გადაწყვეტილება №19101/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19101/2/2023
04.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 14.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19101/2/2023).
დავის საგანი:
შემოწმებით დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №007-210 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3253 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 48 872,73 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 31 247
დღგ - 31 247
საშემოსავლო გადასახადი - 31 098
ჯარიმა - 15 924,3
საურავი - 1 701,43
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა თამბაქოს, თამბაქოს ნაწარმითა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:
კომპანია საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართებში, ექვს სხვადასხვა მისამართზე. აღნიშნულ ობიექტებში განთავსებულია საკონტროლო-სალარო აპარატები და პოსტერმინალები, რომლის საშუალებითაც ხდება საცალო ვაჭრობა. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტერია. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, საბანკო ამონაწერებს (მათ შორის ტერმინალის მონაცემებს) და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები 124 392 ლარის ოდენობით. შემოწმებით, აღნიშნული განკარგვადი ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის №007-210 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3253 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სავაჭრო ობიექტები აღჭურვილია საკონტროლო-სალარო აპარატებით და პოსტერმინალებით, რომლის საშუალებითაც ხდება საცალო ვაჭრობა. ობიექტები აგრეთვე ინდივიდუალურად აღჭურვილია სასაწყობე სავაჭრო პროგრამა-მარკეტით, რომელიც ინტეგრირებულია სალარო აპარატთან. აღნიშნულ პროგრამაში ინდივიდუალურად ხდება თითოეული გასაყიდად განკუთვნილი პროდუქციის აღრიცხვა შეძენის თვითღირებულებით და რეალიზაციის დროს მათი თვითღირებულებით ჩამოწერა, აგრეთვე თითოეულ საქონელს ენიჭება გასაყიდი საცალო ფასი და გაყიდვისას რეალიზაციის დროს საცალო ფასით ხდება აღება შემოსავალში როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას. აღნიშნული პროგრამა საშუალებას იძლევა ყოველდღიური შეძენა-გაყიდვების აღრიცხვის შესახებ მონაცემებს, სადაც ჩანს თითოეული განხორციელებული ოპერაციის დასაწყისი და დასასრული.
2022 წლის მარტის თვეში ნაღდი ანგარიშსწორებით საცალო რეალიზაციიდან ნავაჭრმა თანხამ შეადგინა 315 898 ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა 78 397 ლარი. გონივრული ნაშთი არის 394 29 ლარი (315 898+78 397=394 295*10%). მხოლოდ 31.03.2022 წელს სალაროში საცალო რეალიზაციიდან ნავაჭრმა შემოსავალმა შეადგინა 10 921 ლარი. 8.04.2017 წელს საბრუნავი საშუალებებისა და ძირითადი საშუალებების შესაძენად დამფუძნებელი პარტნიორის გურამ ნარინდოშვილსა და საზოგადოებას შორის გაფორმდა ხელშეკრულება უპროცენტო სესხზე 105 000 ლარზე. აღნიშნული თანხა საზოგადოებაში შემოტანილი იქნა 10.04.2017 წელს. 1.01.2019 წლამდე პერიოდში საზოგადოების მიერ შეძენილია 19 356 ლარის სხვადასხვა ძირითადი საშუალებები. 1.01.2019 წელს საწარმოს ჰქონდა გახსნილი 3 საცალო სარეალიზაციო ობიექტი. აღნიშნულ ობიექტებზე შესაბამისად 2019 წლის 01 იანვრისათვის ერიცხებოდა გასაყიდად განკუთვნილი 171 252 ლარის ღირებულების სასაქონლო ნაშთები. 2019 წლის 01 იანვრისთვის შპს „----------“ სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე ერიცხებოდა 41 825,49 ლარის ფულადი ნაშთები (სალარო 14 581,90 ლარი, ბანკი 27 243,59 ლარი). 1.01.2019 წელს საწარმოს ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება 57 466,17 ლარი, კრედიტორული დავალიანება 15 334,60 ლარი, აგრეთვე მომწოდებელზე გადახდილი ავანსები იყო 32 803,07 ლარი. ზემო აღნიშნული ნაშთების შესახებ ინფორმაცია სრულად წარდგენილია შემმოწმებლებზე. 1.01.2019 წლის მდგომარეობით შპს „----------“ 2017 და 2018 წლების ფინანსური შედეგებით ერიცხება გაუნაწილებელი მოგება 197 841,08 ლარი.
საწარმოს სესხი დაბრუნებული აქვს 2019 წელს და 2021 წელს, რომლის შესახებაც მომჩივანი წარმოადგენს დანართის სახით სესხის ხელშეკრულებას, სესხის შემოტანაზე სალაროს შემოსავლის ორდერს და სესხის დაბრუნებაზე სალაროს გასავლის ორდერებს. საწარმოს დღეის მდგომარეობით აქვს 6 საცალო სარეალიზაციო ობიექტი. საწარმო მომავალშიც გეგმავს გაფართოებას. ამიტომ აუცილებელი ხარჯებისა და გასაყიდად განკუთვნილ საქონელზე გაწეული ხარჯების გარდა სხვა ხარჯებს არ ეწევა, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მთლიანი მოგება საწარმოს მიერ აკუმულირებულია საბანკო ანგარიშებზე. 1.04.2022 წლის მდგომარეობით შპს „----------“ სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ერიცხება 492 515 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3253 ბრძანება;
3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართებში, საკონტროლო-სალარო აპარატებით და პოსტერმინალებით, რომლის საშუალებითაც ხდება საცალო ვაჭრობა. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტერია. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, საბანკო ამონაწერებს (მათ შორის ტერმინალის მონაცემებს) და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები. შემოწმებით, აღნიშნული განკარგვადი ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101, 154, 275;