გადაწყვეტილება №22492/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22492/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22492/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (----------) (პას. №----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 5.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22492/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 23.01.2024 წლის №EL239318 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 14.02.2024 წლის 3078 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

23.01.2024 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში ---------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ---------- მოქალაქე „----------“; პასპორტის №----------)..

საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვის დროს აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.

მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 14 400 აშშ დოლარი და 5 000 ევრო. აღნიშნულმა თანხამ მოცემული დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 52 759 ლარი და 72 თეთრი.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტს, რაზეც 23.01.2024 წელს შედგენილი №EL239318 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

მითითებული ჯარიმის თანხა, „----------“ მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს (საგადახდო დავალება №37567187).

№EL239318 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას მე-4 გრაფაში („საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი“) დაშვებულ იქნა შეცდომა, რაც გასწორდა საბაჟო დეპარტამენტის 31.01.2024 წლის №1663 ბრძანებით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.02.2024 წლის №3078 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ჟ“ და „ყ“ ქვეპუნქტებზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 169-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვის დროს მომჩივანმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.

დადგენილია ასევე, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე მეტი მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

29.12.2023 წელს მეუღლესთან ---------- და ბავშვთან ერთად, ჩამოფრინდა ---------- ქალაქ ----------, თან ჰქონდა თანხა 20 000 აშშ დოლარი, საბაჟო სამსახურმა ჰკითხა ამ თანხის შესახებ რაზეც უპასუხა, რომ აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა მას და მის მეუღლეს, რის გამოც არ გახდა საჭირო თანხის დეკლარირება, შემდეგ შემოუშვეს საქართველოში.

23.01.2024 წელს მეუღლე ---------- და ბავშვთან ერთად ბრუნდებოდა ---------- ---------- გავლით, სადაც გააჩერა მებაჟემ იმის გამო, რომ 20 000 აშშ დოლარი მთლინად მას ჰქონდა. უთხრეს რომ უნდა გადაეხადა ჯარიმა 5 000 ლარი.

განმარტავს, რომ არიან ---------- მოქალაქეები და არ იცოდა, რომ იმისათვის რომ პრობლემა არ შეჰქმნოდა, თანხა მას და მის მეუღლეს უნდა გაეყო. ამის გამო უწევს თანხის (ჯარიმის) გადახდა მაგრამ მას ნამდვილად არ სურდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. მიაჩნია, რომ საბაჟო სამსახურმა შეასრულა თავისი მოვალეობა, მან როგორც ---------- მოქალაქემ არ იცოდა, რომ ნაღდი ფული უნდა გაეყო ოჯახის ყველა წევრზე, რის გამოც მოუწია ჯარიმის გადახდა.

ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა 5 000 ლარი და დაუბრუნდეს თანხა მის ოჯახს, რადგან ---------- დატოვეს საომარი მოქმედების დროს, რომ გადარჩენილიყვნენ. ეს თანხა სჭირდებოდათ საქართველოში საცხოვრებლად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეოდა აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:

ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;

ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;

გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 14 400 აშშ დოლარი და 5 000 ევრო. აღნიშნულმა თანხამ 23.01.2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 52 759 ლარი და 72 თეთრი.

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 29.12.2023 წელს მეუღლესთან ---------- და ბავშვთან ერთად, ჩამოფრინდა ---------- ----------დან ქალაქ ----------, თან ჰქონდა თანხა 20 000 აშშ დოლარი, საბაჟო სამსახურმა ჰკითხა ამ თანხის შესახებ რაზეც უპასუხა, რომ აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა მას და მის მეუღლეს, რის გამოც არ გახდა საჭირო თანხის დეკლარირება, შემდეგ შემოუშვეს საქართველოში.

23.01.2024 წელს მეუღლე ---------- და ბავშვთან ერთად ბრუნდებოდა ---------- ---------- გავლით, სადაც გააჩერა მებაჟემ იმის გამო, რომ 20 000 აშშ დოლარი მთლინად მას ჰქონდა. უთხრეს რომ უნდა გადაეხადა ჯარიმა 5 000 ლარი.

არიან ---------- მოქალაქეები და არ იცოდა, რომ იმისათვის რომ პრობლემა არ შეჰქმნოდა, თანხა მას და მის მეუღლეს უნდა გაეყო. ამის გამო უწევს თანხის (ჯარიმის) გადახდა მაგრამ მას ნამდვილად არ სურდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. მიაჩნია, რომ საბაჟო სამსახურმა შეასრულა თავისი მოვალეობა, მან როგორც ---------- მოქალაქემ არ იცოდა, რომ ნაღდი ფული უნდა გაეყო ოჯახის ყველა წევრზე, რის გამოც მოუწია ჯარიმის გადახდა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე საქმეზე წარმოდგენილ ვიდეომასალაზე და მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 23.01.2024 წლის №EL239318 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 23.01.2024 წლის №EL239318 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 14 400 აშშ დოლარი და 5 000 ევრო. აღნიშნულმა თანხამ 23.01.2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა 52 759 ლარი და 72 თეთრი. საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 29.12.2023 წელს მეუღლესთან და ბავშვთან ერთად, ჩამოფრინდა თბილისში, თან ჰქონდა თანხა 20 000 აშშ დოლარი, საბაჟო სამსახურმა ჰკითხა ამ თანხის შესახებ რაზეც უპასუხა, რომ აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა მას და მის მეუღლეს, რის გამოც არ გახდა საჭირო თანხის დეკლარირება, შემდეგ შემოუშვეს საქართველოში. 23.01.2024 წელს მეუღლე და ბავშვთან ერთად ბრუნდებოდა სქართველოში გავლით, სადაც გააჩერა მებაჟემ იმის გამო, რომ 20 000 აშშ დოლარი მთლინად მას ჰქონდა. უთხრეს რომ უნდა გადაეხადა ჯარიმა 5 000 ლარი. არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და არ იცოდა, რომ იმისათვის რომ პრობლემა არ შეჰქმნოდა, თანხა მას და მის მეუღლეს უნდა გაეყო. ამის გამო უწევს თანხის (ჯარიმის) გადახდა მაგრამ მას ნამდვილად არ სურდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. მიაჩნია, რომ საბაჟო სამსახურმა შეასრულა თავისი მოვალეობა, მან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ არ იცოდა, რომ ნაღდი ფული უნდა გაეყო ოჯახის ყველა წევრზე, რის გამოც მოუწია ჯარიმის გადახდა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 23.01.2024 წლის №EL239318 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 169(2).