ბრძანება N 5620

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 22.03.2023
№ დოკუმენტი 5620
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5620

22.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ---------- ;

იურ. მის.: ---------- )

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №78474/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №021-224 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №021-224 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე, ვინაიდან შემოწმება ჩატარებული იყო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, თუმცა საწარმოს ლიკვიდაციის პერიოდი შეწყვეტილ იქნა.

მიუთითებს, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს დაინიშნა საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელმაც მოიცვა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 25 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში საწარმოს ძირითადი საშუალებები ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა შესაბამისად. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ შპს „----------“ მიერ 2022 წლის 14 აპრილს ხელახლა იყო შეტანილი განცხადება ლიკვიდაციის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ჩატარდა შემოწმება 2021 წლის 25 აგვისტოდან 2022 წლის 2 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე. მითითებული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელის კუთვნილი ძირითადი საშუალების (მდებარე ---------- ) მიწოდება ხელახლა იქნა დაბეგრილი.

აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს დანიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გადამხდელის მიერ გადახდილ იქნა. თუმცა რეალიზებულად განხილული ძირითადი საშუალების დამფუძნებელზე გადაფორმება ვერ განხორციელდა სხვადასხვა გარემოებების გამო. ამასთან, მიმდინარე პერიოდში შეიცვალა საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, რომლის გამოც, კვლავ გაჭიანურდა ქონების გადაფორმების საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს მიაჩნია, რომ მეწარმე ამ გაურკვევლობის გამო არ უნდა დაზარალდეს. აცხადებს, რომ აღნიშნული მომენტიდან საწარმო აღარ ფლობდა ქონებას, შესაბამისად, შემდგომ პერიოდში აღნიშნული ქონების მესაკუთრედ შპს „----------“ მიჩნევა და საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არასწორია.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახდის გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 აგვისტოს №27610 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 27 დეკემბრის №40896 ბრძანება და ამავე თარიღის №021-224 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 79 716 ლარი, მათ შორის, გადასახადი 74 999 ლარი, ჯარიმა 475 ლარი, საურავი 4 242 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

- შპს „----------“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად ძირითადი საშუალებები, რომლებიც ჩაითვალა რეალიზებულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განხილული იქნა დივიდენდად. ქონების ღირებულება საბაზრო ფასით შეადგენს 185 225 ლარს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

- ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად დივიდენდად განხილული ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის ნაწილის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. (194973.7/0.85). დაერიცხა მოგების გადასახადი.

- შემოწმების ბრძანების თანახმად ჩატარდა გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალება, (შენობა), ჩაითვალა, საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით. საბაზრო ფასი განისაზღვრა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, რომელიც შედგენილია აუდიტორული კომპანიის შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ, 185 225 ლარით. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, 2021 წლის 27 დეკემბერს დანიშნულმა ლიკვიდაციასთან დაკავშირებულმა შემოწმებამ მოიცვა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში საწარმოს ძირითადი საშუალებები ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ რეალურად იმ პერიოდში შეწყდა ლიკვიდაციის პროცესი, ხოლო, შპს „----------“ მიერ 2022 წლის 14 აპრილს ხელახლა იყო შეტანილი განცხადება ლიკვიდაციის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ჩატარდა შემოწმება 2021 წლის 25 აგვისტოდან 2022 წლის 2 მაისის ჩათვლით საანაგრიშო პერიოდებზე. მითითებული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელის კუთვნილი ძირითადი საშუალების (მდებარე ----------, (ს/კ ----------) რელიზაცია ხელახლა იქნა დაბეგრილი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს შეტანილია განცხადება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა 2022 წლის 18 მარტს გადამხდელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მითითებული პროცესის შეწყევტა, შესაბამისად რეესტრის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია დაშლილი საზოგადოების არსებობის გაგრძელება.

ამასთან, დგინდება, რომ 2022 წლის 14 აპრილს გადამხდელმა ხელახლა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მოთხოვნით. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 მაისის №11141 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 25 აგვისტოდან 2022 წლის 2 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 8 ივლისის №17922 ბრძანება და 11 ივლისის №021-63 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული შემოწმების ფარგლებში, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების გაქირავება. (მდებარე ----------, (ს/კ ----------). ამასთან, 2022 წლის 30 მარტს ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხდევითაც შპს „----------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ----------., (ს/კ ----------) რეალიზაცია მოახდინა დამფუძნებელზე - "----------"-ზე 185 225 ლარად. აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებულია 2021 წლის 17 სექტემბერს შპს „----------“ მიერ 185 225 ლარად (59 750 აშშ დოლარი). გადამხდელის საბუღალტრო პროგრამაში 2022 წლის 30 აპრილს შემოსულია სალაროში 185 225 ლარი (უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა), რომელიც იმავე დღეს გაიტანა დამფუძნებელმა დივიდენდის სახით. ხოლო შემოწმებით, მითითებულ ოპერაციასთან მიმართებით განსაზღვრულია საგადასახადო ვალდებულებები.

წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის დაწყება, ვინაიდან საჩივარში მითითებული და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ისეთი გარემოებებია, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.

ლიკვიდაციის საფუძვლით ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის 2021 წლის 9 აგვისტოს განცხადების საფუძველზე მიღებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 აგვისტოს №B21081051/3 გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 აგვისტოს №27610 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შემოწმებით დადგინდა, რომ ლიკვიდაციის თარიღისათვის საწარმოს საკუთრებაში ერიცხებოდა უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ფასი განისაზღვრა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, რომელიც შედგენილია აუდიტორული კომპანიის შპს „----------“ მიერ (ს/ნ ----------) მიერ, 185 225 ლარით. შემოწმებით აღნიშნული ქონება ჩაითვალა მოგების განაწილებად და ოპერაცია დაიბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნული დივიდენდი ასევე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით. ხოლო, დღგ-ის მიზნებისთვის საწარმოს საკუთრებაში რიცხული ქონება საბაზრო ღირებულებით ჩაითვალა მიწოდებად ლიკვიდაციის თარიღისათვის.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, აგრეთვე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 18 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა დაშლილი საზოგადოების არსებობის გაგრძელება. აღნიშნულზე მიღებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 მარტის №B22029797/7 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. შესაბამისად რეგისტრირებულ იქნა დაშლილი საზოგადოების არსებობის გაგრძელება.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას და მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 მარტის №B22029797/7 გადაწყვეტილებით შეწყდა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი. აგრეთვე, დგინდება, რომ 2022 წლის 30 მარტს ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხდევითაც შპს „----------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ----------., (ს/კ ----------) რეალიზაცია მოახდინა დამფუძნებელზე - "----------"-ზე 185 225 ლარად. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდამდე უძრავი ქონება ირიცხებოდა საწარმოს საკუთრებაში. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ლიკვიდაციის საფუძვლით საგადასახადო შემოწმების მიერ საწარმოს საკუთრებაში რიცხული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არამართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ლიკვიდაციის საფუძვლით, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.