7677 ბრძანება და შესაბამისად მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომსახურების დეპარტამენტს უნდა დევალოს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165(1,2); 1651(1,3 „გ“ 7); 168(1); 269(7); 282(1); 302(6); 304(21);