ბრძანეაბ N 31084

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2023
№ დოკუმენტი 31084
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31084

12 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -------)

(მის: -------)

2023 წლის 25 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №128) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №85352/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №ა209-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, „გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ“ 2023 წლის 25 ოქტომბრის №26312 ბრძანებას და 25 ოქტომბრის №001-246 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით პროდუქციის იმპორტირება ხდება CPT ან CIP თბილისი მიწოდების პირობით, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, მათ კომპანიას გადამზიდავ კომპანიასთან კავშირი არ აქვს, მას ქირაობს მომწოდებელი. ანგარიშსწორებაც ხორციელდება, მხოლოდ მომწოდებელთან.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო მოთხოვნის გაუქმებას და დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მისი თანამონაწილეობით საკითხის ხელახლა შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25607 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „------“ (ს/ნ ------) საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CPT ან CIP თბილისი, დეკლარაციებში და მის თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისებში) ასევე გამოყოფილია საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელებიც სავარაუდოდ შესაძლებელია (მნიშვნელოვნად დაბალი იყოს) რეალურად/სრულად არ ასახავდეს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ, საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით სატრანსპორტო ზედნადებებით (-------) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს ------- ფილიალისგან (ს/ნ -------) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „-------ის ფილიალისგან საქართველოში“ (ს/ნ ------).

საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან აღსანიშნავია, შემდეგი:

1) უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „-------ის ფილიალმა საქართველოში“ (ს/ნ ------) გვაცნობა, რომ სატრანსპორტო ზედნადებებში (----) მითითებული თანხები სრულად ასახავს შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ დეკლარაციებით გაფორმებული ტვირთის შესაბამის სატრანსპორტო ზედნადებებში (------l) მითითებული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) ხარჯები ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს;

2) უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს ------ ფილიალისგან (ს/ნ ------) სატრანსპორტო ზედნადებების (-------) მიხედვით გამოგზავნილ ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველ დოკუმენტში მოცემული თანხები ასევე ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს.

მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის) და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს გაეგზავნა 2023 წლის 24 ოქტომბრის №----21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედური აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „-------“ (ს/ნ -------) შემოწმების შედეგად საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) - 190 820.38 ლარი ასევე სანქცია ჯარიმის სახით საბაჟო დეკლარაციებზე დაეკისრა 48 990.17 ლარი საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და რადგან შპს „------“ (ს/ნ -----) №-----21-10 12.12.2022 აქტით, №31447 14/12/2022 ბრძანებით და №001-233 14.12.2022 საგადასახადო მოთხოვნით დაჯარიმებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 167- ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო დეკლარაციებზე საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა და სანქცია ჯარიმის სახით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაეკისრა 251 969.44 ლარი, ხოლო ვინაიდან; საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის (პირველი და მე-2 ნაწილებით) გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ასევე გადამხდელს გაეგზავნა 2023 წლის 25 ოქტომბრის №26312 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2023 წლის 25 ოქტომბრის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა.

“საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემდებარეობის მიხედვით №21-10/------ 26/10/2023 წერილით ასევე გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

სადავო აქტები მომჩივანს გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით რომელთაც ადრესატი გაეცნო 2023 წლის 26 ოქტომბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო მოთხოვნის გაუქმებას და დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს მისი თანამონაწილეობით საკითხის ხელახლა შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის) და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1,2);