ბრძანება N 18700
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18700
31 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
"------" -ის (პასპ/ნ "------" )
(მის: "------" )
2023 წლის 14 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა "------" -ის (პასპ/ნ "------" ) №120655/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №EL215506 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, "------" -დან "------" -ში მიდიოდა საქართველოს გავლით. "------"-ში არსებული მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა საბანკო გადარიცხვის განხორციელება და დანაზოგი თანხა მიჰქონდა ნაღდი ფულის სახით. ასევე "------"-ის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის გამო, რადგან ავტომობილით გადაადგილება "------"-ის ფედერაციაში უსაფრთხო არ არის ფული დამალული ჰქონდა ავტომობილში სხვადსხვა ადგილას.
საქართველოს საზღვარზე შემოსვლისას მებაჟე ოფიცერმა ჰკითხა ჰქონდა თუ არა ნაღდი ფული ლარის ვალუტაში და გასცა უარყოფითი პასუხი რადგან ლარი საერთოდ არ ჰქონდა, სხვა ვალუტაში არსებულ თანხაზე ინფორმაციის მიწოდებამდე კი საბაჟოს თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს მისი კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკა. შესაბამისად საბაჟოს თანამშრომლების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ თანხა გადაჰქონდა მალულად, მაგრამ მას თანხის დამალვის მიზანი არ ჰქონია.
მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ მებაჟე ოფიცერმა არ იცოდა რუსული ენა და კომუნიკაციის პრობლემის გამო ჩათვალა თითქოს ის მალავდა ნაღდი ფულის ქონას და ცდილობდა მის მალულად გადატანას საზღვარზე. ამასთან მიაჩნია, რომ თანხის ჩამორთმევა უსაფუძვლოა და უნდა გამოეყენებინათ 10%-იანი ჯარიმა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 5 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „----- -ის " კონტროლის ზონაში "------"-ის მხრიდან №"------" მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა "------"-ის მოქალაქე "-------" ("------" პასპორტის №"------"). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირის გამოკითხვის დროს, აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის არც ნაღდი ფული.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა "-------" -ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების და ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის სათავსოში, საბარგულის სათადარიგო ნაწილების ჩანთაში, მაცივრის სპეციალურად მოწყობილ სამალავში და ხელბარგში, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 5 680 000 რუსული რუბლი, 20 000 აშშ დოლარი და 2 407 000 სომხური დრამი. აღნიშნული არადეკლარირებული ნაღდი ფულის ღირებულებამ მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 231 689,74 ლარი.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----- ის " უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 5 ივლისს შედგენილ იქნა №EL215506 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "-------" -ის (პასპორტის №"-------" ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა საქონლის (5 680 000 რუსული რუბლი; 20 000 აშშ დოლარი; 2 407 000 სომხური დრამი) ჩამორთმევა.
"-------" -ს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების არაერთი ფაქტი (2022- 2023 წლებში 14 შესვლა – გასვლა) უფიქსირდება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, აქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი
დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაში მიიღება კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობაც. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ზიანის მოცულობას. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ "-------" პირველად არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზეპირი გამოკითხვა მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ("------" ) ენაზე, რა დროსაც "------" -მა დასმულ კითხვაზე გარკვევით უპასუხა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ ჰქონდა, მათ შორის არც ნაღდი ფული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. "------" -ის (პასპ/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ თანხის ჩამორთმევა უსაფუძვლოა და უნდა გამოეყენებინათ 10%-იანი ჯარიმა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივანის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების და ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც ავტომობილის სათავსოში, საბარგულის სათადარიგო ნაწილების ჩანთაში, მაცივრის სპეციალურად მოწყობილ სამალავში და ხელბარგში, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი,.
მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,169(3),„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლი( მე-15 პუნქტი„დ“ )