გადაწყვეტილება №20381/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20381/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20381/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20381/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. ფიქტიური გარიგებების მონაცემების შემცველი დოკუმენტებით დღგ-ის (ბრუნვის და ჩათვლის) შემცირება და ჯარიმის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №006-178 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14639 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9 092 879 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - (-16 452)

დღგ - (-18 027)

საშემოსავლო გადასახადი - 1 575

ჯარიმა - 9 109 331

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია. საწარმო საქმიანობას ახორციელებს ------- და ------- მუნიციპალიტეტებში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 3 მაისის №9743 ბრძანება და ამავე თარიღის №006-178 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14639 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოწმების შედეგად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, 2021-2022 წლებში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა გაცემული ხელფასი 7 875 ლარის ოდენობით, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14639 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, ხოლო ამავე ბრძანებაში თუ რატომ და რის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა საჩივარი არ არის დაფიქსირებული, ასევე არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არც აუდიტის დეპარტამენტს და არც შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს არ წარუდგენია და არც დაუფიქსირებია თავიანთ ბრძანებებში და შემოწმების აქტში, აქედან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოდან ითხოვს, რომ სერიოზულად მიუდგეს საჩივრის განხილვას.

აუდიტის დეპარტამენტს არ ეთანხმება გადასახადის გაანგარიშებაში, აუდიტის დეპარტამენტმა ხელფასად განაცემი თანხა განსაზღვრა - 7875,0 ლარით აღნიშნული თანხიდან გაიანგარიშა საშემოსავლო გადასახადი - 1575,0 ლარი. ვინაიდან საწარმომ ხელფასები გადაუხადა ფიზიკურ პირებს მაგრამ გადახდა განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. ე.ი. აუდიტის მიერ გაანგარიშება განხორციელდა ე.წ. ,,აგროსვის" მეთოდით და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ნაცვლად 20%-ისა როგორც ეს დადგენილია საგადასახადო კოდექსით, გამოიყენა 25%-იანი განაკვეთი, შესაბამისად ხელოვნურად გაზრდილი იქნა დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, აქედან გამომდინარე ითხოვს მოხდეს საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ 2021 – 2022 წლებში საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა გაცემული 7 875 ლარის ოდენობით ხელფასი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვის კორექტირების საფუძველი.

 

2. ფიქტიური გარიგებების მონაცემების შემცველი დოკუმენტებით დღგ-ის (ბრუნვის და ჩათვლის) შემცირებ და ჯარიმის დაკისრება

ფაქტების აღწერა

მომჩივნის მიერ შპს ,,-------’’ (ს/ნ -------) სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა მიხედვით განსაზღვრული თანხები გადამხდელის მიერ დეკლარირებულია. ასევე, გადამხდელს ჩათვლილი აქვს შპს ,,-------’’-სგან (ს/ნ -------), შპს ,,-------’’ (ს/ნ -------), შპს ,,-------’’-სგან (ს/ნ -------) და შპს ,,-------’’ (ს/ნ -------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა და გამოწერილ/მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩათვლილი დღგ-ის თანხები. საწარმოს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282- ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და დადგენილი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე გამოწერილი/მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ჩათვლილი დღგის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმების შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია წარმოადგენს შპს ------- ქვეკონტრაქტორ კომპანიას. სამუშაოს დამკვეთია შპს -------, რომელიც თავის მხრივ სამუშაოს იღებს სახელმწიფო დაწესებულების მიერ გამოცხადებული მოგებული ტენდერებით.

დერებით. შპს ,,-------" ტენდერით მიღებულ სამუშაოების გარკვეულ ნაწილზე უფორმებს ხელშეკრულებას სამუშაოების შესრულებაზე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ პატიოსნად და კანონმდებლობის სრული დაცვით შეასრულა ყველა სამუშაოები და შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტით ჩააბარა დამკვეთს შპს ,,-------, სამუშაოების ჩაბარების შემდგომ გამოწერილი იქნა დღგ-ს ელ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის მონაცემები ასახული იქნა დღგ-ს ყოველთვიურ დეკლარაციებში და დეკლარირებული იქნა შემოსავლების სამსახურში, აღნიშნულ სამუშაოებზე მათი მხრიდან სამუშაოების შესრულებაზე გაფორმებული იქნა ხელშეკრულებები შპს ,,-------" -სთან (ს/კ -------) შპს ,,-------" (ს/კ -------) შპს ,,-------"-თან (ს/კ -------) და შპს ,,-------" (ს/კ -------) რომლებთანაც სამუშაოების შესრულებაზე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები და ამის საფუძველზე მათ მიერ იწერებოდა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის მონაცემები აისახებოდა დღგ-ს ყოველთვიურ დეკლარაციებში ჩასათვლელი დღგ-ს გრაფაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უსაფუძვლოდ იქნა გაუქმებული როგორც მათი რეალიზაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშფაქტურები ისე ჩასათვლელი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურები. დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების გაუქმების საფუძვლად შემოწმების აქტში დაფიქსირებულია ,, - საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებით ირკვევა რომ აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა და გამოწერილ მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. -" სხვა რაიმე კონკრეტული განმარტება ანგარიშ-ფაქტურების გაუქმების შესახებ არ არის დაფიქსირებული.

შესრულებული სამუშაოები საბოლოოდ ჩაბარებული აქვს სახელმწიფოს - როგორც დამკვეთს და სამუშაოების ჩაბარებისას სამუშაოების შესრულებაზე ჩატარებული აქვს შესაბამისი ექსპერტიზა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამუშაოები ხარისხობრივად და რაოდენობრივად სრულად არის შესრულებული და მათი ფიქტიურად ან ყალბად არცერთ ორგანოს არ უცვნია, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების ყალბად ცნობაზე ან ფიქტიურ ოპერაციად დადგენის შესახებ, შემოწმების აქტში დაფიქსირებული პოზიცია, რომ ანგარიშ-ფაქტურები ყალბია და გამოყენებულია ფიქტიურ ოპერაციებში უსაფუძვლოა, აღდგენილი იქნას დღგ-ის ყველა ანგარიშ-ფაქტურის (როგორც რეალიზაციის ისე ჩასათვლელი დღგ) მონაცემები შესაბამის პერიოდებში და გაუქმდეს შემოწმების შედეგად განხორციელებული სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

გამოძიებით დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ შპს ,,-------’’ (ს/ნ -------) სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვით განსაზღვრული თანხები გადამხდელის მიერ დეკლარირებულია. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ შპს ,,-------’’-სგან (ს/ნ -------), შპს ,,-------’’ (ს/ნ -------), შპს ,,-------’’-სგან (ს/ნ -------) და შპს ,,-------’’ (ს/ნ -------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ ფაქტურებში ასახული ოპერაციები არ განხორციელებულა და გამოწერილ/მიღებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. შემოწმების შედეგად, შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩათვლილი დღგ-ის თანხები.

ვინაიდან მომჩივნის მიერ გამოწერილ/მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. ფიქტიური გარიგებების მონაცემების შემცველი დოკუმენტებით დღგ-ის (ბრუნვის და ჩათვლის) შემცირება და ჯარიმის დაკისრება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14639 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154; 280; 282; 275;