გადაწყვეტილება №22288/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22288/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 16.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22288/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №081-157 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23584 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 246 670 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 149 282
დღგ - 51 111
საშემოსავლო გადასახადი - 97 541
ქონების გადასახადი - 630
ჯარიმა - 81 427
საურავი - 15 961
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სურსათით ვაჭრობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 4.12.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 28.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:
- კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 211 240 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები, როგორც ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობის ნაწილში, ასევე სურსათით ვაჭრობაში განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: ხილ-ბოსტნეულის ნაწილში შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულია, საქონლის სახეობების მიხედვით, დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო იმ პერიოდში, როცა არ ფიქსირდებოდა საქონლის სარეალიზაციო ფასი გავრცელებულია კონკრეტული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი, ხოლო სურსათით ვაჭრობის ნაწილში გამოყენებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი 15% (აღნიშნული ემთხვევა საწარმოს დირექტორის მიერ წარდგენილ განმარტებაში დაფიქსირებულ ფასნამატს).
შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 495 185 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 283 945 ლარი (დღგ-ის გარეშე) 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების შედეგად, ხილ-ბოსტნეულით და სურსათით ვაჭრობის ნაწილში დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 322 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ფულის ნაშთი 322 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291- ე მუხლებით.
- საწარმოს 2022 წლის ივნისში შეძენილი აქვს სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რომლის საშუალებითაც შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და მესამე მხარეებისგან მიღებული ინფორმაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებით მიღებული შემოსავლების ნაწილი, ხოლო იმ მიმართულებაზე, სადაც გადამხდელს არ უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვით მიღებული შემოსავალი, თუმცა იდენტიფიცირდება გადაზიდვის მიმართულება, გამოყენებულია შემოწმებით დადგენილი გადაზიდვების საშუალო ფასი.
აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვების შედეგად მიღებული შემოსავლების ოდენობა, რომელიც შეადგენს 128 094 ლარს, ასევე შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული იმ ხარჯების ოდენობა, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ გადაზიდვებს, კერძოდ: გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე გაანგარიშდა გადაზიდვასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები და ხელფასის სახით გადახდილი თანხების რაოდენობა. საწარმოს დირექტორის განმარტებით მივლინების ხარჯი შეადგენდა 15 დოლარს, ხოლო დაქირავებული მძღოლისათვის ხდებოდა ხელფასის სახით 1 კილომეტრზე 10 ცენტის ანაზღაურება, რომლითაც დადგენილია შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ გადაზიდვებზე მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი.
საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად გადაზიდვის მომსახურების ნაწილში გამოვლენილი ფულის ნაშთი (მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა) 53 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, შედეგად გადაზიდვის მომსახურების მიმართულებების და გავლილი მანძილის გათვალისწინებით გაანგარიშდა მძღოლზე გადახდილი ხელფასის ოდენობა, რაც შეადგენს 15 165 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18945 ბრძანება და 3.08.2023 წლის №081-157 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2023 წლის №23584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.12.2023 წლის №20994/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი მომართავს საბჭოს ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს მომართავს ახლად აღმოჩენილი გარემოებით და განმარტავს, რომ რა მონაცემებზე დაყრდნობით გაიანგარიშა შემმოწმებელმა 320 000 ლარი დირექტორის ხელფასი, საიდან ამხელა მოგება? კომპანიას ჰქონდა სულ 200 000 ლარის ბრუნვა და 150 პროცენტი იყო მოგება? თუ რა ხდება? ითხოვს საკითხი შესასწავლად დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს, რომელმაც ცხრილების სახით უნდა წარუდგინოს გაანგარიშება. ასევე, ხილის და ბოსტნეულის რეალიზაცია განხორციელებულია სასაქონლო ზედნადებით და რატო მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხვა? რატო არ მოხდა დოკუმენტურად რეალიზაციის გათვალისწინება?
ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და ახალი გონივრულად გადათვლილი ბრძანების გამოცემას, რომელსაც დაეთანხმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სურსათით ვაჭრობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 26.09.2023 წლის №23584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.12.2023 წლის №20994/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანი მომართავს საბჭოს ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებაზე.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას და მიაჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 308(1)