ბრძანება N 31508

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 31508
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31508

14 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ -------------ის (პ/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: --------------------------;

იურ. მის.: ----------------------------)

2023 წლის 29 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა ფ/პ -------------ის (პ/ნ ---------------) №85610/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის №006-549 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გრანტის ფარგლებში მიღებული შემოსავლის დაბეგვრას. აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული შემოსავალი წარმოადგენს გრანტს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისაგან და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14091 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -------------ის (პ/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 1 ნოემბრის №27026 ბრძანება და ამავე თარიღის №006-549 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 359 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 877 ლარი, ჯარიმა 939 ლარი, საურავი 543 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ფ/პ ------------ი შესამოწმებელ პერიოდში ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურებას უწევს არარეზიდენტ იურიდიულ პირს. ხელშეკრულება გაფორმებულია განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ------ ცენტრსა და ------იის უნივერსიტეტს შორის, პროექტი მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებში კულტურათაშორის გამოცდილებებს. ფ/პ -----------ი წარმოადგენს ამ პროექტის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს, რის საფუძველზეც მიღებული აქვს ანაზღაურება 25 000 -------ი კრონი (ჩარიცხვის დროს არსებული კურსის მიხედვით 386 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი პირს უნდა აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, ფ/პ ----------ს დაერიცა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება.

,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ხოლო, მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე.

,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასა და თანდართულ მტკცებულებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გაცემული თანხა წარმოადგენს კვლევით საგრანტო პროექტის ნაწილს, რომელიც მიღებული იქნა ნორვეგიის უმაღლესი განათლების და უნარების დირექტორატის (---) ევრაზიის პროგრამიდან. კვლევითი გრანტი ემსახურება ---ას ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მიღებული შემოსავლის გრანტად მიჩნევის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ -------------ის (პ/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მიღებული შემოსავლის გრანტად მიჩნევის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გრანტის ფარგლებში მიღებული შემოსავლის დაბეგვრას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14091 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისთვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27026 ბრძანება და №006-549 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 359 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 877 ლარი, ჯარიმა 939 ლარი, საურავი 543 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით,ხელშეკრულების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი პირს უნდა აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, მომჩივანს დაერიცა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და მიღებული შემოსავლის გრანტად მიჩნევის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100 (1); 104(1 „გ.ზ“); 275(2);