გადაწყვეტილება №19998/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19998/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 19998/2/2023

04 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19998/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24251 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №056-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №11027 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 308 867.81 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 177 769

მოგების გადასახადი - 135 481

საშემოსავლო გადასახადი - 42 288

ჯარიმა - 88 884,5

საურავი - 42 214,31

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა სარემონტო მასალების რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივლისის №23735 და 2022 წლის 21 მარტის №6934 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 8 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილია სააღრიცხვო პროგრამა, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი აღრიცხვის რეპორტები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 20-25%-ს. გადამხდელს სალაროს ანგარიშზე უფიქსირდება მზარდი ნაშთი. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულადი საშუალებების ინვენტარიზაცია. 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, გადამხდელის ფულადი სახსრები სალაროში ნულის ტოლია, ხოლო პროგრამული მონაცემების მიხედვით აღნიშნული დღისთვის ნაშთმა შეადგინა 744 951 ლარი.

შემოწმების შედეგად, 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით არსებული ფულადი ნაშთიდან (744 951 ლარი) 729 341 ლარი ჩაითვალა 2019, 2020 და 2021 წლების გაუნაწილებელი მოგების განაწილებად, ხოლო 15 609 ლარი დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად 2022 წლის თებერვლის თვეში. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 12 აპრილის №9253 ბრძანება და ამავე თარიღის №056-13 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის 24251 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულადი სახსრების ნაშთის მოგების განაწილებად და ასევე, გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 სექტემბრის №24251 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 მარტის №056-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №11027 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ ფულადი სახსრების ნაშთის სესხად განხილვის შემთხვევაში, მძიმდება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი 2022 წლის 21 სექტემბრის №24251 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნის შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. აუდიტორს არგუმენტად მოჰყავს შემდეგი ფაქტი: შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად - შესწავლილი შედეგების მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დგინდება ფულადი სახსრების პროცენტიან სესხად განხილვის პირობებში, შედეგად, შემოწმების აქტში ასახული საგადასახადო ვალდებულება დარჩა უცვლელი და არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.

მომჩივანი აღნიშნულ ნაწილში არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, ვინაიდან სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე პროცენტიან სესხად განხილვის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულება ვერ დამძიმდება, შესაბამისად მოითხოვს აღსრულდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.

მომჩივანი ასევე მოითხოვს გაუქმდეს გაცემულ დივიდენდზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხები, მოგების გადასახადში დაბეგვრა მოხდეს არა განაწილებული მოგების, არამედ როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხები, ასევე ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასად ჩათვლილი თანხები დაკვალიფიცირდეს როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული პროცენტიანი სესხი.

ვინაიდან კომპანია კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს, აწარმოებდა ბუღალტერიას შესაბამის პროგრამაში, როგორც ფინანსურად, ასევე საქონლის რაოდენობრივ ჭრილში, მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269 მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, მოხდეს კომპანიის განთავისუფლება დარიცხული ჯარიმებისგან და საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ვინაიდან ფულადი სახსრების პროცენტიან სესხად განხილვის პირობებში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მძიმდებოდა, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

დებულებები მძიმდებოდა, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით, დანართი №9 (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) ჩამოყალიბებდა ახალი რედაქციით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე, და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №11027 ბრძანება;

3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24251 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილია სააღრიცხვო პროგრამა, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი აღრიცხვის რეპორტები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 20-25%-ს. გადამხდელს სალაროს ანგარიშზე უფიქსირდება მზარდი ნაშთი. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულადი საშუალებების ინვენტარიზაცია. გადამხდელის ფულადი სახსრები სალაროში ნულის ტოლია, ხოლო პროგრამული მონაცემების მიხედვით აღნიშნული დღისთვის ნაშთმა შეადგინა 744 951 ლარი.შემოწმების შედეგად, არსებული ფულადი ნაშთიდან ნაწილი ჩაითვალა 2019, 2020 და 2021 წლების გაუნაწილებელი მოგების განაწილებად, ხოლო ნაწილი დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21); 298(2);2(5);

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9)

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით, დანართი №9