ბრძანება N 19685
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19685
02 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 2 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა ი/მ ----------- (ს/ნ ------------) №91183/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივლისის №035-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ჰქონდა საქონელი, რომლებზე გამოწერილი არ იყო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ზედნადებებზე მომწოდებლების მიერ გამოწერილ იქნა ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ ვინაიდან, შემოწმება დასრულებული იყო, შემოწმების მიერ არ მომხდარა გამოწერილი ფაქტურების გათვალისწინება. ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12931 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №035-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ., გაცემული ხელფასების მიმართ შეღავათის გავრცელების საფუძვლების შესახებ;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულ მიმდინარე გადასახადელებში შესაძლო ტექნიკური უზუსტობის არსებობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12931 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 5 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები სულ 13 402 ლარით, მათ შორის გადასახადი 8 502 ლარი, ხოლო ჯარიმა 4 900 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 ივლისის №035-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების დამატებით შესწავლა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მოცემულ ნაწილში მოხდა 2021 წლის სექტემბრის თვის დარიცხვის გადატანა 2021 წლის ნოემბრის თვეში. გადაანგარიშების შედეგად კორექტირება/შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემომწების აქტით დარიცხული თანხა.
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა სათანადო დოკუმენტაცია (ცნობები მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირებზე) გაცემულ ხელფასებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება შეღავათი. გადაანგარიშების პროცესში შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რის შედეგადაც გაზრდილ იქნა გამოსაქვითი ხარჯები, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მიმდინარე გადასახდელებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სადავო საკითხი. საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილ იქნა 2024 წლის 29 მარტს შესაბამისად არ ყოფილა დამდგარი საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციის წარდგენის ვადა, რამაც გამოიწვია მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე, არ განხორციელდა მიმდინარე გადასახდელების კორექტირება/შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ შემოწმების პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ჰქონდა საქონელი, რომლებზე გამოწერილი არ იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ზედნადებებზე მომწოდებლების მიერ გამოწერილ იქნა ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ ვინაიდან შემოწმება დასრულებული იყო შემოწმების მიერ არ მომხდარა გამოწერილი ფაქტურების გათვალისწინება. ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი მიერ წარმოდგენილ საჩივარზე მტკიცებულებების სახით თანდართულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------------(ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პერიოდში, გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით, შეძენილი ჰქონდა საქონელი, რომლებზე გამოწერილი არ იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების დამატებით შესწავლა. გადაანგარიშების შედეგად კორექტირება/შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემომწების აქტით დარიცხული თანხა. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა სათანადო დოკუმენტაცია გაცემულ ხელფასებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება შეღავათი. შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია რის შედეგადაც გაზრდილ იქნა გამოსაქვითი ხარჯები, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. მიმდინარე გადასახდელებთან დაკავშირებით, არ ყოფილა დამდგარი საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციის წარდგენის ვადა, რამაც გამოიწვია მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე, არ განხორციელდა მიმდინარე გადასახდელების კორექტირება/შემცირება.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგი ნორმებს: 174(1);175(1);176(1);180(1);