გადაწყვეტილება №18409/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18409/2/2022
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------------- (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------------- 9.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18409/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24194 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 26.09.2022 წლის №000-143 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28683 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა - 3 648.3 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 16 აგვისტოს №081-39 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 1.07.2022 – 15.08.2022 წწ. პერიოდში. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 3 648.3 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 21.09.2022 წლის №24194 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24194 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 26.09.2022 წლის №081-39/1 ბრძანება და №000-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად უცვლელად დარჩა დაკისრებული ჯარიმა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.11.2022 წლის №28683 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა (ბრძანება) გამოცემულია შემოსავლების 2022 წლის 21 სექტემბრის №24194 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 15 აგვისტოს ID:11262874 განცხადებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი 1.07.2022 წელი. ,,დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში განცხადებით მომართვის თვეში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხა - 36 483.05 “მიმდინარე გრაფაში შეცდომით ჩაიწერა ივლისის თვის ციფრი. მომართვის თარიღში აგვისტოს თვეში განხორციელებული მომსახურების თანხა შეადგენდა 10 550, 85 ლარს. 15 აგვისტოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ დროულად იქნა წარდგენილი 2022 წლის ივლისის თვის დღგ-ს დეკლარაცია, გამომდინარე აქედან ბიუჯეტმა მიიღო კუთვნილი გადასახადი.
მოგმართავთ თხოვნით, რომ აღნიშნული გარემოება ჩამითვალოთ უცოდინრობით გამოწვეულ შეცდომად და გამათავისუფლოთ დაკისრებული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 1.07.2022 – 15.08.2022 წწ. პერიოდში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 3 648.3 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომსახურების დეპარტამენტის 26.09.2022 წლის №081-39/1 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს უარი ეთქვა დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან, პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
გადასახადის გადამხდელი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნავს, რომ დარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით. კერძოდ, ,,დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში განცხადებით მომართვის თვეში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხა - 36 483.05 ლარი “მიმდინარე გრაფაში შეცდომით ჩაიწერა ივლისის თვის ციფრი. მომართვის თარიღში აგვისტოს თვეში განხორციელებული მომსახურების თანხა შეადგენდა 10 550, 85 ლარს. ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ამჟამად უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
საბჭო განმარტავს, რომ მომჩივანი უფლებამოსილია დააზუსტოს (მისი არგუმენტების მიხედვით) 2022 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაცია.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24194 გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.