ბრძანება N 8524
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8524
19.04.2023
ფ/პ __________ (პ/ნ __________)
(მის.: __________, სოფ. __________)
2023 წლის 23 მარტის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის (ოქმი №33) სხდომაზე განიხილა ფ/პ __________ (პ/ნ __________) №79854/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხულ 2018-2022 წლების გადასახადს და ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №025-2023- 045165 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2017 წლიდან არ ცხოვრობს საქართველოში და არ ეწევა არანაირ საქმიანობას. აქვს გარკვეული ქონება საკუთარ სახელზე რეგისტრირებული. 2 კვირის წინ მიიღო შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე მის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის შესახებ და რამდენიმე დღეში ანგარიშიდან ჩამოეწერა 415.52 ლარი. არ იცოდა, თუ ერიცხებოდა დავალიანება და ასევე არ იცის რატომ ჩამოეწერა თანხა. ამასთან, არის ომისა და სამხედო ძალების ვეტერანი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ __________ (პ/ნ __________) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აქვს არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2018-2022 წლების ქონების გადასახადი (ყოველწლიური 63 ლარის ოდენობით). კერძოდ, 2020 წლის 5 ოქტომბერს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2018- 2019 წლების ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მოდულიდან „მიწის ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან“, 2019 წლიდან კი გადასახადი დარიცხულია ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205- ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადასახადი დარიცხულია ფ/პ _________ (პ/ნ __________) საკუთრებაში არსებულ ქალაქ __________, __________ მდებარე 320 მ2 (საკადასტრო კოდი __________) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. გადასახადის დარიცხვა განხორციელდა შემდეგი სავადო თარიღებით: 2020 წლის 5 ოქტომბრის სავადო თარიღით 63 ლარი (2018 წლის გადასახადი); 2020 წლის 5 ოქტომბრის სავადო თარიღით 63 ლარი (2019 წლის გადასახადი); 2020 წლის 16 ნოემბრის სავადო თარიღით 63 ლარი (2020 წლის გადასახადი); 2021 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით 63 ლარი (2021 წლის გადასახადი); 2022 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით 63 ლარი (2022 წლის გადასახადი).
ამასთან, ფ/პ __________ (პ/ნ __________3) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ მიწაზე ქონების გადასახადზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნებს (№_____; №_____; №_____, №_____; №_____) გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 15 მარტს (გადამხდელი ავტორიზებული გვერდის მომხმარებელია 2013 წლის 20 ნოემბრიდან. სადავო საგადასახადო მოთხოვნები საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 30 მარტის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება საურავი 0.15 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა №_____; №_____; №______, №______ და №______ საგადასახადო მოთხოვნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2018-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს საგადასახადო მოთხოვნა ჩაჰბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა.
ზემოაღნიშული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2023 წლის 7 მარტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ №025-2023-045165 ბრძანების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 მარტის №025-2023-045165 საინკასო დავალების საფუძველზე იმავე დღეს საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 415.52 ლარი, რომლითაც სრულად იქნა შესრულებული და შესაბამისად, გაუქმებული მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ __________ (პ/ნ __________) საჩივარი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს ფ/პ __________ (პ/ნ __________) პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ფ/პ __________ (პ/ნ __________) საჩივარი 2023 წლის 7 მარტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ №025-2023-045165 ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხულ 2018-2022 წლების გადასახადს და ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკურ პირს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მოდულიდან „მიწის ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან“, პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2018-2022 წლების ქონების გადასახადი.
მიწაზე ქონების გადასახადზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები, საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).
საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან საინკასო დავალების საფუძველზე ფიზიკური პირის ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა თანხები, რომლითაც სრულად იქნა შესრულებული და შესაბამისად, გაუქმებული მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 53; 61 (2 - ე); 64(2-ა); 205 (1); 205(131); 205 (13-ბ); 272(6)