ბრძანება N 21665

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2026
№ დოკუმენტი 21665
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21665

02 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------)

(მის.: ----------------------------------)

2026 წლის 22 ივლისის, 11 აგვისტოს და 18 სექტემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს, 17 და 24 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №73, №85 და №88) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) №103594/1/2026, №103986/1/2026 და №104654/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივნისის №225-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №6480 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 20 აგვისტოდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 23 ივნისს გამოსცა №13750 ბრძანება და №225-10 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 353 809 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 220 854 ლარი

დღგ - 98 271

საშემოსავლო გადასახადი - 122 583

ჯარიმა - 110 426

საურავი - 22 529

 

საკითხი №1.

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

. კომპანია დაფუძნდა და დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2024 წლის 20 აგვისტოს. ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა. საქმიანობა ხორციელდება დამფუძნებლის საკუთრებაში არსებულ ფართში, რომელიც კომპანიას იჯარით აქვს აღებული. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა „ორისი“. პროგრამაში საქონლის შეძენები ასახულია მხოლოდ კონტრაგენტების მიხედვით, რის გამოც შეუძლებელია მიღებული, გამოყენებული და ნაშთად დარჩენილი პროდუქციის სახეობრივი იდენტიფიცირება. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის მონაცემების საფუძველზე ვერ ხერხდება საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელება. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას შეძენილი აქვს 236 629 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. სხვა საკვები პროდუქტები შეძენილია არაარსებითი ოდენობით. ამასთანავე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რესტორნის მენიუ და ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ობიექტი გაწევდა სრულფასოვან სარესტორნო მომსახურებას (ძირითადად ქართული სამზარეულო). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დათვლილი იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა, ასევე გათვალისწინებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ კონკრეტული მენიუს შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის ოდენობა და აღნიშნული მენიუების საშუალო ფასი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში (ორისი) საქონლის შეძენები ასახულია მხოლოდ კონტრაგენტების მიხედვით, რის გამოც შეუძლებელია მიღებული, გამოყენებული და ნაშთად დარჩენილი პროდუქციის სახეობრივი იდენტიფიცირება. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის მონაცემების საფუძველზე ვერ ხერხდება საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელება. შემოწმების შედეგად, ელექტრონული ბაზების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სხვა მონაცემების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის ანალიზისას შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს მიერ განხორციელებული საქონლის შესყიდვების ხარჯების ფულად განაცემებში ასახვის საკითხი. შემოწმების მიერ ხარჯები ნაწილობრივ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ანალიზის შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და ანალიზის შედეგად მიჩნეული ხარჯების ღირებულებების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის დებულებების შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთმა შეადგინა 490 335 (აგროსილი 612 918) ლარი. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დგინდება ზემოაღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, შესაბამისად, აღნიშნული დაშვებით დაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი ჩათვლილ იქნა საზოგადოების დირექტორზე --------ზე (პ/ნ ------) გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მიღებული ფულადი სახსრები განსაზღვრულ იქნა შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების რაოდენობის მიხედვით. შემოსავლების გაანგარიშება კი მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დათვალეს შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა. შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 27 927 ცალი არაალკოჰოლური სასმელი, საიდანაც ზედნადებით გაყიდულია 173 ბოთლი, ხოლო ადგილზე დარჩა 27 754 ცალი ბოთლი. 10 ბოთლის 300 ლარიან მენიუზე გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებამ განსაზღვრა, რომ კომპანიას შემოსავალი უნდა მიეღო 832 620 ლარი. შემოწმებამ მენიუში ნახა, რომ ცალკე არის სასმელების მენიუ. სასმელები განთავსებულია მაცივარში და იყიდება ცალკეც. შესაბამისად, აქვთ ტერმინალზე და საკონტროლო სალარო აპარატში გატარებული რეალიზაციის მცირე თანხები (3,5,10 და ა.შ ლარი), გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თანახმად, რეალიზაციას უკეთებენ ცარიელ ბოთლებს (მეორად ბოთლს). როდესაც რესტორანში არაალკოჰოლური სასმელი იყიდება ბოთლით ადგილზე მოხმარებისთვის, ბოთლი რჩება ობიექტზე, ის ან ტყდება ან ბრუნდება ტარის მიმღებთან შესაბამისი ანაზღაურებით. შემოწმების აქტით და გაანგარიშების თანახმად, შეძენილია 27 754 ბოთლი, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ჩანს, რომ უკან დაბრუნებულია (რეალიზებულია) მეორადი ბოთლი 16 360 ცალი. ეს ფაქტი პირდაპირ ადასტურებს, რომ სასმელი გაიყიდა ბოთლით და მომხმარებელმა გაიტანა გარეთ. აქედან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ფაქტობრივი გარემოებებით. შემოწმების მიერ იმის დაშვება, რომ შეძენილი ბოთლების 100% მოხმარდა რესტორნის მენიუებს, არ არის ობიექტური, მაშინ როდესაც არსებობს მეორადი ბოთლის დოკუმენტალური დადასტურება. ამასთანავე, აუდიტის მიერ გამოყენებული მოდელი 10 ბოთლზე 300 ლარიანი მენიუს მიწერა ეკონომიკურად და ლოგიკურად აბსურდულია დელივერისა და წასაღები გაყიდვების ჭრილში. რადგან, დელივერის შემთხვევაში შეუძლებელია საშუალო ჩეკი იყოს 300 ლარი. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, შესაბამისად, აღნიშნული დაშვებით დაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი ჩათვლილ იქნა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებას არ აქვს უფლება იანგარიშოს მხოლოდ სავარაუდო შემოსავალი და არ გაითვალისწინონ ხარჯები, რომლის გაწევის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ შემოსავლის მიღება. 300 ლარიანი მენიუ არ შედგება მხოლოდ სასმელისაგან, მასში შედის კერძებიც. შემოწმებით, კომპანიას სულ შეძენილი აქვს 246 718 ლარის საკვები პროდუქტები. შესაბამისად უნდა გაზარდონ გაწეული ხარჯის თვითღირებულებაც. შემოსავლის გაზრდა ხარჯის გაზრდის გარეშე ნიშნავს, რომ პროდუქციას ჰქონდა 240% ფასნამატი, რაც არარეალურად მაღალი მარჟაა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით ჰქონდა დამფუძნებლის მიერ შემოტანილი კაპიტალი 161665 ლარი. აღნიშნული უნდა ჩაითვალოს შემოტანილი კაპიტალის უკან დაბრუნებად, რაც არ იბეგრება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ კომპანიიდან არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლის გაცემას, შემოწმებას ჯერ უნდა დაეფარა დამფუძნებლის წინაშე ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადამხდელს უნდა მიეცა თანხმობა აღნიშნული თანხის ხელფასად ჩათვლაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის)შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას შეძენილი აქვს 236 629 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. სხვა საკვები პროდუქტები შეძენილია არაარსებითი ოდენობით. ამასთანავე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რესტორნის მენიუ და ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ობიექტი გაწევდა სრულფასოვან სარესტორნო მომსახურებას (ძირითადად ქართული სამზარეულო). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დათვლილი იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა, ასევე გათვალისწინებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ კონკრეტული მენიუს შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის ოდენობა და აღნიშნული მენიუების საშუალო ფასი, რის შედეგადაც, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის ანალიზისას შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს მიერ განხორციელებული საქონლის შესყიდვების ხარჯების ფულად განაცემებში ასახვის საკითხი. შემოწმების მიერ ხარჯები ნაწილობრივ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ანალიზის შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და ანალიზის შედეგად მიჩნეული ხარჯების ღირებულებების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთი ჩათვლილ იქნა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამაში საქონლის შეძენები ასახულია მხოლოდ კონტრაგენტების მიხედვით, რის გამოც შეუძლებელია მიღებული, გამოყენებული და ნაშთად დარჩენილი პროდუქციის სახეობრივი იდენტიფიცირება, შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ საბანკო ანგარიშის მეშვეობით განხორციელებული შენატანების საერთო ოდენობა შეადგენს 7 800 ლარს. გარდა ამისა, გადამხდელს არ წარმოუდგენია დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანის განხორციელების შესახებ პარტნიორთა/დამფუძნებლის გადაწყვეტილება (კრების ოქმი) ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალის გაზრდის ან დამატებითი შენატანის განხორციელების ფაქტს. შესაბამისად, შემოწმების მიმდინარეობისას არ არსებობდა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებისათვის საჭირო დოკუმენტური საფუძველი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საკითხი №2.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6480 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 20 აგვისტოდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №13750 ბრძანება და №225-10 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას შეძენილი აქვს 236 629 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. სხვა საკვები პროდუქტები შეძენილია არაარსებითი ოდენობით. ამასთანავე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რესტორნის მენიუ და ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ობიექტი გაწევდა სრულფასოვან სარესტორნო მომსახურებას (ძირითადად ქართული სამზარეულო). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დათვლილი იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა, ასევე გათვალისწინებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ კონკრეტული მენიუს შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის ოდენობა და აღნიშნული მენიუების საშუალო ფასი, რის შედეგადაც, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის ანალიზისას შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს მიერ განხორციელებული საქონლის შესყიდვების ხარჯების ფულად განაცემებში ასახვის საკითხი. შემოწმების მიერ ხარჯები ნაწილობრივ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ანალიზის შედეგად, მიღებული შემოსავლებისა და ანალიზის შედეგად მიჩნეული ხარჯების ღირებულებების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთი ჩათვლილ იქნა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 269(7);