გადაწყვეტილება №25705/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25705/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 22.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25705/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №27355 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №001-244 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №001-95 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18146 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 318 053.23 ლარი (11.06.2025 წლის №001-95 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 151 652
ჯარიმა - 75 826
საურავი - 90 575.23
დარიცხული თანხა: 305 741.12 ლარი (26.12.2024 წლის №001-244 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 151 652
ჯარიმა - 75 826
საურავი - 78 263.12
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარემონტო სამუშაოების შესრულება.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2024 წლის №25630 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 23.04.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელი სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო სამუშაოების შესრულება. კერძოდ, კედლებისა და გარე ფასადის ლესვა გიპერის აპარატის მეშვეობით, სამღებრო სამუშაოები, ბლოკის წყობის მომსახურება, სარტყელების ჩასხმა, ფილების დაგება, თაბაშირ-მუყაოს ფილების მოწყობის სამუშაოები, კარების ჩასმის მომსახურება და სხვა. სამუშაოების დამკვეთია შპს „--------“ (ს/ნ „--------“) და შპს „-------“ (ს/ნ „--------“). შემოწმების პროცესში შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და მცირე მეწარმის საქმიანობა. დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დამკვეთებისთვის გაწეულია 1 535 426 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე, ხოლო მის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირება არ განხორციელებულა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ მცირე მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მომსახურების მიწოდება ხდებოდა დაქირავებული მუშახელის მეშვეობით.
შემოწმების შედეგად შესწავლილია ანალოგიურ საქმიანობის კომპანიების მიერ საქმიანობის ფარგლებში მიღებული მოგების მარჟა, რომელმაც შეადგინა 20%. აქედან გამომდინარე, მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯი (შეძენილი მასალები, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, გაცემული ნაჩვენები ხელფასი) და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №27355 ბრძანება და ამავე თარიღის №001-244 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ერთობლივი შემოსავლიდან თანხის ნაწილის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციასა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მესამე მხარისაგან წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანება არ გასაჩივრებულა, აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, მესამე პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე, მეწარმის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნა-განმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადაცემაზე. შემოწმებისთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №12133 ბრძანება და ამავე თარიღის №001-95 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.12.2024 წლის №001-244 საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18146 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2025 წლის №001-95 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო 26.12.2024 წლის №001-244 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18146 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც გადაანგარიშების ეტაპზე მეწარმის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირის ახსნა-განმარტება, რომელთა გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებასთან მიმართებით. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მესამე პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. დასკვნით ირკვევა, რომ მეწარმის მიერ ობიექტზე შესვლაგამოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებოდნენ აღნიშნულის გადაცემაზე. შემოწმებისთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ სამი პირის ახსნა-განმარტება, რომელთა გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში, ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით არ წარადგინა ინფორმაცია, ამასთან, საჩივარში გადასახადის გადამხდელი ადასტურებს, რომ შემოწმებას ვერ წარუდგინა მთელი რიგი დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენაც შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანებით ევალებოდა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №001-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მეწარმის მიერ 24.01.2025 წელს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №001-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ითხოვდა აუდიტორებთან შეხვედრის ორგანიზებას, სადაც დეტალურად მოხდა ოპერაციების გავლა, შეთანხმდნენრატიპის დოკუმენტებიუნდა მიეწოდებინა მათთვის მესამე პირებისგან, ასევე რა ნაწილის წარდგენა იქნებოდა რთული, რადგან იგი იყო დამკვეთის (მესამე ან მეოთხე პირების) შიდა ინფორმაცია და არ იქნებოდა მარტივი აღნიშნულის გაზიარებაზე დათანხმება (საკითხი ეხებოდა მშენებლობაზე შესული პირების სრული რეესტრის წარდგენას). შეხვედრაზე აუდიტორების მხრიდან იყო საქმიანად საკითხების განხილვა და ძალიან დადებითად დასრულდა შეხვედრა. მის მიერ განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად მიწოდება რამდენიმე დღეში (გარდა ზემოთ აღნიშნული ინფორმაციისა მესამე და მეოთხე პირებისგან):
1. მცირე მეწარმესა და შპს „--------“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები;
2. დამკვეთებსა და შპს „--------“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები;
3. შესაბამისი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები;
4. შპს „--------“-ს დამკვეთებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარდგენილი იქნება მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე მეწარმეებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა.
მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება გართულდა, განხორციელდა მესამე პირების დირექტორების გამოკითხვაზე დაბარება, რასთან დაკავშირებითაც საბჭოზე იყო საუბარი რომ სენსიტიური მომენტია და მისგან უნდა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა. მესამე პირებთან ამ კომუნიკაციის შემდეგ, აუდიტორმა მოითხოვა მისი დამკვეთის (და არა უშუალოდ მისი) ყველა დებიტორისგან ახსნა-განმარტებები - რაც უტოპიური მოთხოვნა იყო, რადგან:
1. აუდიტის დეპარტამენტი ისეთი პირებისგან ითხოვდა ინფორმაციას, ვისთანაც საერთოდ შეხება არ ჰქონია;
2. რიგ პირებთან ურთიერთობები აღარ არსებობს და შეუძლებელია ეთანამშრომლონ;
3. მისი დამკვეთის ყველა დებიტორისგან ახსნა-განმარტების მოთხოვნა მოხდა აუდიტორების მიერ უკვე წარდგენილი ახსნა-განმარტების გამცემ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ და არა მაშინ, როდესაც ერთად გეგმავდნენ მისაწოდებელ დოკუმენტაციას;
4. ამ მოთხოვნის სირთულეზე ეცნობათ მეილით აუდიტორებს, დეტალურად რატომ იყო რთულად შესასრულებელი, თუმცა დაიწყო მუშაობა და ამ პროცესში როდესაც არგუმენტების გასაცნობად თხოვა შეხვედრა, აუდიტორებმა გამოსცეს ახალი აქტი, საიდანაც მისი შეფასებით, საერთოდ არ შეუფასებიათ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღსრულების შედეგებზე წარდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ იყო სრულად აუდიტორისგან მოთხოვნილი დოკუმენტაცია მიწოდებული. აქ ხაზგასასმელია, რომ აუდიტორის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რაც შეეხება მის სააღრიცხვო დოკუმენტაციას, სრულად იყო წარდგენილი, ხოლო მესამე და მეოთხე პირებისგან (ასევე მისთვის უცხო პირებისგან წარსადგენი დოკუმენტაცია) დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა სრულად იმისათვის, რომ შეფასებულიყო ოპერაციის შინაარსი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება ეფუძნება მცდარ დაშვებას, თითქოს აუდიტორისგან მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას მისი საგადასახადო ანგარიშგების განსახორციელებლად.
ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 23.04.2021 წელს და აღებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ამ პერიოდიდან ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რასაც აღრიცხავს და ადეკლარირებს სრულად. გამოცდილებიდან გამომდინარე, მის მიერ რეალიზაციის ოპერაციები აღრიცხულია სრულად, ყველა რეალიზაციაზე არსებობს ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და შესრულებისას გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დოკუმენტები. ძირითადი ხარჯის ოპერაციები ასევე სრულად აღრიცხულია დოკუმენტურად: გადასახადის გადამხდელს ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული აქვს ორი ძვირადღირებული ძირითადი საშუალება, რომლითაც ხორციელდებოდა მომსახურების გაწევა. მომსახურების გასაწევად ძირითადი სახარჯავი მასალები შესყიდული აქვს ელექტრონული ზედნადებების მიხედვით. ასევე, რაც მთავარ ღირებულებას ქმნიდა, გადასახადის გადამხდელს, გააჩნია ეს სპეციფიური პროფესიული ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება, ამ ძირითადი საშუალებების/დანადგარების გამოყენებით განახორციელოს მომსახურება მაღალი ხარისხით. გასათვალისწინებელია რომ მას იმ პერიოდში როდესაც დამწყებ, ახალ და ინოვაციურ მიდგომად ითვლებოდა კედლების ლესვის სამუშაოები აპარატურის მეთოდით, აქვს კეთილსინდისიერად აღრიცხული და ასახული შესაბამისი შემოსავლები და ბრუნვები, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს პატიოსან მიდგომას და განზრახვას სრულად და დროულად მოახდინოს შესაბამისი თანხების საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში ასახვა. ასევე, მის მიერ დადეკლარირებულია და გადახდილია კუთვნილი საშემოსავლო გადასახადები შესამოწმებელ პერიოდში.
გადასახადის გადამხდელმა, ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად გადაწყვიტა ფუნქციონირება განეხორციელებინა ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული ფორმით, ასევე ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიერ დადგენილი შეღავათით - მცირე ბიზნესის სტატუსით, აღნიშნული საშეღავათო ფორმა საშუალებას აძლევდა ბაზარზე დადგენილ ფასებთან თანხვედრაში და კონკურენტულ გარემოში განეხორციელებინა საქმიანობა, შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის გარეშე მოუწევდა საბაზრო ფასებთან შეუსაბამო ფასები შეეთავაზებინა დამკვეთებისთვის, რაც შეუძლებელს გახდიდა ეკონომიკურ საქმიანობას. მცირე ბიზნესის სტატუსის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ყოველთვიურად წარადგენდა მცირე ბიზნესის დეკლარაციას და დღგ-ის დეკლარაციას, შესაბამისად იხდიდა მის კუთვნილ გადასახადებს.
საჩივარს დანართის სახით ახლავს დამკვეთი კომპანიების მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების აქტები, საიდანაც დასტურდება, რომ სამუშაოებს ასრულებდა დამოუკიდებლად, რისთვისაც ჰქონდა დოკუმენტურად დადასტურებული მასალები, ძირითადი საშუალებები, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, ხოლო დამკვეთი ახორციელებდა სამუშაოებიდან გამომდინარე დამხმარეებით უზრუნველყოფას, რისი საჭიროებაც ძირითადად იყო მძიმე სამუშაოებში დახმარება და არ საჭიროებდა სპეციალიზირებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
საჩივარს ასევე, დანართის სახით ახლავს დამკვეთი კომპანიების მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტების აქტები, საიდანაც ნათლად ჩანს მის მიერ განხორციელებული სამუშაოების ღირებულება: მომსახურების ფარგლებში მის მიერ შეთავაზებული იყო ალტერნატიული მეთოდის „გიპერის აპარატით“ ლესვის სამუშაოების შესრულება, რისი ღირებულებაც ტრადიციული მეთოდით გაჯით ლესვის სამუშაოების შესრულების ანალოგიური იქნებოდა, ასევე მასთან თანამშრომლობით მნიშვნელოვნად შეუმცირდებოდათ სამუშაოებზე ჩართული თანამშრომლების რაოდენობა (დაახლოებით 8 ჯერ) და სამუშაოს ვადები შემცირდებოდა 3 ჯერ. ბიზნეს მოდელის სწორად გასაგებად - მის მიერ დამკვეთებზე შეთავაზებულ გიფსით და აპარატით ლესვის მომსახურებაში, აპარატი ძვირადღირებულია; ასევე სახარჯავი მასალა გიფსი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ტრადიციული მეთოდისას გამოყენებული მასალა - გაჯი; მისი მოგება სწორად იმ ნაწილში მდგომარეობდა, რომ მის სამუშაოებს არ ჭირდებოდა შესაბამისი სპეციალიზირებული ცოდნის თანამშრომლები და მხოლოდ სამშენებლო ობიექტზე არსებული დამხმარეებით ხორციელდებოდა სამუშაოები, დამკვეთის გადაწყვეტილებისას მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი ხარჯის ბიუჯეტი არ იზრდებოდა და ასევე, შესრულების ვადები მნიშვნელოვნად უმცირდებოდა.
არის კომპაქტური და აქვს უპირატესობა შერევის მაღალი ხარისხით წარმოებაში (რაც ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით არ საჭიროებს ზედმეტ ინფრასტრუქტურას ან დამხმარე მუშა ხელს, მისი მარტივად დაშლა შესაძლებელია სამ მოდულად, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მის ტრანსპორტირებას).
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2010 წლის 29 დეკემბერს მიღებული საქართველოს მთავრობის №415 „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ დადგენილების შესაბამისად, ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო აღნიშნულ დადგენილებაში 1.02.2025 წლიდან შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით: „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.
მისი პოზიციით, აქამდე მის მიერ განხორციელებული საქმიანობა სრულად თანხვედრაში იყო კანონმდებლობასთან და სარგებლობდი საგადასახადო კანონმდებლობის მიერ დადგენილი შეღავათით, რაც 1.02.2025 წლიდან დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით და კანონის შესაბამისად ბიზნეს ოპერირებას გადააწყობს ახალ მოდელზე. შესაბამისად უსამართლობად მიაჩნია იმ ნორმის მის მიმართ გამოყენება, რომელიც 1.02.2025 წლიდან ამოქმედდება და აქამდე ასეთ ჩანაწერს კანონმდებლობა არ იცნობდა.
საქმიანობის შემსრულებელი იყო ფიზიკური პირი, რომელიც დამოუკიდებლად, საკუთარი აპარატურით, საკუთარი მასალით და ცოდნით ახორციელებდა მომსახურების გაწევას. ამასთან, აუდიტორის მიერ გაანგარიშებული ხელფასები და დარიცხული საშემოსავლო გადასახადები ნაწილობრივ გაუგებარია (მათ შორის ბრუნვის გაანგარიშებისა და გამოქვითული ხარჯების ოდენობის/წილის ნაწილში, შემოსავლის და შემოწმების შედეგად დარიცხული ხელფასის გაანგარიშების ნაწილში და სხვ.) რა მოცემულობას და ფაქტებს ეფუძნება, ან რატო დაუშვა აუდიტორმა, რომ მთლიანი შემოსავალის 80% ხელფასებად გაიცემოდა, მცირე ბიზნესი კი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მიზერული მოგების სანაცვლოდ, თან იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მის მიერ დამოუკიდებლად განხორციელებული სამუშაოები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი წესით ესაჭიროებოდა აპარატურა და მასალები, რომელზეც არსებობს შესყიდვის დოკუმენტაცია, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იყო თანმხლები მოცულობითი ხარჯები, როგორიცაა:
ა) მანქანით გადაზიდვების წარმოება, ბ) მანქანის შეკეთება, გ) საწვავის შესყიდვა, დ) დამხმარე მასალების შესყიდვა და ა.შ., რომლის დიდ ნაწილზეც ხარჯის დოკუმენტაცია არ არის, თუმცა ხარჯის დოკუმენტაციის არ არსებობა უნდა გამართლდეს იმ არგუმენტით, რომ მისი დაბეგვრის ბაზას წარმოადგენდა არა ერთობლივ შემოსავალსა და მასთან დაკავშირებულ გამოსაქვით ხარჯებს შორის სხვაობა, არამედ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და მცირე ბიზნესის სტატუსიდან გამომდინარე არ ჰქონდა უფლება ესარგებლა გამოსაქვითი ხარჯებით, ასეთი ხარჯის დოკუმენტების შეგროვებას არ აქცევდი ყურადღებას, რადგან ხელმძღვანელობდა საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის (მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები) და მის შესაბამისად დამტკიცებული 2010 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №999 წესის მე-16 მუხლის (მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა) მიხედვით თუმცა იმ რწმენით, რომ აღნიშნული დასაბეგრი ბაზის ოდენობაზე გავლენას არ მოახდენდა და კუთვნილ გადასახადებს გადაიხდიდი პირნათლად.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ განსახილველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შემოწმებამ ვერ უზრუნველყო საგადასახდო ვალდებულებების სწორად განსაზღვრა. ამასთან, საკითხები საკმარისად არ არის დასაბუთებული. მართალია რიგ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად. მათი მხრიდან მიღებული სადავო აქტები საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია გარემოებები. მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით ამიტომ შესაძლებელი იყო მხარეს მიეღო გადაწყვეტილება მიღებული ინფორმაციების შესწავლის შედეგად. შესაბამისად, გამოცემული აქტები არსებითად არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას.
შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოიცა 6.12.2024 წელს, ხოლო შემმოწმებელმა საგადასახადო შემოწმების აქტი გამოსცა 25.12.2024 წელს. შემოწმების პერიოდში საგადასახადო აუდიტორს არ ქონდა შეხვედრა გადასახადის გადამხდელთან და მიიღო მხოლოდ აქტი, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. ასევე შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ამ შემთხვევაში საგადასახადო კონტროლისთვის საჭირო სრული დოკუმენტაცია კომპანიაში დროულად იწარმოება და ასევე ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოება სრულად დადგენილი წესის შესაბამისად (უცნაურია ის ფაქტი, რომ შემოწმების აქტში (გვ.15) მითითებულია გადასახადის გადამხდელი „არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას“, მაშინ როდესაც დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის თითქმის არ გამოვლენილა სხვაობა). აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაზე საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენება არ არის რელევანტური. ასევე, ამ შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციით სრულად და დეტალურად შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ასევე დანარჩენი კრიტერიუმებითაც არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების დაანგარიშება არ არის კანონის ნორმებთან თანხვედრაში (არც დეკლარირებული და არც შემოწმების მონაცემებით არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ არანაირი აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა, არ ფიქსირდება დეკლარირებული ზარალი, არც შემოწმებამდე პერიოდში და არც შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონია საგადასახადო სამართალდარღვევას ადგილი, არ გამოვლენილა არანაირი არსებითი სხვაობა მონაცემებს შორის). აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მიღებული შემოსავლების ხელფასად კვალიფიცირების და დაბეგვრის ნაწილზე არ არის რელევანტური.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ. მიაჩნია, რომ განსახილველ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დაუსაბუთებლად და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებული არგუმენტები არ იქნება გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი პირნათლად აღრიცხავს მის ოპერაციებს, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით ახდენს კუთვნილი გადასახადების გადახდას, ითხოვს საბჭომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
იმის გათვალისწინებით, რომ არ აპირებდა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, თვლის, რომ თუ მისი მხრიდან მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, იგი გამოწვეულია დაშვებული შეცდომით, რომ მოქმედებდა იმ რწმენით, რომ ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ მოახდენდა კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდებას, ხოლო მოტივაცია იყო ბიუჯეტისთვის არ მიეყენებინა ზარალი. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება მის ქმედებებში.
თუ სადავო საკითხებზე მისი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, როგორც კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან 75 826 ლარის ოდენობით და საურავისგან 90 575.23 ლარის ოდენობით, სანქცია ჯამში 166 401.23 ლარი სრულად მოეხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მე-3 მხარისაგან წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან); ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანება აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, მესამე პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე, მეწარმის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნა-განმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადაცემაზე. შემოწმებისთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სრულყოფილად არ არის შესწავლილი საქმის გარემოებები და მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სადავო საკითხს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული იქნა მისი მონაწილეობის გარეშე.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
ამასთან, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები მომჩივნის მიერ გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №001-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ 24.01.2025 წელს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18146 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანების აღსრულების საკითხის ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო სამუშაოების შესრულება.
შემოწმების პროცესში შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და მცირე მეწარმის საქმიანობა. დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დამკვეთებისთვის გაწეულია 1 535 426 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე, ხოლო მის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირება არ განხორციელებულა.სსკ-ის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად ჩაითვალა, რომ მცირე მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მომსახურების მიწოდება ხდებოდა დაქირავებული მუშახელის მეშვეობით. შემოწმების შედეგად შესწავლილია ანალოგიურ საქმიანობის კომპანიების მიერ საქმიანობის ფარგლებში მიღებული მოგების მარჟა, რომელმაც შეადგინა 20%. აქედან გამომდინარე, მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯი და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად. სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები მომჩივნის მიერ გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №001-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ 24.01.2025 წელს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ზ).