ბრძანება N 12107

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.05.2023
№ დოკუმენტი 12107
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12107

31.05.2023

შპს „-----------ის“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------------)

2023 წლის 20 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------) №80452/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №188204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №188204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომლითაც შპს „----------“ განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მარტის №21-14/16927 წერილით გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე. მომჩივანს აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2023 წლის 9 მარტს. გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შპს „--------ის“ (ს/ნ ----------) მიმართ 2023 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188204.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 1 მარტის №21-14/------ წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2023 წლის 9 მარტს, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2023 წლის 17 მარტს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის დღემდე არ არის სრულად წარმოდგენილი აღნიშნული წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომლითაც შპს-ს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად,გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);70(1ა);43(1დ);269(1,2);279(1,2)