გადაწყვეტილება №28001/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28001/2/2026
15 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“- ის 22.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28001/2/2026).
დავის საგანი:
ბინების რეალიზაციის შედეგად დარიცხული დღგ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივნისის №006-183 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 ივლისის №17034 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 144 843.71 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 80 793
ჯარიმა - 40 396
საურავი - 23 654.71
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 9 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2021 წლის 10 აგვისტოს. 2024 წლის 18 ივლისს გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს ტურისტული საწარმოს სტატუსი საიდენტიფიკაციო კოდებზე -----, -----, -------.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №1978 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 28 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის მიმართ დარიცხული ვალდებულება აქვს 84 896 ლარი, შემცირებული აქვს 180 453 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი აქვს 62 521 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული აქვს 156 212 ლარი. კომპანია ----ში აშენებს სასტუმროს და ახორციელებს აპარტამენტების რეალიზაციას შემდგომი გაქირავების პირობით და ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებით. სამშენებლო პროექტი მოიცავს 23 აპარტამენტს ჯამური ფართით 1061 კვ.მ. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 10 ბინა, ჯამური ფართით 464 კვ.მ., ხოლო ჯამური ღირებულება - 1 419 581 ლარი. გასაყიდად დარჩენილი აქვს 13 ბინა ჯამში 596,51 კვ.მ. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბინების რეალიზაციას საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2024 წელს გადასახადის გადამხდელმა მოახდინა 4 ბინის რეალიზაცია ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელზეც გადახდილია თანხები სრულად და არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159- ე, 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს შემოწმების შედეგად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივნისის №11961 ბრძანება და №006-183 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 144 843.71 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 1 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 29 ივლისის №17034 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 261 , 158-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 172-ე, 179-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, კომპანიის მხრიდან მყიდველების ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე გათავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და აღნიშნული წარმოადგენს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველს. ხოლო, მოცემულ შემთხვევაში კორექტირებისა და შეღავათის მიღების პერიოდი უნდა განისაზღვროს შესაბამის ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილების თარიღის მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 261 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №279 დადგენილების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანების მე-14 მუხლის „გ 1“ პუნქტის, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების მე-9 დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №33102201 ბრძანების საფუძველზე, კომპანიას (მის: --, --, ---ის რაიონი, ----ი, საკადასტრო კოდი ------ )) მინიჭებული აქვს ტურისტული საწარმოს სტატუსი.
გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მსგავსი რეჟიმით დაბეგვრის გამოცდილება, მისთვის მოცემული საშეღავათო სტატუსი იყო პირველადი და კომპანია საწყის ეტაპზე მყიდველებთან ახორციელებდა ზეპირსიტყვიერ მოლაპარაკებებს სასტუმროს ტიპის აპარტამენტების შემდგომში გაქირავებისა და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ. ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდგომ, შემოსავლების სამსახურთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაციების და კერძო აუდიტორებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო რეკომენდაცია აპარტამენტების შემდგომში გაქირავებასთან დაკავშირებული პირობები დაეფიქსირებინა ხელშეკრულებებშივე და არ განეხორციელებინა ზეპირსიტყვიერად. მოცემული პირობები ჩაიდო ხელშეკრულებებში შემდგომი ბინების რეალიზაციისას. შედეგად, მხოლოდ თავდაპირველი 4 ბინის (----/ ----/ ----/ -----) რეალიზაცია განხორციელდა მყიდველთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის პოლიტიკა, ბინების რეალიზაცია შემდგომი გაქირავების მიზნით, ყველა მყიდველთან ერთნაირია და პირველ 4 მყიდველთან კომპანიას ჰქონდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, მომჩივანმა საჭიროდ ჩათვალა გაქირავების შესახებ პირობების ჩამატება ხელშეკრულებებში. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების არსებობის საფუძველზე, მოცემულ ცვლილებასთან დაკავშირებით არც ერთ მყიდველს არ განუცხადებია უარი. საწარმოს მხრიდან ამ ეტაპზე განხორციელდა 3 მყიდველის (---- - განცხადების №-----, --- - განცხადების №---, ---- - განცხადების №-----) ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებასთან და სასტუმროს ტიპის აპარტამენტის შემდგომი გაქირავების პირობების ჩამატებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში განცხადებების ჩაბარება და მყიდველების მხრიდან თანხმობის ხელმოწერით დადასტურება (მოცემული დოკუმენტები თან ერთვის სარჩელს). რაც შეეხება დარჩენილ 1 მყიდველს (--------), მოცემული პიროვნება არ იმყოფება საქართველოში, ცხოვრობს საზღვარგარეთ და უახლოეს პერიოდში იქნება საქართველოში. მოცემული მყიდველი თანხმობას აცხადებს და ხელმოწერით ადასტურებს, რომ ჩამოსვლისთანავე ხელს მოაწერს საჯარო რეესტრში გაქირავებასთან დაკავშირებით ცვლილებებს (თანხმობა ცვლილებასთან დაკავშირებით თან ერთვის სარჩელს).
მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს შემცირდეს დარიცხული დღგ და დაკისრებული ჯარიმა-საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად:
1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.
2. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია:
ა) დადგენილი ოდენობის ფართობი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად;
ბ) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხაზე ნაკლები.
3. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტურისტულ საწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებული თანხის 18 პროცენტს.
4. ტურისტული საწარმოს სტატუსის პირისათვის მინიჭების, ტურისტული საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის სხვაობა ამ კოდექსის 172- ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ პუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი).
შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის მიმართ დარიცხული ვალდებულება აქვს 84 896 ლარი, შემცირებული - 180 453 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი - 62 521 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული - 156 212 ლარი. კომპანია ----ში აშენებს სასტუმროს და ახორციელებს აპარტამენტების რეალიზაციას შემდგომი გაქირავების პირობით და ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებით. სამშენებლო პროექტი მოიცავს 23 აპარტამენტს ჯამური ფართით 1061 კვ.მ. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 10 ბინა, ჯამური ფართით 464 კვ.მ., ხოლო ჯამური ღირებულება - 1 419 581 ლარი. გასაყიდად დარჩენილი აქვს 13 ბინა ჯამში 596,51 კვ.მ. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბინების რეალიზაციას საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2024 წელს გადასახადის გადამხდელმა მოახდინა 4 ბინის რეალიზაცია ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელზეც გადახდილია თანხები სრულად და არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს შემოწმების შედეგად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა მსგავსი რეჟიმით დაბეგვრის გამოცდილება, მისთვის მოცემული საშეღავათო სტატუსი იყო პირველადი და კომპანია საწყის ეტაპზე მყიდველებთან ახორციელებდა ზეპირსიტყვიერ მოლაპარაკებებს სასტუმროს ტიპის აპარტამენტების შემდგომში გაქირავებისა და მათი მოვლა-პატრონობის შესახებ. ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდგომ, შემოსავლების სამსახურთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაციის და კერძო აუდიტორებთან კონსულტაციის საფუძველზე, მიიღო რეკომენდაცია აპარტამენტების შემდგომში გაქირავებასთან დაკავშირებული პირობები დაეფიქსირებინა ხელშეკრულებებშივე და არ განეხორციელებინა ზეპირსიტყვიერად. მოცემული პირობები ჩაიდო ხელშეკრულებებში შემდგომი ბინების რეალიზაციისას. შედეგად, მხოლოდ თავდაპირველი 4 ბინის (----/ ----/ ----/ ----) რეალიზაცია განხორციელდა მყიდველთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის პოლიტიკა, ბინების რეალიზაცია შემდგომი გაქირავების მიზნით, ყველა მყიდველთან ერთნაირია და პირველ 4 მყიდველთან კომპანიას ჰქონდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, მომჩივანმა საჭიროდ ჩათვალა გაქირავების შესახებ პირობების ჩამატება ხელშეკრულებებში. ზეპირსიტყვიერი შეთანხმების არსებობის საფუძველზე, მოცემულ ცვლილებასთან დაკავშირებით არც ერთ მყიდველს არ განუცხადებია უარი. საწარმოს მხრიდან ამ ეტაპზე განხორციელდა 3 მყიდველის (---- - განცხადების №----, ---- - განცხადების №----, ------ განცხადების №-----) ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებასთან და სასტუმროს ტიპის აპარტამენტის შემდგომი გაქირავების პირობების ჩამატებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში განცხადებების ჩაბარება და მყიდველების მხრიდან თანხმობის ხელმოწერით დადასტურება (მოცემული დოკუმენტები თან ერთვის სარჩელს). რაც შეეხება დარჩენილ 1 მყიდველს (-------), მოცემული პიროვნება არ იმყოფება საქართველოში, ცხოვრობს საზღვარგარეთ და უახლოეს პერიოდში იქნება საქართველოში. მოცემული მყიდველი თანხმობას აცხადებს და ხელმოწერით ადასტურებს, რომ ჩამოსვლისთანავე ხელს მოაწერს საჯარო რეესტრში გაქირავებასთან დაკავშირებით ცვლილებებს (თანხმობა ცვლილებასთან დაკავშირებით თან ერთვის სარჩელს).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 ივლისის №17034 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ბინების რეალიზაციის შედეგად დარიცხული დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1978 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის მიმართ დარიცხული ვალდებულება აქვს 84 896 ლარი, შემცირებული აქვს 180 453 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი აქვს 62 521 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული აქვს 156 212 ლარი. კომპანია აშენებს სასტუმროს და ახორციელებს აპარტამენტების რეალიზაციას საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2024 წელს გადასახადის გადამხდელმა მოახდინა 4 ბინის რეალიზაცია ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელზეც გადახდილია თანხები სრულად და არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159- ე, 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს შემოწმების შედეგად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11961 ბრძანება და №006-183 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 144 843.71 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №17034 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 261 ;158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 160(1.3 „ზ“); 163(1.2.6 „ბ“); 164(1.2 „გ“); 172(4 „ქ“); 179(2);