ბრძანება N 3872
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3872
28.02.2023
შპს „-------“-ის (ს/ნ --------)
(ფაქტ. მის.: -------)
2023 წლის 8 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------) №78939/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 იანვრის №CB1433862 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან მის ბალანსზე ნაშთად რიცხული გაფუჭებული (მალფუჭებადი) მცენარეული ცხიმი, იყო ვადაგასული და სარეალიზაციოდ უვარგისი, 2023 წლის 18 იანვარს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით მიმართა შემოსავლების სამსახურს
შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციისას დადგინდა, რომ კომპანიის მიერ ჩამოსაწერად გაგზავნილი რაოდენობები არ დაემთხვა ინვენტარიზაციით გამოვლენილ რაოდენობებს. მათ მიერ მიწოდებული ჩამონათვალის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე პოზიციაზე ჩაწერილი იყო ორკილოგრამიანი პლასტმასის ყუთი, ხოლო მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ პირებს ადგილზე აღნიშნულ პოზიციებზე დახვდათ 2 კილოგრამიანი მუყაოს ყუთი, რაც არ ჩაგვითვალა ინვენტარიზაციამ რაოდენობების მიხედვით, რამაც მისცა სხვაობა, რის გამოც კომპანიას შეეფარდა ფულადი სანქცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებასა და სადავო საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, 2023 წლის 13 იანვარს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID: „---------“ ელექტრონული განცხადებით მიმართა შპს „---------“-მა (ს/ნ -------) რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 18 იანვარს გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ 4647/1, რომლის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „---------“ -ის (ს/ნ „---------“) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.
2023 წლის 20 იანვარს მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე (ქ. "-------"), სადაც გადამხდელმა ჩაიბარა ბრძანება. მას ასევე განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კომპანიამ სრულად ვერ წარმოადგინა, კერძოდ:
1. მცენარეული ცხიმოვანი სპრედის 5,0 (62) - რაოდენობა გადამხდელის მიერ განისაზღვრა 359 ცალი. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა მიმდინარე კონპროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს ადგილზე დახვდათ მხოლოდ 231 ცალი. დანაკლისმა შეადგინა 128 ცალი, ღირებულებით 1909.76 ლარი.
2. მცენარეული ცხიმოვანი სპრედი პეტ. ყუთში 1 კგ - რაოდენობა გადამხდელის მიერ განისაზღვრა 70 ცალი. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა მიმდინარე კონპროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს ადგილზე არ დახვდათ. დანაკლისმა შეადგინა 70 ცალი, ღირებულებით 357.7 ლარი.
3. ფრანგული პლასტმასის ყუთში 2 - რაოდენობა გადამხდელის მიერ განისაზღვრა 98 ცალი. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს ადგილზე არ დახვდათ. დანაკლისმა შეადგინა 98 ცალი, ღირებულებით 202.86 ლარი.
4. დორნიუშკა პლასტმასის ყუთში 2 - რაოდენობა გადამხდელის მიერ განისაზღვრა 30 ცალი. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს ადგილზე არ დახვდათ. დანაკლისმა შეადგინა 30 ცალი, ღირებულებით 159.6 ლარი.
5. აკობნი პლასტმასის ყუთში 2 - რაოდენობა გადამხდელის მიერ განისაზღვრა 5 ცალი. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს ადგილზე არ დახვდათ. დანაკლისმა შეადგინა 5 ცალი, ღირებულებით 28.65 ლარი.
6. მცენარეული ცხიმოვანი სპრედი 4,7 (75) - რაოდენობა გადამხდელის მიერ განისაზღვრა 147 ცალი. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს ადგილზე დახვდათ მხოლოდ 131 ცალი. დანაკლისმა შეადგინა 16 ცალი, ღირებულებით 417.92 ლარი. სულ დანაკლისმა შეადგინა 3076.49 ლარი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულზე 2023 წლის 20 იანვარს შედგენილი იქნა №CB1433862 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 3076.49 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.