ბრძანება N 18047
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18047
05 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------------------ის (პასპ/ნ ---------------------)
(მის.: --------------------------------------------)
2024 წლის 2 და 17 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ივლისის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა ------------------ის (პასპ/ნ ---------------------) №110178/21 და №119936/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ -----ში და მიღებული თანხა მიჰქონდა თან. თანხის წარმოშობის დასადასტურებლად აეროპორტში წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება დაასახელა თანხის ოდენობაც, თუმცა არ მისცეს თანხის გატანის უფლება დააჯარიმეს. მას არ ჰქონია თანხის დამალვის განზრახვა, პირიქით ის ცდილობდა პირნათელი ყოფილიყო სახელმწიფოს წინაშე.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად სანქციისგან გათავისუფლებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტი „--- აეროპორტი და ---- ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის“ მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ --- საერთაშორისო აეროპორტიდან „---------ი“ რეისით მიმავალი მგზავრების მიერ საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის სავალდებულო გავლისას, --------ის მოქალაქე ------------------ის (პასპ/ნ ---------------------) აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა განახორციელა შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დადასტურდა ---------ის მიერ არადეკლარირებული 121 500 აშშ დოლარის (მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად – 344173.05 ლარის) საქართველოს საზღვარზე გადაადგილების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ----------------ს არ მიუმართავს საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებისთვის თანხის დეკლარირების მიზნით.
ვინაიდან -------------ი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (121 500 აშშ დოლარი) და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტს.
გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის საბაჟო გამშვები პუნქტი „------- აეროპორტი და ------ ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ---------------ს (პასპორტის №-----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 34417.30 ლარის ოდენობით.
სგპ „---- აეროპორტი და ------ ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ გაფრენის დარბაზში განთავსებულია „წითელი“ და „მწვანე“ დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. ------------იმ მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელსაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გააქვს;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გამტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექვემდებარება:
გ) ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებული საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
დადგენილია, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მომჩივნისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------------------ის (პასპ/ნ ---------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად სანქციისგან გათავისუფლებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს თანამშრომლის მიერ მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმავალ მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა განახორციელა შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც დადასტურდა რომ მომჩივანი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (121 500 აშშ დოლარი) და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტს.
გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; 6; 27(1); 157(1.2.3); 163(1); 169(3.11);