გადაწყვეტილება №20349/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20349/2/2023
07 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 21.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20349/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.04.2022 წლის №15818/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №005-79 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 324 245,38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 212 062
დღგ - 89 707
მოგების გადასახადი - 59 083
საშემოსავლო გადასახადი - 63 272
ჯარიმა - 104 723
საურავი - 7 460,38
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 27.08.2020 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2017 წლიდან 28.02.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2020 წლის №007-314 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №263 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- სალაროს უძრავი ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე სესხის სახით განაცემად მიჩნევის, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის დაბეგვრის და ავანსის თანხაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრული ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- საკონტროლო-სალარო აპარატით და ტერმინალის მეშვეობით დაფიქსირებულ ბრუნვებზე დღგ-ის გაანგარიშების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე, მათ შორის, მომსახურების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებზე და შესაბამის ინვოისებზე დაყრდნობით, ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხები და თუ ფაქტობრივად დასტურდება, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულია უცხოელ ტურისტებზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება, აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორების ფორმის მიუხედავად, საწარმოს მიერ უცხოელი ტურისტებისთვის გაწეული მომსახურება განიხილოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება;
- თვეების მიხედვით გამოვლენილი სამართალდარღვევები, რაზეც ჯარიმა განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით, განხილულია ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №263 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2021 წლის დასკვნის მიხედვით, სალაროს უძრავი ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე სესხის სახით განაცემად მიჩნევის საფუძვლით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით, გადამხდელმა განმარტა, რომ ერიცხება დავალიანება დამფუძნებლის (დირექტორის) მიმართ. სალაროს უძრავი ნაშთი შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა დამფუძნებელი დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების გათვალისწინებით. გადამხდელმა წარმოადგინა ბრუნვითი უწყისები საბუღალტრო პროგრამა სუპერფინიდან ამობეჭდილი წლების მიხედვით 2016-2019 წლებზე.
წარმოდგენილ ბრუნვით უწყისებზე დაყრდნობით, საწარმოს 1.01.2017 წლის მდგომარეობით დამფუძნებელი პარტნიორის მიმართ სესხის სახით დავალიანება არ უფიქსირდება. ხოლო 28.02.2019 წლის მდგომარეობით (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის) ბრუნვითი უწყისი წარმოდგენილი არ არის (წარმოდგენილია 31.12.2019 წლის მდგომარეობით). ასევე, ბრუნვითი უწყისის გარდამავალი ნაშთები წლის ბოლოსა და წლის დასაწყისისათვის წლების მიხედვით რიგ შემთხვევაში არის განსხვავებული. აღნიშნული სხვაობები ფიქსირდება ანგარიშზე 3220 - სესხები პარტნიორებისაგან.
შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო არ განახორციელა სალაროს უძრავ ნაშთზე სესხის სახით დარიცხული თანხების კორექტირება შემცირება.
დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის განსაზღვრისთვის გადამხდელმა წარმოადგინა ორმხრივად დამოწმებული შედარების აქტი შპს „N3“ (ს/ნ "------") მიერ გაწეული სასტუმროს მომსახურებასთან და რკ „N2- ის “ (ს/ნ "------") მიერ ღვინის დეგუსტაციასთან დაკავშირებით. შემოწმებამ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
დაექვემდებარა შემცირებას 5 907 ლარის დაუდასტურებელი ხარჯი (ანგარიში 7480) და 2 370 ლარი (ანგარიში 7485).
ავანსის თანხებზე ზედმეტად მიღებულ დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები მიღებული/გაწეული მომსახურების შესახებ (მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება ან სხვა მტკიცებულება), გარდა შპსN1-სა.
შემოწმებამ განახორციელა აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) შპს N1-ის (ს/ნ "------") მიერ გაწეულ მომსახურებაზე განხორცილებული ჩათვლის, დღგ-ის თანხით 231,34 ლარის ოდენობით (2019 წლის ოქტომბერი - ანგარიშ-ფაქტურა ეა-17 №"------", 115,17 ლარი; 2019 წლის ნოემბერი - ანგარიშ-ფაქტურა ეა-17 №"------", 115,17 ლარი).
უცხოელი ტურისტებისათვის გაწეული მომსახურების დღგ-სგან გათავისუფლებულ ბრუნვად განხილვასთან დაკავშირებით მომსახურების ღირებულების ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელების შემთხვევებში შემოწმებამ შეისწავლა და გამოიკვლია გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები - ინვოისები. ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებულ შემოსავალზე არ არის ვაუჩერი სადაც გაწერილია თუ რა სახის მომსახურება მიეწოდა ტურისტებს საქართველოში კონკრეტულად ცალკეული ჯგუფებისა და ტურების მიხედვით. არ ხდება კონკრეტული ტურისტული ჯგუფის მიერ გაწეული მომსახურების იდენტიფიცირება. წარმოდგენილი ინვოისები და ელექტრონული მიმოწერა არ იძლევა ტურის სრული პაკეტის შესახებ ინფორმაციას. ინვოისები გამოწერილია ფიზიკურ პირებზე რომელთა იდენტიფიცირება არ ხდება. არ ხდება სალაროში თანხის შემომტანი ფიზიკური პირის ან ტურისტული ჯგუფის იდენტიფიცირება (თუ ვის მიერ არის გადახდილი თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით). არ არის შედგენილი სალაროს შემოსავლის ორდერი. გადასახადის გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით ხდებოდა თანხის გადმორიცხვა საერთაშორისო ფულადი გზავნილების (western union) საშუალებით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. თანხის გადახდის პერიოდი არ ემთხვევა კონკრეტული ტურისტის საქართველოში ყოფნის პერიოდს. შესწავლილი და დამუშავებული იქნა ტურისტების საზღვრის კვეთის თარიღები. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალების შესწავლა/დამუშავებით არ დგინდება უცხოელი ტურისტებისათვის ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება. ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა. აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, კორექტირება/ცვლილება არ განხორციელდა.
ტერმინალის მეშვეობით საწარმოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სს საქართველოს ბანკის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან. დანიშნულებაში არ არის მითითებული ჩარიცხული თანხის მიზნობრიობა და თუ ვის მიერ არის თანხა გადმორიცხული.
გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები დამატებით არ წარმოუდგენია.
შემოწმების მიერ ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) – 3 500 ლარის ოდენობით.
დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 3.11.2021 წლის №007-419 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.02.2022 წლის №2593 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 8.04.2022 წლის №15818/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.02.2022 წლის №2593 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 8.04.2022 წლის №15818/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით (უცხოელი ტურისტებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვად განხილვასთან დაკავშირებით), შემოწმებამ შეისწავლა და გამოიკვლია გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები - ინვოისები, სადაც გაწერილია ჯგუფებისა და ტურების მიხედვით, რაც კონკრეტული ტურისტული ჯგუფის მიერ გაწეული მომსახურების იდენტიფიცირების შესაძლებლობას გვაძლევს. გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია არასრულყოფილად, რაც არ იძლეოდა ტურის სრული პაკეტის შესახებ ინფორმაციას (აღნიშნულის შესახებ დეტალურად აღწერილია აქტში). გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინვოისები და ელექტრონული მიმოწერა უმეტეს შემთხვევაში იძლევა ტურის სრული პაკეტის შესახებ ინფორმაციას. ინვოისები გამოწერილია ფიზიკურ პირებზე, რომელთა იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. ასევე დაკავშირებული იქნა ტურისტების საზღვრის კვეთის თარიღები კონკრეტული ტურის განხორციელების პერიოდთან.
გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალების შესწავლა-დამუშავებით დგინდება უცხოელი ტურისტებისათვის ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება, სადაც შეთავაზებულია არანაკლებ 2 კომპონენტისაგან შემდგარი მომსახურება (სატრანსპორტო მომსახურება, სასტუმროში განთავსება, ექსკურსიები და ა.შ).
იმ შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივად დასტურდება საწარმოს მიერ უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა, შემოწმების მიერ განხილული იქნა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შედეგად, გადაანგარიშებით დარიცხული თანხები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას, შემცირდა დღგ 30 908 ლარი და ჯარიმა 15 025 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №005-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს-ს ერთადერთი და 100%-იანი დამფუძნებელია "-----". მას საწესდებო კაპიტალში შეტანილი აქვს 80 296 ლარი, ხოლო შემოწმებით განისაზღვრა, რომ უძრავად იყო 129 000 ლარი, გამოდის, რომ დამფუძნებელმა შეიტანა თანხა თავის კომპანიაში, რომ მერე თავისთავისთვის ესესხებინა და გადასახადები გადაეხადა. წარმოდგენილია საწესდებო კაპიტალის შემცირების სალაროს გასავლის ორდერები და დამფუძნებლის გადაწვეტილებები.
შემმოწმებელმა ძირითად საქმიანობასთან გაწეული დანახარჯი არ გაითვალისწინა და მიიჩნია დაუდასტურებლ ხარჯად, თუმცა მიწოდებულია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად პირველადი საგადასახადო დოკუმენტი კონტრაქტორებისგან, რომლებიც ადასტურებენ კომპანიის ძირითად ტურისტულ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული სერვისების შესყიდვას, კერძოდ დოკუმენტები ტურისტების სასტუმროებში განთავსებაზე, დოკუმენტები ტურისტებისთვის კვების სერვისების მიწოდებისთვის საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში (რესტორნები/კაფეები).
სალარო აპარატების საშუალებით ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული მომხმარებლისგან ანგარიშსწორება ექვემდებარება დღგ-ის 18% განაკვეთით დაბეგვრას. წინასწარ გადასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით (ინვოისები, ელექტრონული კორესპონდენცია, შესრულების აქტები, კონტრაქტები) დასტურდება, რომ ეს გადახდები განხორციელდა ტურისტების მიერ მოწოდებული ტურისტული პაკეტების/ტურებისა და დამატებითი საექსკურსიო სერვისებისთვის უცხოური ტურისტული სააგენტოების კონტრაქტებისა და განაცხადების შესაბამისად, რაც კომპანიის ძირითადი საქმიანობაა - ტურიზმი.
2019 წელს ტერმინალის მეშვეობით მიღებულ გადახდებზე დღგ დარიცხული იყო 18%-იანი განაკვეთით. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებიდან გამომდინარეობს, რომ 2019 წლის აუდირებული პერიოდისთვის ტერმინალის მეშვეობით გადახდები არ განხორციელებულა.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება.
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი არის ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში. ამავე მუხლის მე20 პუნქტის თანახმად, ტუროპერატორი არის იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას.
საბჭოს 8.04.2022 წლის №15818/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან (შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №263 ბრძანების აღსრულების შედეგებთან) დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით (უცხოელი ტურისტებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვად განხილვასთან დაკავშირებით), შემოწმებამ შეისწავლა და გამოიკვლია გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები - ინვოისები, სადაც გაწერილია ჯგუფებისა და ტურების მიხედვით, რაც კონკრეტული ტურისტული ჯგუფის მიერ გაწეული მომსახურების იდენტიფიცირების შესაძლებლობას გვაძლევს. გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია არასრულყოფილად, რაც არ იძლეოდა ტურის სრული პაკეტის შესახებ ინფორმაციას (აღნიშნულის შესახებ დეტალურად აღწერილია აქტში). გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინვოისები და ელექტრონული მიმოწერა უმეტეს შემთხვევაში იძლევა ტურის სრული პაკეტის შესახებ ინფორმაციას. ინვოისები გამოწერილია ფიზიკურ პირებზე, რომელთა იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. ასევე დაკავშირებული იქნა ტურისტების საზღვრის კვეთის თარიღები კონკრეტული ტურის განხორციელების პერიოდთან. იმ შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივად დასტურდება საწარმოს მიერ უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა, შემოწმების მიერ განხილული იქნა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შედეგად, გადაანგარიშებით დარიცხული თანხები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 8.04.2022 წლის №15818/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოჩივანი აღნიშნავს,რომ შემმოწმებელმა ძირითად საქმიანობასთან გაწეული დანახარჯი არ გაითვალისწინა და მიიჩნია დაუდასტურებლ ხარჯად, თუმცა მიწოდებულია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის შესაბამისად პირველადი საგადასახადო დოკუმენტი კონტრაქტორებისგან, რომლებიც ადასტურებენ კომპანიის ძირითად ტურისტულ საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული სერვისების შესყიდვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საკონტროლო-სალარო აპარატით და ტერმინალის მეშვეობით დაფიქსირებულ ბრუნვებზე დღგ-ის გაანგარიშების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
- თვეების მიხედვით გამოვლენილი სამართალდარღვევები, რაზეც ჯარიმა განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით, განხილულია ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
იმ შემთხვევებში, როდესაც ფაქტობრივად დასტურდება საწარმოს მიერ უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა, შემოწმების მიერ განხილული იქნა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. შედეგად, გადაანგარიშებით დარიცხული თანხები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას, შემცირდა დღგ და ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №005-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 7.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 8.04.2022 წლის №15818/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
136,161,168(4) 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით.