ბრძანება N 14538

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 14538
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14538

02 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ის“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: --------------------;

იურ. მის.: ----------------------)

2025 წლის 18 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 18 ივნისის №96295/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №006-125 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმო ახორციელებს სარესტორნო მომსახურებას, თუმცა განხორციელებული ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან, შესაბამისად, უნდა განხორციელდეს აღნიშნული შემოსავლების სწორად შეფასება, ერთმანეთისგან გამიჯვნა და შესაბამისი კორექტირებების შეტანა გაანგარიშებაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №7570 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 მაისის №10009 ბრძანება და ამავე თარიღის №006-125 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 40 953 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 266 ლარი, ჯარიმა 11 057 ლარი და საურავი 7 630 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „---ი“ გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 27 ნოემბერს. 2024 წლის 2 სექტემბერს მინიჭებული აქვს დღგ-ის გადამხდელის არაკვალიფიციური სტატუსი. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარესტორნო და საკვებით მობილური მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სახელზე რეგისტრირებული იყო საკონტროლო-სალარო აპარატი (D-------, ამჟამად გაუქმებული) და ბანკის პოსტერმინალები (P---- და -----, ამჟამად გაუქმებული), შესაბამისად ანგარიშსწორება ხორციელდებოდა როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდოდ. შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდებში საკონტროლო-სალაროს აპარატის და პოსტერმინალების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, შედეგად გამოვლინდა სხვაობა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატის და პოსტერმინალების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რის შედეგადაც გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7570 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №10009 ბრძანება და №006-125 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 40 953 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 266 ლარი, ჯარიმა 11 057 ლარი და საურავი 7 630 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანი გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 27 ნოემბერს. 2024 წლის 2 სექტემბერს მინიჭებული აქვს დღგ-ის გადამხდელის არაკვალიფიციური სტატუსი. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარესტორნო და საკვებით მობილური მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სახელზე რეგისტრირებული იყო საკონტროლო-სალარო აპარატი( ამჟამად გაუქმებული) და ბანკის პოსტერმინალები (ამჟამად გაუქმებული), შესაბამისად ანგარიშსწორება ხორციელდებოდა როგორც ნაღდი ფულით, ისე უნაღდოდ. შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდებში საკონტროლო-სალაროს აპარატის და პოსტერმინალების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, შედეგად გამოვლინდა სხვაობა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და ,,ბ“); 163(1 და მე-2); 164(1); 168(1); 172(4 „უ“);