გადაწყვეტილება №21551/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2024
№ დოკუმენტი 21551/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21551/2/2023

07 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ე“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ეს“ 10.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21551/2/2023).

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №084-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №19956 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 490 251 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 933 238

დღგ - 283 238

საშემოსავლო გადასახადი - 650 000

ჯარიმა - 471 408

საურავი - 85 605

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ასევე, მცირე რაოდენობის ფქვილის, ქატოს და შაქრის შეძენარეალიზაცია. კომპანია 2023 წლის 1 მარტიდან ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10057 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 14 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 674 793 ლარს (დღგ-ის გარეშე). კომპანიის დირექტორის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს არ გააჩნია საქონლის ნაშთი. სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო ფქვილის, ქატოს და შაქრის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა დირექტორის ახსნა-განმარტების შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც დაემატა დოკუმენტურ რეალიზაციას. შედეგად, შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 5 246 050 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა - 1 571 257 ლარი (დღგ-ის გარეშე), საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოვლენილი შემოსავალი - 2 600 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული. ასევე, საწარმოს დირექტორის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით დამატებით დადგენილი, მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება კომპანიის დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №13713 ბრძანება და №084-7 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 490 251 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 2 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 აგვისტოს №19956 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2023 წლის №20642/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა 10.12.2023 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო ითხოვს აუდიტის დეპარტამენტში თავიდან გადაანგარიშებას. ითხოვს გულთან მიიტანონ მისი პრობლემა და კარგად გადახედონ თუ საიდან მოვიდა ამხელა საშემოსავლო გადასახადი. კომპანია მუშაობდა მალფუჭებად საქონელზე, რამდენ პროცენტიანი ფასნამატი გაუვრცელეს, თუ შეიძლება წარმოადგინოს ცხრილები აუდიტორმა. საჩივრის მიუხედავად დაარიცხა დავალიანება და სასამართლოში გაუშვა -------ძე, ვინც დღესაც სახელმწიფო შემწეობას იღებს, არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ჰყავს მეუღლე და 8 შვილი. არანაირი ღირებული ქონება არ გააჩნია, არის სოციალურად დაუცველი და ვერც ბაჟის ფულს გადაიხდის და ვერც ადვოკატების, რადგან შვილები მშიერი დარჩება.

მომჩივანი ითხოვს მიღებულ იქნას გონივრული გადაწყვეტილება და საკითხი დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს და ყველანაირად შეეცდება ყველა ცხრილი თვითონ მიაწოდოს. თუ ამდენი თანხა წაიღო ხელფასის სახით, როგორ ცხოვრობს ერთ დანგრეულ სახლში სოფელ -----ში. გადამოწმდეს ან მას ან მის ოჯახის წევრს თუ რაიმე ღირებული გააჩნია. ვალების მეტი არაფერი უნახავს ამ კომპანიიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, თუმცა ვერ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დავის განახლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10057 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 14 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ივნისის №13713 ბრძანება და №084-7 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 490 251 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 2 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 აგვისტოს №19956 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2023 წლის №20642/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა 10.12.2023 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დავის განახლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7); 308(1);