ბრძანება N 2195

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2025
№ დოკუმენტი 2195
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2195

10 თებერვალი 2025

ბრძანება

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(მის.: „------“)

2025 წლის 17 და 18 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ „------“) 2025 წლის 17 იანვრის №5700/21 და 18 იანვრის №93744/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 დეკემბრის №005-179 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისთვის წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება) და აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია ასაბუთებდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს. შემმოწმებელი მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე განსაზღვრავს ვალდებულებებს და მიუთითებს, რომ წილის ნასყიდობის ოპერაციის მიზანი იყო კომპანიიდან თანხების დაუბეგრავად გატანა, თუმცა აღნიშნულის დასაბუთება არ ხდება. აღნიშნული წილის შესყიდვის ოპერაცია დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ჩანაწერებითაც, კერძოდ, წილის შესყიდვის ოპერაციიდან შპს „----- -ის “ 14.9% წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მომჩივანს. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილი აქვს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს „------ -ის “ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი მიიჩნევს, რომ არამართლზომიერია წილის შესყიდვის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ითხოვს სადავო საკითხის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №16472 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 16 დეკემბრის №26410 ბრძანება და 18 დეკემბრის №005–179 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 405 803 ლარი, მათ შორის გადასახადი 192 476 ლარი, ჯარიმა 96 238 ლარი და საურავი 117 089 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 27 თებერვალს, ხოლო დღგის გადამხდელად 2020 წლის 19 მარტს. კომპანიის საქმიანობაა უძრავი ქონების გაქირავება/იჯარით გაცემა. საწარმოს 100% წილის მფლობელს და დირექტორს 2021 წლის 2 აგვისტომდე წარმოადგენს ფ/პ „------“ (პ/ნ „------“), ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ფ/პ „------“ (პ/ნ „------“). შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, ასევე, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები, ახსნა-განმარტებები). შემოწმებამ შეისწავლა როგორც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული მონაცემები. აღნიშნული მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ 2021 წლის 16 ივლისს მომჩივანს ფიზიკური პირისაგან - „------“-სგან შეძენილი აქვს მისი წილი სხვა კომპანიაში, კერძოდ, შპს „------- -ში“ (ს/ნ „------“), 14.9%-ის ოდენობით, რომლის ღირებულება ხელშეკრულებისა და საბანკო გადარიცხვის შეასაბამისად განსაზღვრულია 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში - 769 906 ლარად. ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს ფ/პ „------“-მ უსასყიდლოდ შეიძინა მომჩივანის 100% წილი და გახდა კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი, ხოლო 2021 წლის 6 აგვისტოს 862 750 ლარი შეიტანა კაპიტალში, რითიც იმავე დღეს კომპანიამ გადაიხადა 2021 წლის 4 აგვისტოს ქალაქ „------“-ში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლისა და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეიცვალა ზემოაღნიშნული ოპერაციის შინაარსი. კერძოდ: ფიზიკურ პირზე თანხის გადახდის (769 906 ლარი) რეალურ მიზანს წარმოადგენდა მომჩივანისგან დაუბეგრავად ფულადი სახსრების გატანა საბოლოო მაკონტროლებელი ფიზიკური პირების მიერ. შესაბამისად, კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისთვის წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით:

1.რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს,რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 ივლისს მომჩივანს ფიზიკური პირისაგან - „------“-სგან შეძენილი აქვს მისი წილი სხვა კომპანიაში, კერძოდ, შპს „------- ში “ (ს/ნ „------“), 14.9%-ის ოდენობით, რომლის ღირებულება ხელშეკრულებისა და საბანკო გადარიცხვის შეასაბამისად განსაზღვრულია 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში - 769 906 ლარად. ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს ფ/პ „------“-მ უსასყიდლოდ შეიძინა მომჩივანს 100% წილი და გახდა კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი, ხოლო 2021 წლის 6 აგვისტოს 862 750 ლარი შეიტანა კაპიტალში, რითიც იმავე დღეს კომპანიამ გადაიხადა, 2021 წლის 4 აგვისტოს ქალაქ „------“-ში შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ფ/პ „------“და ფ/პ „------“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, კერძოდ, დედა-შვილს. ამასთან, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით გაირკვა, რომ „------“ საწარმოს საქმიანობის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული კომპანიის დაფუძნების დღიდან, მათ შორის, 02.08.2021 წელს ფ/პ „------“-ს მიერ უსასყიდლოდ მომჩივანის 100% წილის მიღებამდე პერიოდში, რაც დასტურდება სხვადასხვა დოკუმენტით, კერძოდ: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის განცხადებით, ასევე, შრომითი ხელშეკრულებით, სესხის ხელშეკრულებით და სხვ., სადაც „------“ ფიგურირებს როგორც მომჩივანის უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიხედვით, დამფუძნებლად/დირექტორად რეგისტრაციამდე პერიოდში, მომჩივანის საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება ფ/პ „------“-ს მიერ განხორციელებული ოპერაციები (ტრანზაქციები). აღნიშნული გარემოება ცხადყოფს „------“-ს აქტიურ მონაწილეობას და ჩართულობას მომჩივანის საქმიანობაში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა, სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისთვის წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა უძრავი ქონების გაქირავება/იჯარით გაცემა.შემოწმებამ შეისწავლა როგორც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული მონაცემები. აღნიშნული მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ მომჩივანს ფიზიკური პირისაგან შეძენილი აქვს მისი წილი სხვა კომპანიაში, 14.9%-ის ოდენობით, რომლის ღირებულება ხელშეკრულებისა და საბანკო გადარიცხვის შეასაბამისად განსაზღვრულია 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.ასევე, გაირკვა, რომ ფიზიკურმა პირმა უსასყიდლოდ შეიძინა მომჩივანის 100% წილი და გახდა კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი, ხოლო 2021 წლის 6 აგვისტოს 862 750 ლარი შეიტანა კაპიტალში, რითიც იმავე დღეს კომპანიამ გადაიხადა შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება.

სსკ-ის მე-19 მუხლისა და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეიცვალა ზემოაღნიშნული ოპერაციის შინაარსი. კერძოდ: ფიზიკურ პირზე თანხის გადახდის რეალურ მიზანს წარმოადგენდა მომჩივანისგან დაუბეგრავად ფულადი სახსრების გატანა საბოლოო მაკონტროლებელი ფიზიკური პირების მიერ. შესაბამისად, კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისთვის წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად, 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(6,9),103,154.