ბრძანება N 10735
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10735
15.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 11 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 11 იანვრის №77949/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №005-200 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2019 და 2021 წლებში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ხარჯები აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 984 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. გადამხდელის განცხადებით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად დაკავშირებულია თანამშრომელთა საახალწლო კორპორატიულ ღონისძიებასთნ და ე.წ. „-------“. გადამხდელი მიუთითებს, რომ მათ მიერ დამფუძნებელ გერმანულ კომპანიაზე გაწეული მომსახურების საფასური ფორმირდება პრინციპით “ყოველთვიურ დანახარჯს + 10% მოგების მარჟა“. ამდენად, ზემოაღნიშნული წარმომადგენლობითი ხარჯები მთლიანად შესულია შესაბამისი თვის დანახარჯებში და შესაბამისად, მონაწილეობს კომპანიისათვის დამატებით 10%-იანი მოგების გამომუშავებაში.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისის №14477 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 13 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32728 ბრძანება და ამავე თარიღის №005-200 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 6 125 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 564 ლარი, ჯარიმა 2 062 ლარი, საურავი 499 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს მიერ გაწეულია წარმომადგენლობითი ხარჯები, რაც 2019 და 2021 წლებში აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 984 მუხლების თანახმად, საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა წარმოადგენს მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხას. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ ზღვრულ ოდენობაზე მეტმა თანხამ ჯამურად შეადგინა 23 387 ლარი (2019 წელი - 10 229 ლარი; 2021 წელი- 13 158 ლარი), საიდანაც ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი შეადგენს 4 124 ლარს (23387/0,85*0,15). ასევე, საწარმოს განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 984 მუხლის მიხედვით:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის წარმომადგენლობითი ხარჯი განისაზღვრება ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის შესაბამისად.
2. ამ კოდექსის 97-ე მუხლის მიზნებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.
3. საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯი არის – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;
დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;
დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;
დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;
დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;
დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ბუღალტრული პროგრამის მიხედვით განისაზღვრა საწარმოს მიერ 2019 და 2021 წლებში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ოდენობა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, კერძოდ, საწარმოს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტს. შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოაღნიშნულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრას, მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მიერ გაწეულია წარმომადგენლობითი ხარჯები, რაც 2019 და 2021 წლებში აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 984 მუხლების თანახმად, საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა წარმოადგენს მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხას.
შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 97; 984; 275; 269(7)