გადაწყვეტილება №21696/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21696/2/2023
20 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 24.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21696/2/2023).
დავის საგანი:
მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების მართლზომიერება და შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანება;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30742 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანების საფუძველზე, კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (----------) 19.06.2023 წელს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც 24 ლარის ღირებულების პროდუქციაზე (1 მეტრი ღრუბელი) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკი.
განხორციელებულ პროცედურაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი და 19.06.2023 წლის №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
16.07.2023 წელს მომჩივანმა საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების, 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის და 19.06.2023 წლის №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.10.2023 წლის №20941/2/2023 გადაწყვეტილებით:
- საჩივარი, პირველი დავის საგნის (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №CB1480945 სამართალდარღვევის ოქმის) ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი;
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22652 ბრძანება;
- საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების და 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის გასაჩივრების ნაწილში, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30742 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლზე და 259-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის №120745-21-12 წერილისა და მასზე თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება 14.11.2023 წელს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულ გვერდზე, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს.
აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ბრძანება მოიცავდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურას. კერძოდ, „საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის (საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა და სხვა) ფაქტის გამოვლენის მიზნით, განხორციელდეს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დადგინდეს საქონლის/მომსახურების სარეალიზაციო ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში“.
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურა, განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტზე, მე-13 მუხლის პირველ, მე-2 პუნქტებზე, მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში 19.06.2023 წელს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ამდენად, აღნიშნული მიმდინარე კონტროლის პროცედურის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის გამოცემა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საჩივრდება დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე მიღებული უარის გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან ერთად საჩივრდება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანება და 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი.
შემოსავლების სამსახურში დავის განხილვაზე არ იყო მიწვეული და ჩატარდა მათი მონაწილეობის გარეშე. ეს ფაქტი აღსანიშნავია იმიტომ, რომ ფაქტობრივად შემოსავლების სამსახურში არ განხილულა მისი არგუმენტები და გადაწყვეტილებაში არ არის მათზე არგუმენტირებული პასუხი.
გადაწყვეტილებაში მხოლოდ მოცემულია ზოგადად კონტროლის ჩატარების დადგენილი წესები, ხოლო რატომაა მოცემული კონკრეტულ შემთხვევაში ეს წესები, დარღვეული ან რატომ არ ითვლება ეს ქმედებები დარღვევად არ არის მითითებული.
14.11.2023 წელს შემოსავლების სამსახურმა ელექტრონულ პორტალზე გაუგზავნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება რომელზეც განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ გადამხდელს ადრე არ ჩაბარებია და მის საფუძველზე ოქმიც ისე შედგა რომ ეს ბრძანება არ იყო წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე გადაწყვეტილება მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უხეში დარღვევით და შესაბამისად ექვემდებარება ბათილობას.
კომპანიამ 19.06.2023 წელს ელექტრონულად მიიღო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის სერია №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი №815428.
აღსანიშნავია, რომ ორივე ოქმში საფუძვლად მითითებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ და გადამხდელისთვის არ წარუდგენიათ.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი №815428 წარმოადგენს არაკანონიერს და ექვემდებარება ბათილობას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სამართლებრივ-პროცესუალური არაკანონიერება
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ დარღვეულია მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების კერძოდ კი საკონტროლო შესყიდვის პროცედურა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად პირველ რიგში აუცილებელია არსებობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია არსებობდა თუ არა ასეთი აქტი, ბრძანება, რადგანაც საგადასახადო ორგანოს ოფიცრებს ის არ წარუდგენიათ.
შედგენილ ოქმებში მითითებულია 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება, რომელსაც ასაჩივრებს, რადგანაც არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს ბრძანება წარმოადგენდეს ინდივიდუალურს და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გამოცემულს. ამდენად, მისი მოქმედება მის მიმართ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად:
„კონტროლის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ გადასახადის გადამხდელთა მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემთა ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს იმ სამოქმედო ტერიტორიის დასახელება (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი მითითებით), სადაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურა.
როგორც ირკვევა 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება გამოცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის უხეში დარღვევით, რადგანაც არ არის მითითებული კონკრეტული ქუჩა ან უბანი.
შემოსავლების სამსახურს ამ საკითხზე არ უმსჯელია და შესაბამისად გადაწყვეტილებაც არაკანონიერია, ვინაიდან 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება გამოცემულია ისე რომ არაა ზუსტად მითითებული უბანი ან ქუჩა, ის ექვემდებარება ბათილობას. ბრძანებაში მითითებულია თბილისი ტერიტორია, რაც არ წარმოადგენს ზუსტ მისამართს, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მითითება და შესაძლებელი იქნებოდა მთიანი საქართველოს ტერიტორიის მითითებაც.
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე. ასევე, ამავე ინსტრუქციის მე-12 მუხლის (საკონტროლო შესყიდვის პროცედურა) მე-7 პუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს ასეთი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი არ წარუდგენიათ. მათ გადამხდელს წარუდგინეს მხოლოდ ზოგადი ბრძანება - 31.03.2023 წლის №6682. აღნიშნული ბრძანება კი გამოცემულია სხვა კონტროლის ღონისძიებისათვის, კერძოდ: დათვალიერების ჩატარების შესახებ, ხოლო უდავოა ის ფაქტი, რომ დათვალიერების შესახებ ბრძანების საფუძველზე, საკონტროლო შესყიდვის განხორციელება დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა არაკანონიერად, ვინაიდან არ არსებობდა აღნიშნულზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ხოლო თუ არსებობდა დარღვეულია მისი სავალდებულოდ წარდგენის წესი.
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შედგენილი, ზემოაღნიშნული გასაჩივრებული ოქმები უპირობოდ ექვემდებარება ბათილობას.
2. ოქმის შინაარსობრივი უსწორობა და შედგენის არამართებულობა
ოქმებში აღნიშნულია, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა ---------- (პ/ნ ----------) და მითითებულია, როგორც სამართალდამრღვევი პირი. აღნიშნული არასწორია და ოქმებში მითითებულია ტყუილი ინფორმაცია, რადგან არც შესყიდვა განხორციელებულა ---------- და არც სამართალდარღვევა (საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა) ჩადენილა საერთოდ.
ოფიცრების მიერ საკონტროლო შესყიდვის პროცესი განხორციელდა არამართებულად და შეცდომით შემდეგ გარემოებათა გამო:
ოფიცრები ობიექტში - ---------- ტერიტორიაზე მდებარე საბითუმო მაღაზიაში (გაურკვეველია შემთხვევით თუ დაგეგმილად) შევიდნენ ისეთ მომენტში, როდესაც მაღაზიაში იმყოფებოდა ბევრი მომხმარებელი და მფლობელები - იქ მომუშავეები (მათ შორის ----------) - იყვნენ სხვა მომხმარებლების მომსახურებით (უზომავდნენ და ჭრიდნენ ნაჭრებს) დაკავებული. ამავდროულად მათ მაღაზიაში შემთხვევით იმყოფებოდა მათი ძველი ნაცნობი, არა მათი თანამშრომელი ---------- (პ/ნ ----------), რაზედაც ოფიცრებმა მიიღეს კიდეც განმარტება, ვინაიდან, შესამოწმებელი ობიექტის პირები იყვნენ დაკავებული და არ ეცალათ ოფიცრებს მათზე მომსახურებისათვის 10-15 წუთი მაინც უნდა მოეცადათ.
ოფიცრები არ იცდიდნენ და ამიტომ ---------- სთხოვა ---------- ეჩვენებინა თუ რამე აინტერესებდათ. მათ დაათვალიერეს გასაყიდი საქონელი და ითხოვეს, რომ მიეწოდებინათ მათთვის პარალონის 1 ცალი ღრუბელი რომელსაც არც გადაზომვა, გაჭრა ან სხვა მოქმედება არ სჭირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონტროლო შესყიდვის განსახორციელებელ გადამხდელთან არანაირ კავშირში მყოფი, უცხო პირი ---------- გადაწვდა პარალონის ღრუბელს, მიაწოდა მისი აზრით ჩვეულებრივ მყიდველს, გამოართვა თანხა, რათა მიეცა მაღაზიის დირექტორისთვის, მას კი ამოერტყა სალაროს შესაბამისი ქვითარი, შემსყიდველებმა არ მოიცადეს და მიუხედავად იმისა, რომ ეძახდნენ მოეცადათ ჩეკის გაცემისთვის მყისიერად გავიდნენ და შემობრუნდნენ მაღაზიაში.
აღნიშნული ქმედება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა ჩათვალეს საგადასახადო სამართალდარღვევად და წარუდგინეს თავი დირექტორს, ----------, აღნიშნულ ქმედებას შეესწრო მაღაზიაში მყოფი მომხმარებელი, რომლებმაც აღშფოთება გამოთქვეს ოფიცრების მიმართ და არასამართლიანი საქციელის გამო შექმნილი დაძაბულობა თავად დირექტორმა განმუხტა.
აღნიშნულისა საფუძველზე და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოფიცრებმა თავადაც განმარტეს, რომ ეს პროცედურა თითქოსდა არაფერს ნიშნავს ტარდებოდა ზოგადი პროცედურებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს არ დააჯარიმებდნენ და შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ გაფრთხილებით, სწორედ ამ ვითარებაში შედგა გასაჩივრებული ოქმები.
აღნიშნული ოქმები ექვემდებარება ბათილობას, რადგან მათ ფაქტობრივად საკონტროლო შესყიდვა გადასახადის გადამხდელთან არ ჩაუტარებიათ. ისინი შევიდნენ კომპანიის იჯარით მქონე ობიექტში, მაგრამ თანხა არ გადაუხდიათ სალაროში, სადაც უნდა განხორციელებულიყო სალარო აპარატის ქვითრის გაცემა, თანხა ხელში მიაწოდეს უცხო პირს, რომელსაც უნდა გადაეცა კომპანიის დირექტორისთვის, რომელიც ამოარტყამდა კიდეც ქვითარს.
ოფიცრებმა დაუშვეს გადაცდომა, რადგანაც თანხა არ გადაუციათ საქონლის მესაკუთრეებისათვის, მისცეს სხვა პირს და იმასაც არ დაუცადეს, რომ თანხა საბოლოოდ აეღო საქონლის მფლობელს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცალსახაა რომ საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ადგილი არ ჰქონია, რადგანაც ამ აპარატის მფლობელისათვის (მათი წარმომადგენლისათვის) შემსყიდველებს თანხა არ გადაუციათ და შესაბამისად რაიმე სანქციის გამოყენება, თუნდაც გაფრთხილება არაკანონიერია. ცალსახაა რომ გასაჩივრებული აქტები ექვემდებარება ბათილობას, მათი როგორც სამართლებრივი-პროცესუალური, ასევე შინაარსობრივი კანონშეუსაბამობის გამო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.
2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.
3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას შესაძლებელია გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი. საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია ამ მიზნით მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელ პირზე გასცეს ფსევდოდოკუმენტები.
4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.
5. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის მიხედვით:
1. კონტროლის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს.
2. კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ გადასახადის გადამხდელთა მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემთა ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს იმ სამოქმედო ტერიტორიის დასახელება (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი მითითებით), სადაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურა.
ამავე წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს როგორც ერთი კონკრეტული გადასახადის გადამხდელის, ასევე რამდენიმე გადასახადის გადამხდელის, კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ, ასევე მსგავსი ან იდენტური საქმიანობის სახით, გადასახადის ტიპით ან სხვა მსგავსი მახასიათებლებით პირთა ჯგუფის მიმართ.
ამავე წესის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ.
ამავე წესის მე-13 მუხლის მიხედვით:
1. საკონტროლო შესყიდვის შედეგების მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა.
2. „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმის შენიშვნაში დამატებით აღინიშნება საკონტროლო შესყიდვისას გამოვლენილი ფაქტები და გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით, ასევე ოქმზე თანდართული მტკიცებულებების ჩამონათვალი (საგადასახადო დოკუმენტები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, ქვითარი, ანგარიში, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ნივთის განვადებით შეძენის ხელშეკრულება, შესყიდული საქონელი, მოწვეული სპეციალისტის დასკვნა, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია (ასეთის არსებობისას) და სხვ.).
საბჭოს 13.10.2023 წლის №20941/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სადავო ოქმებში საფუძვლად მითითებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება, მომჩივნის განმარტებით საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ, გადამხდელისთვის არ წარმოუდგენიათ და დღემდე მათთვის უცნობია მისი რეალური შინაარსი. ითხოვდა აღნიშნული ბრძანების გადაცემას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 14.11.2023 წელს შემოსავლების სამსახურმა ელექტრონულ პორტალზე გაუგზავნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება. აღნიშნულ ბრძანებაზე აღსანიშნია, რომ არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს ბრძანება წარმოადგენდეს ინდივიდუალურს და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გამოცემულს, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, აუცილებელია არსებობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება კი გამოცემულია ისე რომ არაა ზუსტად მითითებული უბანი ან ქუჩა, შესაბამისად, ექვემდებარება ბათილობას. რაც შეეხება, შედეგებს, საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმებში აღნიშნულია, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა ---------- (პ/ნ ----------) და მითითებულია, როგორც სამართალდამრღვევი პირი. აღნიშნული არასწორია და ოქმებში მითითებულია ტყუილი ინფორმაცია, რადგან არც შესყიდვა განხორციელებულა ---------- და არც სამართალდარღვევა (საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა) ჩადენილა საერთოდ. საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისას გადამხდელთან არანაირ კავშირში მყოფი, უცხო პირი ---------- გადაწვდა პარალონის ღრუბელს, მიაწოდა მისი აზრით ჩვეულებრივ მყიდველს, გამოართვა თანხა, რათა მიეცა მაღაზიის დირექტორისთვის, მას კი ამოერტყა სალაროს შესაბამისი ქვითარი, შემსყიდველებმა არ მოიცადეს და მიუხედავად იმისა, რომ ეძახდნენ მოეცადათ ჩეკის გაცემისთვის მყისიერად გავიდნენ და შემობრუნდნენ მაღაზიაში. ოფიცრებმა დაუშვეს გადაცდომა, რადგანაც თანხა არ გადაუციათ საქონლის მესაკუთრეებისათვის, მისცეს სხვა პირს და იმასაც არ დაუცადეს, რომ თანხა საბოლოოდ აეღო საქონლის მფლობელს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცალსახაა რომ საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ადგილი არ ჰქონია, რადგანაც ამ აპარატის მფლობელისათვის (მათი წარმომადგენლისათვის) შემსყიდველებს თანხა არ გადაუციათ და შესაბამისად რაიმე სანქციის გამოყენება, თუნდაც გაფრთხილება არაკანონიერია.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება 14.11.2023 წელს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულ გვერდზე, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ბრძანება მოიცავდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურას. კერძოდ, „საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის (საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა და სხვა) ფაქტის გამოვლენის მიზნით, განხორციელდეს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დადგინდეს საქონლის/მომსახურების სარეალიზაციო ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში“.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურა, განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და ამასთან, აღნიშნული მიმდინარე კონტროლის პროცედურის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის გამოცემა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით და 25.01.2024 წლის №---------- წერილით, 19.06.2023 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრები, ამავე დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანების საფუძველზე იმყოფებოდნენ კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (----------). საკონტროლო შესყიდვისას შეძენილია „პარალონის ღრუბელი“ 1X2 (სისქე 4 სმ) ღირებულებით 24 ლარი. საკონტროლო შესყიდვა და ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდა კომპანიის სავაჭრო ობიექტში მყოფ ----------. შესყიდვისას მან წარუდგინა შესყიდული საქონელი, უთხრა საქონლის ღირებულება, საქონლის სპეციფიკაცია და მახასიათებლები, მას შემდეგ რაც მოახდინეს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება დაავალა მის სხვა თანამშრომელს რომ შეეკრათ თოკით შეძენილი საქონელი, რათა ტრანსპორტირებისთვის კომფორტული ყოფილიყო. გამომდინარე აქედან, ---------- მიჩნეული იქნა შპს „----------“-ის თანამშრომლად. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. ამის შემდეგ განემარტა, რომ იყვნენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლები და გააცნეს საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანება, რომლითაც მათი უფლებამოსილება ვრცელდებოდა ქ. თბილისის ტერიტორიულ ფარგლებში არსებულ ობიექტებში. ასევე განემარტა, რომ აღნიშნული შესყიდვა წარმოადგენდა მიმდინარე კონტროლის პროცედურას და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა წარმოადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევას, რითაც მათთვის უკვე გასაგები იყო მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის არსებობის შესახებ, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგა საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმი და საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1480945 ოქმი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემა, მის საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის გამოცემა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების მართლზომიერება და შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30742 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 19 ივნისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც 24 ლარის ღირებულების პროდუქციაზე (1 მეტრი ღრუბელი) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 16 ივლისს მომჩივანის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №82336/1/2023 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22652 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22652 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 29 სექტემბერს №20941/2/2023 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების მართლზომიერებასა და შედეგებთან (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი) დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ კომპანიამ 2023 წლის 19 ივნისს ელექტრონულად მიიღო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი. ორივე ოქმში საფუძვლად მითითებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ, გადამხდელისთვის არ წარმოუდგენიათ და დღემდე მათთვის უცნობია მისი რეალური შინაარსი. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ბრძანების გადაცემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის გასაჩივრების ნაწილში, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის წერილისა და მასზე თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება 2023 წლის 14 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულ გვერდზე, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემა, მის საფუძველზე ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის გამოცემა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 259; 281,