ბრძანება N 27450

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2023
№ დოკუმენტი 27450
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27450

07 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ---)

(მის.: ---) 2023 წლის 25 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „----ს“ (ს/ნ ---) №83266/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №125-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების მე-9 დანართზე და აცხედებს, რომ გადასახადის გადამხდელის სალაროში 2023 წლის 28 თებერვალს არსებული ნაშთი 179 552 ლარით მეტი უნდა ყოფილიყო ვიდრე გონივრული ნაშთი (179 552/0,8*0,2=44 888). სინამდვილეში საბუღალტრო მონაცემებით, საბუღალტრო ბრუნვითი უწყისით და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 2023 წლის თებერვლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით დასტურდება, რომ 2023 წლის 28 თებერვლისთვის სალაროს ნაშთი შეადგენდა 464.50 ლარს. ამასთან, 2023 წლის თებერვალში საწარმოს საკასო შემოსავლებმა შეადგინა 58 483 ლარი, რაც დასტურდება საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მაჩვენებლებით, რომლის გადამოწმება სავსებით შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებგვერდზე. აღნიშნული მონაცემის გათვალისწინებით სალაროს გონივრული ნაშთი 2023 წლის 28 თებერვლისთვის შეადგენს 5 848 ლარს, რაც გაცილებით აღემატება 464.50 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აცხადებს, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში არამართლზომიერია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6712 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 აგვისტოს №19755 ბრძანება და №125-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 127 172 ლარი, მათ შორის, გადასახადი 78 204 ლარი, ჯარიმა 38 874 ლარი, საურავი 10 094 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთების შეძენა-რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა, ჩამოწერებს ახორციელებს უმეტესად წლის ბოლოს ჯამური თანხით. შემოწმებამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2021 წელს დოკუმენტური ფასნამატები ედრებოდა დეკლარირებულ ფასნამატს (30%), შესაბამისად, არ მოხდა დამატებით ბრუნვის გაზრდა. 2022 წელს გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი იყო 17%, ხოლო შემოწმებით განსაზღვრული- 28%. 2023 წელს (იანვრის და თებერვლის საანგარიშო პერიოდი) გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები, ბრუნვაში ასახული აქვს 194 222 ლარი, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში არ განუხორციელებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოხდა საბოლოო სმფ-ის ნაშთის დაკორექტირება (28%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით).

2022 წელს საცალოდ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით, შეძენების წილის პროპორციულად) გავრცელებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე დათვლილი ფასნამატი - საშუალოდ 28%. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---ს“ დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. საწარმო შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ N9 დანართის შესაბამისად, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10% (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი და ხარჯი), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი. მოცემულ პირობებში, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2023 წლის თებერვლის თვის არაგონივრული ნაშთის მიმართ. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, წარმოდგენილია საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა, რომლითაც საქონლის ჩამოწერები ხორციელდება უმეტესად წლის ბოლოს ჯამური თანხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. მოცემულ პირობებში, უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ N9 დანართის შესაბამისად, გაანგარიშებული იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერია შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 აგვისტოს №19755 ბრძანება და №125-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 127 172 ლარი, მათ შორის, გადასახადი 78 204 ლარი, ჯარიმა 38 874 ლარი, საურავი 10 094 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4, 5, 9); 136; 49; 61; 8 (22); 158; 163; 164; 101; 154; 43.