ბრძანება N 19889
📄 სრული ტექსტი
N 19889
11 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ს“ (ს/ნ --------)
(მის.: -----------)
2023 წლის 27 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -------) №82625/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №006-315 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ დამფუძნებელ არარეზიდენტ საწარმოზე გაცემული დივიდენდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახდაო ვალდებულებებს. სადავო საკითხთან მიმართებაში აცხადებს, რომ დამფუძნებელზე გაცემულ თანხა არ წარმოადგენდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრს, ვინაიდან დამფუძნებელი საწარმო რეგისტრირებულია -------ში, ხოლო საქართველოს მთავრობასა და ---------ის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებით, პირი თავისუფლდება გაცემული დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულებისაგან. ასევე მიუთითებს, რომ რეალიზებული ავტომანქანით მიღებული თანხა, რომელიც გაიცა არარეზიდენტ საწარმოზე, წარმოადგენს დამფუძნებლისათვის ფულადი შენატანის ნაწილის უკან დაბრუნებას, ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება თავის დროზე შეძენილი იყო დამფუძნებლის მიერ განხორციელებული ფულადი შენატანით. ითხოვს მისი არგუმენტების გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისი №9950 და 27 ივნისის №14775 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრის სისწორის შემოწმების მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 ივლისის №15740 ბრძანება და ამავე თარიღის №006-315 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 8 804 ლარი, მათ შორის გადასახადი 5 449 ლარი, ჯარიმა 2 520 ლარი და საურავი 835 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს "--------" (ს/ნ ------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 3 ივნისიდან. პირი წარმოადგენს -------- საწარმოს - შპს "-------ს“ (ს/ნ -------) შვილობილ კომპანიას. შესამოწმებელ საწარმოს დამფუძნებელ პირზე (შპს "------" (ს/ნ ------)), 2022 წლის ივნისის თვეში განაწილებული აქვს დივიდენდი, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით. საწარმოს უფლებამოსილი პირის წარმოდგენილი განცხადების თანახმად, განაწილებული დივიდენდის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრა არ მომხდარა, ვინაიდან წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან --------თან გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოსა და -------ის სახელმწიფოს შორის გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და -------ის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმების შესაბამისად, საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდი, გადახდის წყაროსთან იბეგრება საქართველოში. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2022 წლის ივნისის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, სადაც განაწილებული დივიდენდის თანხა მითითებულია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გარეშე 88 009 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმებით, განაწილებულ დივიდენდად განისაზღვრა 92 641 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე, 154-ე, 97-ე, და 981 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს მთავრობასა და --------ის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დივიდენდები, რომლებიც ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი იქნება მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარის სახელმწიფოში.
2. ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ მხარის სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიცაა დივიდენდების გადამხდელი კომპანია, აღნიშნული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10%-ს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს 2022 წლის ივნისის თვეში განაწილებული აქვს დივიდენდი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ამავე საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში განაწილებული დივიდენდის თანხა მითითებულია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გარეშე.
გადამხდელის პოზიციასთან, ავტომანქანის დამფუძნებლის მიერ განხორციელებული ფულადი შენატანით შესყიდვასთან და რეალიზაციის შემდგომ დამფუძნებლის მიერ ფულადი შენატანის ნაწილის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის წარდგენილი განცხადებით, საბანკო ამონაწერითა და ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციით აღნიშნული ოპერაცია თავად მომჩივნის მიერ განხილულია დივიდენდად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოს მთავრობასა და ------ის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------ს“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ დამფუძნებელ არარეზიდენტ საწარმოზე გაცემული დივიდენდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახდაო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
პირი წარმოადგენს უცხოური საწარმოს შვილობილ კომპანიას. შესამოწმებელ საწარმოს დამფუძნებელ პირზე, 2022 წლის ივნისის თვეში განაწილებული აქვს დივიდენდი, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით. საწარმოს უფლებამოსილი პირის წარმოდგენილი განცხადების თანახმად, განაწილებული დივიდენდის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრა არ მომხდარა, ვინაიდან წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან შესაბამის ქვეყანასთან გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, შეთანხმების შესაბამისად, საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდი, გადახდის წყაროსთან იბეგრება საქართველოში. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2022 წლის ივნისის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, სადაც განაწილებული დივიდენდის თანხა მითითებულია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გარეშე 88 009 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 8(12), 97(1"ა"), 981(1), 130(1), 154(1"ზ"), 136(3).