ბრძანება N 19690

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.07.2020
№ დოკუმენტი 19690
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 19690

16/07/2020

შპს -----

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 24 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 41) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 1 აპრილის №50366/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №005-557 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემოწმებას არ გააჩნია დოკუმენტი/ბანკის ამონაწერი, სადაც ასახული იქნება ფულადი სახსრების მოძრაობა და ინფორმაცია არსებული ნაშთების შესახებ. განმარტავს, რომ ფულადი სახსრები მიმართული იყო ძველი დავალიანებისა და ზარალის დასაფარად.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 მაისის №16623 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №47575 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-557 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა 613 202 ლარი, მათ შორის, გადასახადი 289 289 ლარი, ჯარიმა 163 882 ლარი და საურავი 160 031ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახადებისა და სანქციების დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არ წარმოუდგენია საბანკო ანგარიშის ამონაწერები. შემოწმებას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება შპს ----- ში, 2016 წლის განმავლობაში, ფულადი სახსრების მოძრაობა და არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, 2016 წლის შესაბამისი თვეების მიხედვით, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობა, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების გათვალისწინებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ პუნქტისა და 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი სახსრების ნაშთი, ჩაითვალა ფულად სახსრებზე პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და 154-ე მუხლის თანახმად, შპს ----- ს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე,რომლის თანახმად,გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივანის არგუმენტზე, ფულადი სახსრებით ძველი დავალიანებისა და ზარალის დაფარვასთან დაკავშირებით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განხორციელებულ დარიცხვასთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო მიზნებისთვის გახარჯული თანხების ხელფასად განხილვას, რის საფუძველზეც კორექტირებას უნდა დაექვემდებაროს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს და ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსგავს საკითხთან დაკავშირებით მიღებულ 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე N3/3694-16), რომლითაც სასამართლო ადასტურებს საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, დაბეგვრის მიზნებისათვის, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების თაობაზე, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის შპს ----- ს მიერ საქონლის მიწოდებისას მის შესაძენად ხარჯები ყველა შემთხვევაში იქნებოდა გაწეული.აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავლების ხარჯების გაუთვალისწინებლად, ხელფასის სახით განაცემად განხილვა არამართლზომიერია.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ფულადი ნაშთის პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ფულადი ნაშთის პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. №16), ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ფულადი ნაშთის პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმებას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება 2016 წლის განმავლობაში, ფულადი სახსრების მოძრაობა და არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია.

შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, შემოწმებით სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ პუნქტისა და 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი სახსრების ნაშთი, ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, სსკ-ს 101-ე მუხლის და 154-ე მუხლის თანახმად, საწაარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ფულადი ნაშთის პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 73(9,,ბ“);; 101(1); 154(1,,ა“). 275