ბრძანება N 21451

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.09.2026
№ დოკუმენტი 21451
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21451

30 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის: ----- )

2026 წლის 2 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 86) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 104386/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის პირველი სექტემბრის N EL325996 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

სადავო საკითხი:

საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 35 140.04 ლარი (სსკ-ის 172-ე მუხლი).

 

საბაჟო დეპარტამენტი:

2026 წლის 10 აგვისტოს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, N ----- კონტეინერით შემოტანილ იქნა ამწე კოშკის სათადარიგო ნაწილები. აღნიშნული საქონლით დატვირთულ N ----- კონტეინერზე, რომელიც განთავსებული იყო N ----- სატრანსპორტო საშუალებაზე, იმავე დღეს – 2026 წლის 10 აგვისტოს გამოიწერა N -----/----- (10.08.2026წ.) აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით N -----/----- სატრანსპორტო საშუალება დაილუქა საბაჟო ლუქით და გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ დანიშნულებით.

შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 14 აგვისტოს N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო N -----/----- (10.08.2026წ.) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა. მითითებული განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა დაათვალიერა საწყობში განთავსებული საქონელი (დათვალიერების აქტი N -----), რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

2026 წლის 27 აგვისტოს, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N ----- განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს ასევე ეცნობა, რომ N -----/----- (10.08.2026) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ეკუთვნის არა შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ), არამედ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები.

ვინაიდან, შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის პირველ სექტემბერს შედგენილ იქნა N EL325996 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 35 140.04 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლების, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, 2026 წლის პირველ სექტემბერს გამოიცა N EL11111/68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელები 35 140.04 ლარის (დღგ – 33682.04 ლარი; იმპორტის გადასახადი – 1 458 ლარი) ოდენობით, ასევე საურავი – 91.25 ლარი.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2026 წლის 12 აგვისტოს შპს „-----“ მის კუთვნილ საწყობში მიიღო ----- მის სახელზე გამოგზავნილი ტვირთი. აღნიშნულ ტვირთზე კომპანიას სრულ მომსახურებას უწევდა გადამზიდი კომპანია, რომლის ვალდებულებასაც წარმოადგენდა, როგორც ტვირთის საწყობამდე ტრანსპორტირება, ასევე მისი საბაჟო პროცედურების გავლა. სატრანსპორტო კომპანიამ განახორციელა აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება შპს „-----“ საწყობში შეცდომით, თუმცა იმ მომენტისთვის ტვირთი საბაჟო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და არ იყო მოქცეული შესაბამის საბაჟო პროცედურაში.

ვინაიდან, აღნიშნულის შესახებ შპს „-----“ არ იყო ინფორმირებული, კონტეინერის საწყობში მოტანის შემდეგ გაიხსნა ლუქი და საქონელი გადმოიტვირთა საწყობში, თუმცა როგორც კი კომპანიისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ, შესაბამისი განცხადებით დაუყოვნებლივ მიმართულ იქნა საბაჟო ორგანოსთვის.

აღნიშნულზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად:

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;

საბაჟო კონტროლი გულისხმობს, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, - იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

კანონმდებლობა პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება, აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო N -----/----- (-----) აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა. დადგენილია ასევე, რომ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა დაათვალიერა საწყობში განთავსებული საქონელი (დათვალიერების აქტი N -----/----- ----- ), რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ ქმედება გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის დაუდევრობითა და ინფორმაციის არასრულად მიწოდებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია, თუ პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში - თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევით კი არ დასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა საქონლის შემოტანა საბაჟო კონტროლის ქვეშ, თუმცა იგი დადგენილი წესის დარღვევით სხვა ადგილას გადაიტანეს, საბაჟო ლუქი მოხსნეს და საქონელი გადმოტვირთეს. შემდგომ საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რის გამოც პასუხისმგებელი პირი დაჯარიმდა. მომჩივანს დაერიცხა გადასახდელი თანხა, იმპორტის გადასახადი და საურავი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 172;