ბრძანება N 4962

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 4962
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4962

15.03.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 28 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვლის №18726/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №76830/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი ნოემბრის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერს 17:14:04 საათზე განცხადებით (ID: ----------, შტრიხკოდი:----------) ელექტრონული წესით მიმართა შემოსავლების სამსახურის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, რომელიც განთავსებული იყო ქ. ---------- ში, რაზეც 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება №სმფ-4169. აღნიშნული განცხადების პასუხი ბიზნეს ოპერატორმა მიიღო 2022 წლის პირველ ნოემბერს 16:03:54 საათზე. 2022 წლის 26 ოქტომბერს ატვირთულ განცხადებაზე (ID: ----------, შტრიხკოდი: ----------) თანდართული ფაილში მითითებული ჩამოსაწერი პროდუქციის თანხა შეადგენდა 16617.213 (თექვსმეტიათას ექვსას ჩვიდმეტი ლარი და 213 თეთრი) ლარს. აღნიშნულ განცხადებაზე არ მომხდარა თანხის გადახდა, რადგან დაფიქსირდა შეცდომა და 10 წუთის შემდგომ, 2022 წლის 26 ოქტომბერს 17:24:28 საათზე აიტვირთა ახალი განცხადება (ID: ----------, შტრიხკოდი: ----------) იდენტური რაოდენობისა და დასახელების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ (აღიშნული დასტურდება ატვირთული ფაილების შემოწმებით).

განახლებული განცხადების თანდართულ ფაილში მითითებული ჩამოსაწერი პროდუქციის თანხა შეადგენდა 16680.084 (თექვსმეტიათას ექვსას ჩვიდმეტი ლარი და 213 თეთრი) ლარს. განცხადებაზე გადახდილი იქნა მომსახურების საფასური 20 (ოცი) ლარი. განცხადებებისთვის თანდართულ ფაილებში მითითებული ჩამოსაწერი პროდუქციის ღირებულებებს შორის სხვაობას წარმოადგენს 62.871 (სამოცდაორი ლარი და 871 თეთრი) ლარი. განცხადების ხელახლა ატვირთვა გამოიწვია იმან, რომ ბიზნეს ოპერატორი მიზანს წარმოადგენს ყოველთვის სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს. 2022 წლის 28 ოქტომბერს ხელმეორედ ატვირთულ განცხადებაზეც გამოიცა ბრძანება Nსმფ-4163, რომელიც ბიზნეს ოპერატორს გაეგზავნა 2022 წლის 28 ოქტომბერს 09:51:20 საათზე და ამავე დღეს შემოსავლების სამსახურის წარმოადგენლების შემოწმების შემდგომ მოხდა პროდუქციის განადგურება/ჩამოწერა. საზოგადოების მთავარმა ბუღალტერმა ვის მიერაც მოხდა განცხადებების ატვირთვა, 2022 წელს 27 ოქტომბერს კომუნიკატორის მეშვეობით შემოსავლების სამსახურს მისწერა №133023 წერილი, სადაც დაწვრილებით აღწერდა სიტუაციას, თუ რა მოხდა და ითხოვდა, რომ მომხდარიყო 2022 წლის 26 ოქტომბერს ატვირთული განცხადების (ID: ----------, შტრიხკოდი: ----------) გაუქმება. ამასთანავე წარმოადგინა დოკუმენტები რაც ადასტურებდა რომ ორი იდენტური განცხადებიდან ერთის მომსახურების საფასური გადახდილია, ხოლო მეორე განცხადების, რომლის გაუქმებაც იქნა მოთხოვნილი, არ იყო.

არაერთი განცხადებისა, საჩივრისა და სატელეფონო საუბრის მიუხედავად 2022 წლის პირველ ნოემბერს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კვლავ გამოცხადდნენ ბიზნეს ოპერატორთან. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო/უნდა ყოფილიყო არსებული მდგომარეობა, მოითხოვეს მათივე თანამშრომელბის წინაშე უკვე ჩაოწერილი/განადგურებული პროდუქციის ხელახლა ჩამოწერა/განადგურება, რაც შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი და იმავე პროდუქციის ორჯერ ჩამოწერა/განადგურება შეუძლებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID:---------- ელექტრონული განაცხადით მიმართა შპს „----------“ (ს/ნ ----------), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოცემული იქნა №სმფ-4169 ბრძანება, რომლის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს 2022 წლის 31 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის ჩათვლით დაევალა შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.

2022 წლის პირველ ნოემბერს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილზე (------), სადაც გადამხდელის მიერ წარმოდგენილმა მინდობილმა პირმა ჩაიბარა ბრძანება, მას ასევე განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ კომპანიამ ვერ წარმოადგინა დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად. საერთო ჯამში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 16617.21 ლარი.

აღნიშნულზე შედგენილი იქნა №CB1409561 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 16617.21 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 28 ნოემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №76830/1/2022 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №111 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი ნოემბრის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 იანვრის №111 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 26 იანვარს №18726/2/2023 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მომჩივნის მიერ წარდგენილია ორი განაცხადი. ორივე განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, რაზეც გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ოქტომბრის №სმფ-4169 და №სმფ-4163 ბრძანებები. 2022 წლის პირველ ნოემბერს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, შედეგად ჩამოწერას დაექვემდებარა 16680.08 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (განაცხადი ID:----------), ხოლო ID:---------- განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლომატერიალური ფასეულობები კომპანიამ ვერ წარადგინა. ვინაიდან მეორე განცხადების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერის პროცედურით საქონელი უკვე ჩამოწერილი იყო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განცხადებაში (ID:---------- მითითებული საქონელი მიჩნეულია, როგორც დანაკლისი და შედგენილია სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

ამასთან, საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომლის თანახმად, დოკუმენტის წარდგენიდან 10 წუთის შუალედში, რაც საჭირო იყო კომუნიკატორში მიწერისა და ახალი დოკუმენტის ატვირთვისათვის, უკვე არსებობდა ახალი განცხადება და მიწოდებული იყო ინფორმაცია წინა მოთხოვნის გაუქმების შესახებ. კომპანიას არ განუხორციელებია არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ატვირთულ ფაილებში თანხის სხვაობა შეადგენდა 62.87 ლარს, რაც გამოწვეული იყო პროდუქციის ღირებულების თანხების დამრგვალებით. კომპანია არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, არსებული ტექნიკური საშუალება არ იძლევა შესაძლებლობას დაუყოვნებლივ იქნას გასწორებული ნებისმიერი სახის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული არ არის. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელი იყო აღნიშნული მოქმედების სხვაგვარად გამოსწორება. კომპანიის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, მიაწოდა ინფორმაცია და ამის მიუხედავად არავითარი უკუკავშირი/რეაგირება არ ჰქონია ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ მომხდარიყო არსებული ხარვეზის გასწორება.

საბჭო ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18314/2/2022 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განხილულია მომჩივნის მიერ წარდგენილი 2022 წლის 28 ნოემბრის საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ოქტომბრის №სმფ-4169 ბრძანებაზე და მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18314/2/2022 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 13 მარტის N4767 ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ 2022 წლის 28 ოქტომბრის №სმფ-4169 ბრძანება ცნობილ იქნა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის პირველი ნოემბრის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, განცხადებების გვერდზე ატვირთა ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტი, რომელიც დაასრულა, მაგრამ მომსახურების თანხა 20 ლარი არ გადაუხდია. კომპანიამ აღმოაჩინა, დოკუმენტში პროდუქციის ღირებულება იყო შეცდომით. აღნიშნულიდან გამომდინარე ატვირთა სწორი განცხადება, სადაც სწორად იყო მითითებული თანხები. ამ უკანასკნელზე მოხდა მომსახურების საფასურის 20 ლარის გადახდა. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა რომ კომპანიამ ვერ წარადგინა დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად.

აღნიშნულ ფაქტზე კომპანიას საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია - ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 13 მარტის N4767 ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ 2022 წლის 28 ოქტომბრის №სმფ-4169 ბრძანება ცნობილ იქნა მართლზომიერად. სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის პირველი ნოემბრის №CB1409561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:145 (6 ,7); 269 (7); 270 (1), 279 (3).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება