გადაწყვეტილება №18986/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.08.2023
№ დოკუმენტი 18986/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18986/2/2023

02 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 28.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18986/2/2023).

 

დავის საგანი:

1. წილის ნასყიდობის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა, წილის ღირებულების დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვა და შედეგად მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვა;

2. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №005-158 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №2570 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 027 987 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 518 542

დღგ - 307 303

მოგების გადასახადი - 157 747

საშემოსავლო გადასახადი - 53 492

ჯარიმა - 279 405

საურავი - 230 040

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.10.2022 წლის №26541 ბრძანება და №005-158 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №2570 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. წილის ნასყიდობის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა, წილის ღირებულების დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვა და შედეგად მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვა

ფაქტების აღწერა

2020 წლის პირველ ივნისს, მომჩივანსა და საწარმოს დამფუძნებლებს (---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------)), რომლებიც ამავდროულად არიან შპს „----------“ (ს/ნ ----------) დამფუძნებლები, შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს „----------“ 100%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ.

ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. თანხის გადახდა ხორციელდება პერიოდულად სალაროს მეშვეობით (სალაროს ნაშთი 2020 წლის იანვრის თვიდან იზრდება თანდათან ანგარიშვალდებული პირების შენატანებით) 2020 წლის 4 ივნისიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წილის გადაფორმება განხორციელდა 2021 წლის 15 იანვარს.

ბიზნეს შემფასებელმა შეაფასა შეფასების ეფექტური თარიღისათვის შპს „----------“ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტისათვის, შემფასებელი არ იძლევა აღნიშნული ანგარიშის სხვა მიზნებისათვის გამოყენების უფლებას. შეფასება დაეყრდნო 2020 წლის 31 მაისის ფინანსურ ანგარიშებს და შესაბამისად, შეფასების ეფექტური თარიღია 2020 წლის 31 მაისი. საბოლოოდ, შემფასებლის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დასკვნაში წარმოდგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგენს 320 000 აშშ დოლარს.

ამასთან, შეფასების ანგარიშში მოცემულია კომპანიის ბალანსის და მოგება-ზარალის წინა პერიოდების მოკლე მიმოხილვა, რის მიხედვითაც 2017, 2018, 2019 და 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით შპს „----------“ კაპიტალი შეადგენს შესაბამისად -2 943, - 2 983, - 18 863 და - 27 892 ლარს. ვინაიდან ორივე საწარმოს (შპს „----------“(მომჩივანი) და შპს „----------“) დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე პირები, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან შპს „----------“ (მომჩივანი) შეისყიდა შპს „----------“ 100%-იანი წილი, ფ.პ. ---------- და ფ.პ. ---------- ირიბად კვლავ ფლობენ შპს „----------“ 100%-იან წილს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა დივიდენდის გაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების საფუძველზე, განისაზღვრა ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა 31 048 ლარით, ასევე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 309- ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილებით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ კომპანიის დამფუძნებლების და თავად საწარმოს პირდაპირი ინტერესი იყო კომპანიის აქტივების ზრდის მეშვეობით გამხდარიყო მეტად მიმზიდველი პოტენციური ინვესტორებისთვის, ვინაიდან შპს „----------“ ფლობს 190 000 მ 2 მიწის ნაკვეთს ---------- და 50 000 მ 2 -ს მასზე განთავსებული უეკლო მაყვლის ბაღით ----------. ამდენად, შპს „----------“(მომჩივანი) მიერ შპს „----------“ შეძენა იყო სრულიად განპირობებული კომპანიის გაძლიერებით და გამიზნულად ემსახურებოდა კომპანიის ბიზნეს-ოპერირების ზრდა-განვითარებას. მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „----------“ წმინდა აქტივების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება შეფასების მომენტში კომპანიის შეფასებული წილის ოდენობას (320000 აშშ დოლარი), ამიტომ მხოლოდ შემოსავლების მეთოდით წილის ღირებულების შეფასებაზე აპელირება საფუძველს მოკლებულია. შპს „----------“ საკუთრებაში არსებული მიწების საბაზრო ღირებულების კიდევ ერთხელ განსაზღვის მიზნით 2022 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მიღებული დასკვნით მიწების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა ჯამურად 1 346 660 ლარით, რაც ვალდებულებების არარსებობის გათვალისწინებით მესაკუთრეთა კაპიტალის ტოლფასია. გადამხდელი განმარტავს, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს ჰორიზონტალურად განვითარებული ორი კომპანიის ნაცვლად ერჩიათ, შეექმნათ ჰოლდინგური ტიპის ვერტიკალურად განვითარებული ძლიერი ორი კომპანია (სამშენებლო/სამონტაჟო მიმართულება - დედა კომპანია და სასოფლო-სამეურნეო მიმართულება - შვილობილი საწარმო), რომელთა კონსოლიდირებული ბალანსი ფასების მიხედვით მნიშვნელოვან სტაბილურ და მომგებიან ფინანსურ სურათს შექმნიდა და რომლებიც კანონმდებლობის სრული დაცვით, საგადასახადო კოდექსში 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის ნაწილში შესული ცვლილებების გამო, ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემდათ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „----------“(მომჩივანი) დამფუძნებლები არიან ---------- და ----------. ამასთან, ხსენებული პირები არიან შპს „----------“ (ს/ნ ----------) დამფუძნებლებიც. 2020 წლის 1 ივნისს შპს „----------“(მომჩივანი) და აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს „----------“ 100%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ, ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. თანხის გადახდა ხორციელდებოდა პერიოდულად სალაროს მეშვეობით, ხოლო წილის გადაფორმება განხორციელდა 2021 წლის 15 იანვარს. ვინაიდან შპს „----------“(მომჩივანი) და შპს „----------“ დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე ფიზიკური პირები და 2021 წლის 15 იანვრიდან შპს „----------“ (მომჩივანი) მიერ შპს „----------“ 100%-იანი წილის შესყიდვის შემდგომ ხსენებული პირები ირიბად კვლავ ფლობენ შპს „----------“ 100%-იან წილს, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა დივიდენდის გაცემად.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითა და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მისივე დამფუძნებლებისათვის შპს „----------“ (ს/ნ ----------) 100%- იანი წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით გაიზიარა საგადასახადო შემოწმების პოზიცია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ შპს „----------“(მომჩივანი) დამფუძნებლებისა და თავად კომპანიის პირადაპირი ინტერესი იყო მომხადირიყო კომპანიის აქტივების გაზრდა, რის შედეგადაც კომპანია უფრო მიმზიდველი იქნებოდა პოტენციური ინვესტორებისთვის, კერძოდ შპს „----------“ ფლობს მიწებს 190 000 მ 2 მიწის ნაკვეთს ---------- და 50 000 მ 2 მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული უეკლო მაყვლის ბაღით ----------. აღნიშნული აქტივობების შედეგად, შეთანხმება იქნა მიღწეული პარტნიორობაზე ---------- კომპანიასთან და მიღწეული შეთანხმების შედეგად მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ტენდერებში. შესაბამისად, შპს „----------“(მომჩივანი) მიერ შპს „----------“ შეძენა იყო სრულიად განპირობებული კომპანიის გაძლიერებისთვის და გამიზნულად ემსახურებოდა კომპანიის ბიზნეს-ოპერირების გაზრდას და განვითარებას. შპს „----------“ როგორც სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, ბიზნეს ინტერესის დედაარსი მდგომარეობს ძლიერი დამფუძნებლის ფინანსურ მხარდაჭერასა და გარანტიებში.

1) შპს „----------“ (შემდგომში - კომპანია) წმინდა აქტივების (ყველა აქტივების საბაზრო ღირებულებას გამოკლებული ვალდებულებები) ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება შეფასების მომენტში კომპანიის შეფასებული წილის - 320000 აშშ დოლარიან ოდენობას, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ შემოსავლების მეთოდით წილის ღირებულების შეფასებაზე აპელირება, რა თქმა უნდა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნულზე ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუმცა კი, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის შეფასება შესრულებულია აკრედიტებული შემფასებლის მიერ, როგორც შემოსავლების, ისე საბაზრო ფასების მიდგომით და მათ შორის უმცირესით არის განსაზღვრული ბიზნესის/100% წილის ღირებულება.

2) შპს „----------“ საკუთრებაში არსებული მიწების საბაზრო ღირებულების კიდევ ერთხელ განსაზღვრის მიზნით 13.10.2022წ. მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მიღებული დასკვნით მიწების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია ჯამურად 1,346,660 ლარით. (დაახლ 485 ათასი აშშ დოლარი) (დანართი 3), რაც ვალდებულებების არარსებობის გათვალისწინებით მესაკუთრეთა კაპიტალის ტოლფასია.

3) თავად აუდიტორებიც აპელირებენ, რომ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს თავიანთი ჰორიზონტალურად განვითარებული ორი კომპანიის ნაცვლად ერჩიათ, შეექმნათ ჰოლდინგური ტიპის ვერტიკალურად განივითარებული ძლიერი ორი კომპანია (სამშენებლო/სამონტაჟო მიმართულება - დედა კომპანია და სასოფლო-სამეურნეო მიმართულება - შვილობილი საწარმო), რომელთა კონსოლიდირებული ბალანსი ფასს-ების მიხედვით მნიშვნელოვან სტაბილურ/მომგებიან ფინანსურ სურათს შექმნიდა და რომლებიც კანონმდებლობის სრული დაცვით, საგადასახადო კოდექსში 2017 წლის 1 იანვრიდან მოგების გადასახადის ნაწილში შესული ცვლილებების გამო, ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვან პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემდა.

მის მიერ წარმოდგენილი ზემო სამი პოზიციის და ფიზიკური პირების წილის ფლობის ორწლიანი ვადის კარგა ხნის გასვლის გამო, უადგილოა „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდული მითითების მის შემთხვევაზე გამოყენება, რამაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, წილის ნასყიდობაზე კვალიფიკაციის შეცვლის გამო გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, მათზე დამატებით დარიცხულ ჯარიმა-საურავებთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის ----------21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირები ასევე არიან შპს „----------“ (ს/ნ ----------) დამფუძნებლები. 2020 წლის პირველ ივნისს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „----------“ 100%-იანი წილის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში. აღნიშნული თანხის გადახდა ხორციელდება პერიოდულად სალაროს მეშვეობით (სალაროს ნაშთი 2020 წლის იანვრის თვიდან იზრდება თანდათან ანგარიშვალდებული პირების შენატანებით) 2020 წლის 4 ივნისიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წილის გადაფორმება განხორციელდა 2021 წლის 15 იანვარს. ბიზნეს შემფასებელმა, ---------- (პ/ნ ----------), შეაფასა შეფასების ეფექტური თარიღისათვის შპს „----------“ (ს/ნ ----------) 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტისათვის, შემფასებელი არ იძლევა აღნიშნული ანგარიშის სხვა მიზნებისათვის გამოყენების უფლებას. შეფასება დაეყრდნო პირის 2020 წლის 31 მაისის ფინანსურ ანგარიშებს და შესაბამისად შეფასების ეფექტური თარიღია 2020 წლის 31 მაისი. საბოლოოდ, შემფასებლის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დასკვნაში წარმოდგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების შესახებ მოსაზრება 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგენს 320 000 აშშ დოლარს. ამასთან, შეფასების ანგარიშში მოცემულია კომპანიას ბალანსის და მოგება-ზარალის წინა პერიოდების მოკლე მიმოხილვა, რის მიხედვითაც შპს „----------“ 2017, 2018, 2019 და 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით სულ კაპიტალი შეადგენს შესაბამისად (2 943), (2 983), (18 863), (27 892) ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შესაბამისად, ვინაიდან ორივე კომპანიის დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე პირები, ზემო ხსენებული ფიზიკური პირები არიან შპს „----------“(მომჩივანი) დამფუძნებლები, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან შპს „----------“(მომჩივანი) შეისყიდა შპს „----------“ 100%-იანი წილი, ფ.პ. ---------- და ფ.პ. ---------- ირიბად კვლავ ფლობენ შპს „----------“ 100%-იან წილს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად, რაც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით, ასევე, გათვალისწინებული იქნა მოგების გადასახადის ჩათვლა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ (მომჩივანი) იყვნენ 2 დამოუკიდებელი სუბიექტი, შპს „----------“ ჰქონდა 2 მიწის ნაკვეთი, ანუ არის სასოფლო-სამეურნეო საწარმო. შპს „----------“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 13.10.2022 წლის დასკვნით განისაზღვრა 485 ათასი აშშ დოლარი. შპს „----------“(მომჩივანი) მიერ შპს „----------“ შეძენა განპირობებული იყო კომპანიის გაძლიერებისთვის და საინვესტიციო მიმზიდველობიდან გამომდინარე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით, წილის ნასყიდობაზე კვალიფიკაციის შეცვლის გამო დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა უსაფუძვლოდ მიაჩნია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს „----------“ (მომჩივანი) გააჩნდა დიდი ოდენობით გაუნაწილებელი მოგება, რომლის დივიდენდის სახით გაცემა არ მომხდარა, შპს „----------“(მომჩივანი) და ფიზიკურ პირებს (რომლებიც, ერთდროულად არიან შპს „----------“(მომჩივანი) და შპს „----------“ დამფუძნებლები) შორის შპს „----------“ 100%-იანი წილის 1.06.2022 წლის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით წილის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში. აღნიშნული თანხის გადახდა ხორციელდებოდა პერიოდულად სალაროს მეშვეობით. ვინაიდან ფიზიკური პირები არიან შპს „----------“(მომჩივანი) დამფუძნებლები, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან შპს „----------“(მომჩივანი) შეისყიდა შპს „----------“ 100%-იანი წილი, ფ.პ. ---------- და ფ.პ. ---------- ირიბად კვლავ ფლობენ შპს „----------“ 100%-იან წილს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება სამეურნეო ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები ვერ გახდება საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ამ ნაწილში შემცირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“(მომჩივანი) მომსახურებას უწევს სს „----------" (ს/ნ ----------), კერძოდ, ახორციელებს ---------- მილების მონტაჟის სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაფორმებულია ხელშეკრულება რომლის მიხედვით, მომსახურების ღირებულებამ შეადგინა სულ 12 532 352 ლარი. თავის მხრივ, სს „----------“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „----------“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. შპს „----------“(მომჩივანი) მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის - დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (1.8368) გათვალისწინებით. საკურსო სხვაობის გამო კომპანიამ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასთან შედარებით მიიღო მეტი შემოსავალი ლარში. სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ განხილულ იქნა საკურსო სხვაობით მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან, ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში (ლარი და დოლარი) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მითითებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ უნდა იქნას ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად (კომპენსაციის 30%-ის ანაზღაურდება ლარში, ხოლო 70% დოლარში). შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს. ამდენად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა უნდა განისაზღვროს პირის მიერ როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომპენსაციის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება უცხოურ ვალუტაში ანაზღაურებას უნდა გადაანგარიშდეს ლარში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დღისთვის დოლარის ლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 2021 წლის პირველი იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-10 ნაწილით და განმარტა, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ როგორც ცნობილია, განსახილველი ხელშეკრულება გაფორმებული აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში. კერძოდ, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3. აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება (შემდგომში - სასესხო ხელშეკრულება) რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს (დადგენილება N2032-IIს). შესაბამისად, აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელსაც გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა კონსტიტუციისა და კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ. ამდენად, მოცემული საქმის ფარგლებში გადასახადების დარიცხვის დროს, საგადასახადო კოდექსთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია ზემოაღნიშნულ სასესხო ხელშეკრულებას და უპირველეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება უნდა იქნეს გამოყენებული დავების განხილვის საბჭოს მიერ. სასესხო ხელშეკრულების მე-4 დანართის (Schedule 4) მიხედვით, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით. ამდენად, აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, ---------- წყალმომარაგების პროექტის შესყიდვაც განხორციელდა სწორედ მითითებული შესყიდვების სახელმძღვანელოს საფუძველზე და ამდენად, სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელო უნდა იქნეს შეფასებული დავის გადაწყვეტის დროს. სწორედ შესყიდვების სახელმძღვანელო განიხილავს და აწესრიგებს ვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კურსთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება 2.28-2.33 პუნქტები.

სახელმძღვანელოს 2.28 პუნქტის მიხედვით, კურსთან დაკავშირებით სახელმძღვანელოთი დადგენილი მუხლების მიზნები შემდეგია:

ა) ტენდერში პრეტენდენტებისთვის მინიმიზებულ იქნეს კურსთა შორის სხვაობის რისკები და შესაბამისად, შეძლონ საუკეთესო სატენდერო წინადადების შეთავაზება;

ბ) მისცეს პრეტენდენტებს საშუალება გამოიყენონ ძლიერი ვალუტა;

გ) უზრუნველყოს ტენდერის შეფასების პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა. ამდენად, მოცემული მუხლის ანალიზის საფუძველზე ცხადია, რომ ტენდერის ეტაპზე, სხვადასხვა კურსის წარდგენის პირობებში შესყიდვის სახელმძღვანელო იმგვარად არის მოწესრიგებული, რომ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდების დროს შემცირებულ იქნეს სავალუტო რისკები. ამდენად, ცხადია, გადახდების განხორციელების დროს, შემოსავალი თუ დანაკლისი რაც გამოიხატება ადგილობრივ ვალუტაში, წარმოადგენს მხოლოდ კურსთა შორის სხვაობით მიღებულ შემოსავალს, ან დანაკლისს და საბოლოოდ, არ იცვლება ხელშეკრულების და კონკრეტული ოპერაციის სახელშეკრულებო ღირებულება. 2.29 პუნქტი ადგენს, რომ ტენდერის ეტაპზე პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება სხვადასხვა ვალუტაში, თუმცა, შემსყიდველს უფლება აქვს დაადგინოს წინადადების ის ნაწილი, რომელიც გამოხატული უნდა იქნეს ადგილობრივ ვალუტაში, რათა დაფინანსდეს ადგილობრივი ხარჯები. მოცემული ტენდერის ფარგლებში, ამგვარ პროპორციად დადგენილ იქნა 30%. ამდენად, წინასწარ განისაზღვრა, რომ ადგილობრივი ხარჯები წარმოადგენს მთლიანი შესყიდვის 30%-ს, ხოლო დანარჩენი 70% არის საერთაშორისო ხარჯები, სადაც სავალუტო რისკები მაღალია. მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს 2.31 პუნქტი, რომლის მიხედვით, სატენდერო ფასი საბოლოოდ შეფასების მიზნებისათვის გამოხატულია ერთ ვალუტაში და ხელშეკრულების ღირებულებაც უცვლელია. სხვადაგვარად, თუკი მომავალში სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრება დაკორექტირებულად კურსის ცვლილების მიხედვით, დაირღვევა ზემოაღნიშნული მუხლი. თუმცა, 2.32 პუნქტი გადახდების განხორციელებისას ადგენს, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს სატენდერო წინადადებაში მითითებულ ვალუტაში, ხოლო 2.33 პუნქტის მიხედვით, როდესაც სატენდერო წინადადებაში გარკვეული ნაწილი გამოხატულია სხვადასხვა ვალუტაში, ანუ ჩვენს შემთხვევაში 70% გამოხატულია აშშ დოლარში, გადასახდელი თანხა უნდა დაკონვერტირდეს სატენდერო წინადადებაში მოცემული ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, რომ უცხოური ვალუტის წილი შენარჩუნებულია მთელი ხელშეკრულების განმავლობაში, რათა პრეტენდენტმა არც სარგებელი მიიღოს და არც ზარალი კურსთა შორის სხვაობის გამო. ამდენად, მოცემული მუხლების ანალიზით გასაგები ხდება ხელშეკრულების სტრუქტურა და კურსთა შორის სხვაობით მიღებული შემოსავლების რეალური დანიშნულება. რეალურად, ხელშეკრულების ღირებულება ანუ დასაბეგრი ოპერაციის ღირებულება და მოცულობა მთელი ხელშეკრულების განმავლობაში უცვლელი უნდა დარჩეს.

უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული ნაწილის, 70%-ის ანაზღაურება ხორციელდება ნაწილობრივ პირდაპირი გადახდების გზით აზიის განვითარების ბანკისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილის „----------“ მიერ. შესრულებული სამუშაოების ღირებულება უცვლელი რჩება და აშკარაა, რომ გადახდები ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ამდენად, კონკრეტული სხვაობები წარმოადგენს არა დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების, არამედ, კურსთა შორის სხვაობით გამოწვეულ შემოსავალს ან ზარალს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დავების განხილვის საბჭომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებით და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება აბსოლუტურად შეეწინააღმდეგება როგორც კონკრეტულ ხელშეკრულებასა და აზიის განვითარების ბანკის სახელმძღვანელო დოკუმენტებს, ასევე, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, აზიის განვითარების ბანკის მიერ მიმდინარე პროექტების ფარგლებში დადგენილ ცალსახა პრაქტიკას. ამგვარი წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საჭიროდ მიგვაჩნია კონსულტაცია აზიის განვითარების ბანკთან, რათა ბანკისთვის ცნობილი იყოს, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან ხორციელდება ბანკის პროცედურების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ დავების განხილვის საბჭო სწორედ აღნიშნული დოკუმენტებით და პრაქტიკით იხელმძღვანელებს და არ გახდება საჭირო ბანკთან დამატებითი კონსულტაციები.

2017 წლის 9 სექტემბერს შპს „----------“-ს(მომჩივანი) და „----------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ---------- სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფაზა-2-ის ფარგლებში თუჯის მაგისტრალური მილსადენის და ელექტრო- მექანიკური ნაწილის სამშენებლო სამუშაოების შესახებ. აღნიშნულ პროექტს 2015 წლის 12 აპრილიდან ახორცილებდა „----------“, შპს „----------“-ს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების საფუძველზე.

იმის გამო, რომ კომპანიას „----------“-ს შეექმნა გარკვეული ფინანსური სიძნელეები და ვერ ახერხებდა ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, შპს „----------“-ს გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნა შპს „----------“(მომჩივანი) ნომინირებულ ქვეკონტრაქტორად, რომელსაც უნდა უზრუნველეყო თუჯის მაგისტრალური მილების და მისი ფასონური ნაწილების შეძენა და იმპორტი ----------დან საქართველოში და შემდეგ განეხორცილებინა სამონტაჟო სამუშაოები.

ზემოთ აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 12 იანვარს „----------“- სა და შპს „----------“-ს შორის 2015 წლის 12 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა დამატება, რომლის მიხედვითაც დამკვეთი ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობების მიხედვით განახორციელებდა პირდაპირ გადახდებს შპს „----------“-ს(მომჩივანი) მიმართ „----------“-ის გარეშე (იხ. დანართი 1).

აღნიშნული ხელშეკრულების დამატების გაფორმების მიზანს წარმოადგენდა ერთის მხრივ შპს „----------“-ს ინტერესი უზრუნველეყო პროექტის დამთავრება, რომელიც 2018 წლისთვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მეორეს მხრივ „----------“-ის ინტერესი რომ შეესრულებინა პროექტი და არ მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც გამოიწვევდა მათ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვას და დააზარალებდა როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციით და შპს „----------“-ს(მომჩივანი) ინტერესი რომ იგი გარანტირებულად მიიღებდა მის მიერ ----------ში მილების შესაძენად გადახდილი თანხას (რაციმ მომენტისთვის შეადგენდა - 2,3 მლნ აშშ დოლარს) და მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმ დროისათვის „----------“ იმყოფებოდა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში და ვერ ახერხებდა თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დაფარვასაც კი, მის მიმართ დაკარგული იყო ყველანაირი ნდობა როგორც ბიზნეს ოპერატორის მიმართ. შესაბამისად, რომ არა სახელმწიფოს გარანტია, რომ შპს „----------“, როგორც სახელმწიფო კომპანია, კისრულობდა ვალდებულებას პირდაპირი გადახდის წესით განეხორციელებინა სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, არა მხოლოდ შპს „----------“(მომჩივანი), არამედ ვერცერთი სხვა კომპანია ვერ გასწევდა რისკს დათანხმებოდა ხელშეკრულებას, რომელიც არ ითვალისწინებდა საავანსო გადახდას, რადგან „----------“-ს უკვე სრულად ჰქონდა აღებული ავანსი და ამ პირობებში ----------ში გადასარიცხი იყო - 2.3 მილიონი აშშ დოლარი მილების შესაძენად, რომელიც კომპანიას უნდა განეხორციელებინა საკუთარი სახსრებით.

რაც შეეხება სამუშაოს ღირებულებას, ანაზღაურების, საგადასახადო ანგარიშგების წესს იგი თავდაპირველადვე განსაზღვრული იყო „----------“-ს და შპს „----------“ შორის 2015 წლის 12 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულების საფუძველზე (იხილეთ დანართი 2) და ყველა ეს პირობა გავრცელდა შპს „----------“-ზე(მომჩივანი), როგორც ძირითადი ხელშეკრულების მონაწილე მხარეზე, უცვლელად, კერძოდ ხელშეკრულების ფასი განსაზღვრული იყო ცალსახად ეროვნულ ვალუტაში და შეადგენდა - 86 963 479.81 ლარს, ხოლო ანაზღაურება ტექნიკურად განხორციელდებოდა ორ ვალუტაში აშშ დოლარში და ქართულ ლარში შემდეგი გაანგარიშებით:

შესრულებული სამუშაოების ღირებულების დღგ-ს გარეშე თანხის 70% აშშ დოლარში კურსით 1.8368 (12.04.2015 წ. ხელშეკრულების გაფორმების კურსი) და 30% და დღგ 18% ლარში (იხილეთ დანართი 3 გადახდის სერთიფიკატი გვერდი --). რაც შეეხება ანაზღაურების განმახორცილებელ პირებს, იგი ხორციელდებოდა აზიის განვითარების ბანკის მიერ (აშშ დოლარის ნაწილი) და შპს „----------“-ს მიერ ეროვნულ ვალუტაში ლარის ნაწილი.

მის მიერ წარსადგენი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის წესების შესახებ „----------“-მ განმარტა, რომ ანგარიშ-ფაქტურა უნდა გამოწერილიყო იმ თანხაზე, რაზეც გაფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების მიღება/ჩაბარების აქტი, ხოლო ანაზღაურება განხორციელდებოდა ორ ვალუტაში - აშშ დოლარში ფიქსირებული კურსით (რომელიც პოტენციურად გამოიწვევდა საკურსო სხვაობას) და ქართულ ლარში და რომ აღნიშნული წესები შეთანხმებული იყო აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანიის ყველა საერთაშორისო პროექტზე ვრცელდებოდა ეს წესი და უკლებლივ ყველა გადიოდა სავალდებულო ყოველწლიურ საერთაშორისო აუდიტს.

უფრო დეტალურად გადახდის გაანგარიშების სქემაა: თუ ერთი თვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა X ლარს დღგ-ს ჩათვლით, A+B=X სადაც A არის ფასი დღგ-ის გარეშე და B არის დღგ. ფაქტურა უნდა გამოწერილიყო X თანხაზე, ხოლო ორ ვალუტაში ანაზღაურების მიზნებისთვის ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შემდეგნაირად თანხის დღგ-ის გარეშე (A) ნაწილი იყოფოდა 70% ზე (C=A70%) და 30% (D=A30%) თანხის 70% (C) იყოფდა ძირითადი ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ კურსზე 1.8368 (ფიქსირებული კურსი) და ვიღებდით ასანაზღაურებელ თანხას აშშ დოლარში E =(C/1.8368), ხოლო ეროვნულ ვალუტაში ასანაზღაურებელი თანხა იყო დღგ-ის გარეშე თანხის 30%-ს (D) დამატებული დღგ (B), რაც საბოლოო ჯამში გვაძლევდა მთლიან ასანაზღაურებელ თანხას ორ ვალუტაში აშშ დოლარში (E ) და ლარში (D+B).

ხელშეკრულების ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით:

1. ხელშეკრულებაში შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განსაზღვრულია ცალსახად ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და შეადგენდა - 12532352 ლარს;

2. შესრულებული სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტები ასევე ფორმდებოდა ეროვნულ ვალუტაში;

3. შესრულებული სამუშაოს 70%-ის გადახდის - მხოლოდ ტექნიკური მხარეა ფიქსირებული კურსით აზიის ბანკის მიერ დოლარში ანაზღაურების ვალდებულება და არა შესრულებული სამუშაოს მოცულობის ცვლილება (კორექტირება).

შეუძლია გააკეთოს შემდეგი დასკვნა:

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გ) ქვეპუნქტის თანახმად კურსის ცვლილებით გამოწვეული შესრულებული სამუშაოს მოცულობის ცვლილება არ ექვემდებარება დღგ-ით დასაბეგრი ბაზის კორექტირებას

მუხლი 179. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება

1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დამატებით გვინდა გავაკეთოთ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ უცხოური ვალუტის ნაწილში (1 აშშ დოლარი = 1.8368 ლარი), ანგარიშ ფაქტურის გამოწერის შემდგომ, აშშ დოლარის კურსი ჩარიცხვის მომენტში რომ გამხდარიყო 1 აშშ დოლარი = 1,70 ლარი, მაშინ საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხომ ვერ მოხდებოდა ანგარიშ ფაქტურის კორექტირება და დარიცხული თანხის შემცირება?

აქედან გამომდინარე, საზოგადოებაზე საკურსო სხვაობების გამო დღგ-ის დასაბეგრი ბაზის კორექტირება (გაზრდის ან/და შემცირების გამო) ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მართლაც საკურსო სხვაობით (დადებითი/უარყოფითი) მიღებული შემოსავალი/ზარალი სსკ-ის არცერთი მუხლით არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას (მილების მონტაჟის სამუშაოები) უწევს სს „----------“, რაზეც გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება და მომსახურების ღირებულება შეადგენს 12 532 352 ლარს. შპს „----------“(მომჩივანი) მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხდება შემდეგნაირად: გაწეული მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის - დოლარში (გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით). საკურსო სხვაობის გამო შპს „----------“(მომჩივანი) ლარში მიიღო კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასთან შედარებით მეტი შემოსავალი, რაც გადამხდელის მიერ განხილულ იქნა საკურსო სხვაობით მიღებულ შემოსავლად.

ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად მოხდა განხილვა და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.

მხარეთა არგუმენტების, ფაქტობრივი გარემოებების და სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №005-158 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 279 405 ლარი და საურავი - 230 040 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით, 275-ე მუხლით და 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 272-ე მუხლით, მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ყოველთვის ცდილობს სწორად და ოპერატიულად დაადეკლარიროს და გადაიხადოს ყველანაირი საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის საავანსო გადასახადები), ითხოვს გათვალისწინდეს აღნიშნული გარემოება და მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დღგში დაკისრებული ჯარიმისგან და ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე (დღგ-ში) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (წარმოშობილი) საურავისაგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს მე2 სადავო საკითხის ნაწილში, ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან და ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე (დღგ-ში) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (წარმოშობილი) საურავისაგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. წილის ნასყიდობის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა, წილის ღირებულების დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვა და შედეგად მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვა;

2. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირები ასევე არიან სხვა კომპანიია დამფუძნებლები. 2020 წლის პირველ ივნისს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით კომპანიია 100%-იანი წილის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში. აღნიშნული თანხის გადახდა ხორციელდება პერიოდულად სალაროს მეშვეობით (სალაროს ნაშთი 2020 წლის იანვრის თვიდან იზრდება თანდათან ანგარიშვალდებული პირების შენატანებით) 2020 წლის 4 ივნისიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წილის გადაფორმება განხორციელდა 2021 წლის 15 იანვარს. ბიზნეს შემფასებელმა, შეაფასა შეფასების ეფექტური თარიღისათვის კომპანიის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტისათვის, შემფასებელი არ იძლევა აღნიშნული ანგარიშის სხვა მიზნებისათვის გამოყენების უფლებას. შეფასება დაეყრდნო პირის 2020 წლის 31 მაისის ფინანსურ ანგარიშებს და შესაბამისად შეფასების ეფექტური თარიღია 2020 წლის 31 მაისი. საბოლოოდ, შემფასებლის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, დასკვნაში წარმოდგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, კომპანიის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების შესახებ მოსაზრება 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგენს 320 000 აშშ დოლარს. ამასთან, შეფასების ანგარიშში მოცემულია კომპანიას ბალანსის და მოგება-ზარალის წინა პერიოდების მოკლე მიმოხილვა, რის მიხედვითაც კომპანია 2017, 2018, 2019 და 2020 წლის 31 მაისის მდგომარეობით სულ კაპიტალი შეადგენს შესაბამისად (2 943), (2 983), (18 863), (27 892) ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შესაბამისად, ვინაიდან ორივე კომპანიის დამფუძნებლები არიან ერთი და იგივე პირები, იგივე პირები არიან მომჩივანის დამფუძნებლები, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან მომჩივანმა შეისყიდა კომპანიის 100%-იანი წილი, ფიზიკური პირები ირიბად კვლავ ფლობენ კომპანიის 100%-იან წილს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად, რაც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით, ასევე, გათვალისწინებული იქნა მოგების გადასახადის ჩათვლა. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორივე კომპანია (მათ შორის მომჩივანი) იყვნენ 2 დამოუკიდებელი სუბიექტი, კომპანიას ჰქონდა 2 მიწის ნაკვეთი, ანუ არის სასოფლო-სამეურნეო საწარმო. კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 13.10.2022 წლის დასკვნით განისაზღვრა 485 ათასი აშშ დოლარი. მოჩივანის მიერ კომპანიის შეძენა განპირობებული იყო კომპანიის გაძლიერებისთვის და საინვესტიციო მიმზიდველობიდან გამომდინარე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით, წილის ნასყიდობაზე კვალიფიკაციის შეცვლის გამო დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა უსაფუძვლოდ მიაჩნია. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს გააჩნდა დიდი ოდენობით გაუნაწილებელი მოგება, რომლის დივიდენდის სახით გაცემა არ მომხდარა, მომჩივანსა და ფიზიკურ პირებს (რომლებიც, ერთდროულად არიან ორივე კომპანიის დამფუძნებლები) შორის კომპანიის 100%-იანი წილის 1.06.2022 წლის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით წილის ღირებულება განისაზღვრა 320 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში. აღნიშნული თანხის გადახდა ხორციელდებოდა პერიოდულად სალაროს მეშვეობით. ვინაიდან ფიზიკური პირები არიან მომჩივანის დამფუძნებლები, ხოლო 2021 წლის 15 იანვრიდან მომჩივანმა შეისყიდა კომპანიის 100%-იანი წილი, ფიზიკური პირები ირიბად კვლავ ფლობენ კომპანიის 100%-იან წილს.

2. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას (მილების მონტაჟის სამუშაოები) უწევს სააქციო საზოგადოებას, რაზეც გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება და მომსახურების ღირებულება შეადგენს 12 532 352 ლარს. მომჩივანის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხდება შემდეგნაირად: გაწეული მომსახურების 30%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 70%-ის - დოლარში (გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით). საკურსო სხვაობის გამო მომჩივანმა ლარში მიიღო კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასთან შედარებით მეტი შემოსავალი, რაც გადამხდელის მიერ განხილულ იქნა საკურსო სხვაობით მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად მოხდა განხილვა და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება სამეურნეო ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები ვერ გახდება საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ამ ნაწილში შემცირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხის მიხედვით მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი. მე-3 სადავო ნაწილში, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დღგში დაკისრებული ჯარიმისგან და ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე (დღგ-ში) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (წარმოშობილი) საურავისაგან.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,10); 97(1„ა“); 981(1); 130(1); 154(1„ზ“); 179(1„გ“); 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)