ბრძანება N 31481

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 31481
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31481

14 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 1 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 1 ნოემბრის №84581/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №055-7 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმებას. განმარტავს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, 2023 წლის იანვრის თვეში მომსახურება გაწეული აქვს შპს „---ს". აცხადებს, რომ მიღება-ჩაბარების და ხელშეკრულების საფუძველზე გამოიწერა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16243 ბრძანების საფუძველზე შპს „---ის“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ნოემბრისა და 2023 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24346 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №055-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 12 637 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 7 260 ლარი, ჯარიმა 3 723 ლარი და საურავი 1 654 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ 2023 წლის იანვრის თვეში მოხდა შპს „---თვის“ (ს/ნ ---) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე,---ის მუნიციპალიტეტში---- დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელებისთვის პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ეა----ის კორექტირება ეკ ----- საგადასახადო ანგარიშფაქტურით, რომლის საფუძველზეც მოხდა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახდის ჩათვლის უფლებით განთავისუფლების მიზნით, რადგან შპს ,,----“ არ ფიქსირდება გადასახადების ადმინისტრირების №996 ბრძანების 71-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების შესაბამისად შეღავათით მოსარგებლე პირთა სიაში, აღნიშნულ მომსახურებაზე ეკ --- კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დაექვემდებარა გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 71-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულების) შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით (მათ შორის, დღგ-ის გათავისუფლება) სარგებლობის მიზნით, ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარის მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი/მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ცვლილების შემთხვევაში დაზუსტებული ინფორმაცია.

6. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას, საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) ან/და მომსახურების გამწევი ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება.

დღგ-ისგან გათავისუფების შემთხვევაში საფ-ში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებული ღირებულების გადასახდის ჩათვლის უფლებით განთავისუფლების მიზნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შპს ,,----“ არ ფიქსირდება შეღავათით მოსარგებლე პირთა სიაში, ხოლო საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) ან/და მომსახურების გამწევი ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება, საგადასახადო შემოწმების მიერ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16243 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ნოემბრისა და 2023 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24346 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №055-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 12 637 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 7 260 ლარი, ჯარიმა 3 723 ლარი და საურავი 1 654 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 179; 172 (5).