გადაწყვეტილება №26987/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26987/2/2026
18 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 25.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26987/2/2026).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2025 წლის N 077-40 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 06.03.2026 წლის N 4996 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 43 352,37 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 24 393,45 ლარი;
ჯარიმა - 12 196,70 ლარი;
საურავი - 6 762,22 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიისთვის მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 12.01.2023 წელს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 01.02.2024 წლიდან 01.09.2024 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2024 წლის თებერვლის, აპრილის, მაისის, ივლისის და აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი წარმოადგენს შპს "-----"-ს (ს/ნ ----- ) პარტნიორ კომპანიას, რომელიც ტაქსით მომსახურების ორგანიზებას ახორციელებს "-----" -ს პროგრამის მეშვეობით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, დღგ-ით დაბეგრილი არ იყო გამოწერილი ელ. ანგარიშ - ფაქტურები მიღებულ ბონუსებთან დაკავშირებით. ამასთან, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჰქონდა ელ. ანგარიშ - ფაქტურები შპს „-----”-სგან (ს/ნ -----) (----- ), რომლის შესაბამისი დღგ-ის თანხა არ იყო ჩათვლილი. აღნიშნული რეალურად წარმოადგენდა მძღოლის მიერ იანდექსისთვის აპლიკაციის გამოყენებისათვის ასანაზღაურებელ თანხებს. შემოწმების ანალიზით, ვინაიდან ელექტრონული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „-----“ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრული იყო მხოლოდ მის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების თანხა, შპს „----- “ მიერ გამოწერილ ელ. ანგარიშ - ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხები არ იქნა მიჩნეული ჩასათვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 16.12.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის N 27585 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 077-40 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 06.03.2026 წლის N 4996 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები მიღებულ ბონუსებთან დაკავშირებით, რომელიც ასახული არ არის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
შპს „-----“ შემოწმებულ პერიოდებში საზოგადოების მიერ დაბეგრილი იყო მომსახურების საკომისიო თანხა, რომელიც არის 5%, რომელიც სრულიად არის დაბეგრილი. საზოგადოების საქმიანობაა ტაქსოკომპანიის საშუამავლო მომსახურება, საიდანაც შემოსავალია მისი საქმიანობის 5%, იგი სრულიად არის დაბეგრილი და გადახდილი ბიუჯეტში, სხვა შემოსავალი არ გააჩნია საზოგადოებას, მომჩივანი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას დარიცხული თანხის კორექტირებას. მარკეტინგული მომსახურეობის შემოსავალი მთლიანდ გაცემულია მძღოლებზე, მისი დაბეგვრა და ბიუჯეტში გადახდა კომპანიისთვის შეუძლებელია და გამოიწვევს ზარალს. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საზოგადოება ბეგრავდა მომსახურების 5 პროცენტიან საკომისიოს, ხოლო საზღაური მარკეტინგული მომსახურებისთვის გაცემული იყო მძღოლებზე.
აუდიტის დეპარტამენტის 03.04.2026 წლის N ----- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი:
მომჩივნის ძირითადი საქმიანობაა ტაქსოპარკის საქმიანობა, კერძოდ ის წარმოადგენდა შპს "-----" (ს/ნ -----) პარტნიორ კომპანიას, რომელიც ტაქსით მომსახურების ორგანიზებას ახორციელებდა "-----" პროგრამის მეშვეობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, შპს "------"-ს მიერ არ იყო დღგ-ით დაბეგრილი გამოწერილი ელ. ანგარიშ - ფაქტურები მიღებულ ბონუსებთან დაკავშირებით. ამასთან, საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჰქონდა ელ. ანგარიშ - ფაქტურები შპს "-----"-სგან (ს/ნ -----) (----- ), რომლის შესაბამისი დღგ-ის თანხა არ არის ჩათვლილი. აღნიშნული რეალურად წარმოადგენდა მძღოლის მიერ იანდექსისთვის აპლიკაციის გამოყენებისათვის ასანაზღაურებელ თანხებს. შემოწმების ანალიზით, ვინაიდან ელექტრონული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შპს "----- " (ს/ნ ----- )-ს დღგ-ით დასაბეგრ ბაზად გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულია მხოლოდ მის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების თანხა, შპს ----- მიერ გამოწერილ ელ. ანგარიშ - ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხები არ ექვემდებარება ჩათვლას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ ბონუსებიდან მიღებული თანხები სრულად არ დაბეგრა დღგ-ით და არასწორად ჩაითვალა პარტნიორი კომპანიის მიერ გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურების დღგ. ამის გამო მას დაერიცხა დამატებითი დღგ და ჯარიმა. აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
158; 159; 163(2); 164(1);. 275;.