ბრძანება N19964
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19964
11 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 23 იანვრის №78375/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-674 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებელზე გადახდილი სესხის და პროცენტის თანხების დივიდენდის გაცემად განხილვას. შესაბამისად, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის დამფუძნებელი პერიოდულად მის მიერ შპს ,,-------------“ სესხის სახით შეტანილი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფდა კომპანიის ფუნქციონირებას. შესაბამისად, კომპანიას მის მიმართ წარმოექმნა თანხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც განახორციელა კიდეც.
გადამხდელი მიიჩნევს, რომ კანონი არ აწესებს კომპანიის არანაირ ვალდებულებას დივიდენდის სახით მიღებული თანხის ამავე დანიშნულებით გაცემაზე, ასევე, კანონი არ კრძალავს, დივიდენდის სახით მიღებული თანხით თავისი კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის დამფუძნებლისგან მიღებული სესხის გადახდას და კანონი არ აწესებს რაიმე რიგითობას კომპანიის სამეურნეო ოპერაციაზე, როდესაც დამფუძნებლის მიმართ შესაძლებელია მოხდეს სესხის დაფარვაც და დივიდენდის გაცემაც.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15532 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33429 ბრძანება და ამავე თარიღის №006-674 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 518 484 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 245 770 ლარი, ჯარიმა 122 885 ლარი და საურავი 149 829 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„შპს „-----------“ 2021 წლამდე მშენებლობის მომსახურებას უწევდა საწარმოებს, წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორს. შესრულებული სამუშაოების 100%-ზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არსებობს მიღება-ჩაბარებები. ასევე, ხარჯების უმრავლესობას წარმოადგენს ქვეკონტრაქტორის მომსახურება. 2021 წლიდან გადამხდელს შემოსავალი აქვს მხოლოდ კომპანიებზე გაცემული სესხიდან.
საწარმოს შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისგან შპს „------------“ 100% წილი 2 020 326 ლარად, აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან ------------- აღებული სესხი. წილის შესაძენად გადარიცხვა მოხდა ორ ტრანზაქციად: 2017 წლის 26 ივნისს - 144 660 ლარი გადაირიცხა --------- ბანკიდან, ამავე დღესაა ჩარიცხული დამფუძნებლის (-----------) მიერ გაცემული სესხი --------- ბანკში 144 660 ლარის ოდენობის სესხი. 2017 წლის 18 ივლისს - 1 875 666 ლარი გადაირიცხა --------- ბანკიდან და ამავე დღესაა 1 875 666 ლარის სესხი აღებული -------ბანკისგან. აღნიშნული -------- ბანკის სესხი გადაფარულია 2018 წლის 3 მაისს. ამავე დღეს,-------- ბანკის ანგარიშზე ჩარიცხულია კომპანიაზე დამფუძნებლის მიერ გაცემული სესხი
1 875 666 ლარის ოდენობით. 2019 წლის 28 მაისს შპს „----------“ მიერ განაწილებულია შპს „-----------“ 910 000 ლარის დივიდენდი, ჩარიცხულია კომპანიის ------------ ბანკის ანგარიშზე და ამავე დღეს შპს „-----------“ მიერ დაფარულია 910 000 ლარის დამფუძნებლის სესხი, აღნიშნულიც --------- ბანკის ანგრიშიდან. ასევე, 2019 წლის 10 ივნისს კომპანიაზე ჩარიცხული დივიდენდით (72 302 ლარი) იმავე დღეს დაფარულია დამფუძნებლის სესხი.
საგადასახადო ორგანოს მიერ სამეურნეო ოპერაციის შეფასებისას მხარეთა ნება განიმარტება ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი აქვს გადასახადებისაგან თავის არიდებას/დამალვას ან/და საგადასახადო შეღავათით არამართლზომიერ სარგებლობას. კვალიფიკაციის შეცვლის პირობებში, საგადასახადო ორგანო სამეურნეო ოპერაციას აფასებს მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა ეფუძნება სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში საეჭვო სამურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 130-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით შპს „------------“ დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გასული თანხა 1 030 966 ლარი ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შპს „-----------“ 100%-იანი წილი 2 020 326 ლარად. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან აღებულის სესხი. თუმცა ამავე დროს გადამხდელს უფიქსირდება ---------- ბანკის სესხი, რომელსაც საწარმო ფარავს დამფუძნებლისგან აღებული სესხის თანხებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით 2019 წლის 28 მაისს შპს „---------“ მიერ განაწილებულია შპს „------------“ 910 000 ლარის დივიდენდი და ამავე დღეს შპს „---------“ მიერ დაფარულია 910 000 ლარის ოდენობით დამფუძნებლის სესხი. ასევე, 2019 წლის 10 ივნისს კომპანიაზე ჩარიცხულია დივიდენდი 72 302 ლარი, რომლითაც იმავე დღეს დაფარულია დამფუძნებლის სესხი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, განსახილველი სამეურნეო ოპერაციები შეაფასა მისი შინაარსის (მხარეთა ნების ან მიზნის) და არა გაცხადებული ფორმის მიხედვით, შესაბამისად, ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლის, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი არის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში საეჭვო სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით შპს „----------“ დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გადარიცხული თანხა 1 030 966 ლარი ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამფუძნებელზე გადახდილი სესხის და პროცენტის თანხების დივიდენდის გაცემად განხილვას.მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი 2021 წლამდე მშენებლობის მომსახურებას უწევდა საწარმოებს, წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორს. საწარმოს შეძენილი აქვს ფიზიკური პირებისგან შპს-ს 100% წილი. აღნიშნული წილის შეძენის ფულის წყაროა დამფუძნებლისგან აღებული სესხი.შპს-ს მიერ განაწილებულია მომჩივანზე დივიდენდი,რომლითაც მომჩივანის მიერ დაფარულია დამფუძნებლის სესხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით მომჩივანის დამფუძნებლის სესხის და პროცენტის დასაფარად გადარიცხული თანხა ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);96(ა);97(1ა);8(12);130(1);154(1ზ);