ბრძანება N 21515

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.09.2023
№ დოკუმენტი 21515
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 21515

01 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 13 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ---) №82267/1/2023 და №82271/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №040-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად აღმოჩნდა უზუსტობა წლიურ დეკლარაციაში, კერძოდ, შესყიდული საქონელი დეკლარირებული იყო 142 217 ლარით ნაკლები ოდენობით. აღნიშნული მომჩივნისთვის არ იყო ცნობილი, ვინაიდან, საბუღალტრო ოპერაციებს ახორციელებდა ბუღალტერი და თავად არ იყენებდა არანაირ კონტროლის მექანიზმს. აცხადებს, რომ გადაიხდის გადასახადის თანხას და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დარიცხული თანხების სრულად გადახდის ფინანსური საშუალება არ აქვს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6723 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 22 ივნისის №14437 ბრძანება და ამავე თარიღის №040-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 52 872 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 939 ლარი, ჯარიმა 14 591 ლარი, საურავი 8 342 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის ფორმირებისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით, 2023 წლის 27 ივნისს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 22 ივნისის №14437 ბრძანებით დარიცხული/შემცირებული თანხების კორექტირების შესახებ 2023 წლის 11 ივლისის №16810 ბრძანება და 2023 წლის 12 ივლისის №040-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 49 083 ლარი, მათ შორის, გადასახადი 27 112 ლარი, ჯარიმა 13 575 ლარი, საურავი 8 396 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: +

ი/მ ---ის საქმიანობას წარმოადგენს სიგარეტით ვაჭრობა ქალაქ ---ში, საკუთრებაში არსებულ ფართში (ჯიხურში). შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით) შეადგენს დაახლოებით 3%-ს. შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, მეწარმის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე შემოწმების მიერ გავრცელდა მეწარმის დეკლარირებული ფასნამატი:

დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და საბოლოო ნაშთის ურთიერთშეპირისპირებით დადგენილ იქნა რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება. აღნიშნულზე გავრცელდა მსგავსის საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (რომელიც აგრეთვე ემთხვევა მეწარმის დეკლარირებულ ფასნამატს (3%)), რის საფუძველზეც განისაზღვრა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას აგრეთვე გათვალისწინებული იქნა მეწარმის მიერ გაწეულ მომსახურებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების მიერ აგრეთვე დაკორექტირდა (გაიზარდა) გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ხოლო, შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ შემოსავალსა და დეკლარირებულ დასაბეგრ შემოსავალს შორის სხვაობაზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ზემოაღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა აგრეთვე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით საგადასახადო სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 22 ივნისის №14437 ბრძანება და ამავე თარიღის №040-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 52 872 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 939 ლარი, ჯარიმა 14 591 ლარი, საურავი 8 342 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის ფორმირებისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით, 2023 წლის 27 ივნისს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 22 ივნისის №14437 ბრძანებით დარიცხული/შემცირებული თანხების კორექტირების შესახებ 2023 წლის 11 ივლისის №16810 ბრძანება და 2023 წლის 12 ივლისის №040-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 49 083 ლარი, მათ შორის, გადასახადი 27 112 ლარი, ჯარიმა 13 575 ლარი, საურავი 8 396 ლარი.

 

გადაწყვეტილება

წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2, 6); 43 (4); 73; 269; 270; 272; 175