გადაწყვეტილება №20920/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20920/2/2023
01 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 27.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20920/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.08.2023 წლის №CB1503314 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22650 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 34 442.1 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფქვილით და ბურღულეულით.
გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 22 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში დაარეგისტრირა №------ განცხადება, ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ განადგურებას ექვემდებარებოდა 34 790 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 აგვისტოს №სმფ-"-----" ბრძანების საფუძველზე ჩამოწერაზე კონტროლი განხორციელდა ადგილზე გასვლით. 34 790 ლარის ჩამოსაწერი სასაქონლო მატერიალური ფასეულობიდან („ხორბლის ფქვილი“ 35 500 კგ (1კგ=0,98 ლარი) ჯამური ღირებულებით) დანაკლისი გამოვლინდა სააღრიცხვო ღირებულებით 34 442 ლარი და 10 თეთრი, რაზეც მომჩივანს 30.08.2023 წლის №CB1503314 სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 34 442.1 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.09.2023 წლის №22650 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2022 წლის სექტემბრიდან, დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მინიჭებული აქვს გახსნის დღიდან, დღეის მდგომარეობით საწარმოში დასაქმებულია 3 თანამშრომელი, რომელთა საშუალო ხელფასი 800-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ასევე მაღალი კონკურენციის პირობებში საქონლის გაიაფების მიზნით საწარმო თავად ახდენს ნედლეულის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებით სააღრიცხვო პროგრამა ორისში, სადაც ხდება საქონლის დამატება, საოპერაციო პროცესის დეტალური აღრიცხვა, ასევე ზედნადების გამოწერა და პროდუქციის გადაწერა საცალო და საბითუმო მომხმარებლებზე.
2023 წლის 22 აგვისტოს შპს "--------"-ის პირადი გვერდიდან მოხდა განცხადების (ID ------ შტრიხ კოდით: ------) რეგისტრაცია, ჩამოსაწერ ვადაგასულ ან/და უვარგის პროდუქციასთან დაკავშირებით, სადაც საქონლის (ხორბლის ფქვილის) რაოდენობა მითითებული იყო შეცდომით 35500 კგ, ნაცვლად 355 კგ - ისა. აღნიშნული შეცდომა განცხადების რეგისტრაციის/შევსების დროს მოხდა ბუღალტრის "------"-ის - მხრიდან, რომელიც გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომით და არანაირი წინასწარი განზრახვა/ მოტივაცია არ იყო მსგავსი შეცდომის დაშვების. რაც შეეხება შეცდომის აღმოჩენას: აღნიშნული შეცდომა ბუღალტრის მხრიდან აღმოჩენილი იქნა 2023 წლის 29 აგვისტოს, როდესაც შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა კომუნიკაცია ბუღალტერთან მისამართის დაზუსტების მიზნით. საწარმო ოპერირებს "-----"ში, თუმცა ბაზრის გაფართოების მიზნით საწარმოს ახლად აღებული ჰქონდა იჯარით სასაწყობე ფართი "------"-ში . აღნიშნულის გათვალისწინებით და მისამართის დაზუსტების მიზნით ბუღალტერმა მოახდინა გაგზავნილ დოკუმენტში მის მიერ მითითებული მისამართის გადამოწმება, რა დროსაც აღმოაჩინა დაშვებული შეცდომა, რომელზეც მყისიერი რეაგირება მოახდინა, რაც გამოიხატა შემოსავლების სამსახურში ახალი განცხადების (ID ------- შტრიხ კოდით: -------) გადაგზავნაში, სადაც მითითებული იყო ინფორმაცია აღნიშნული შეცდომის შესახებ და ასევე ინფორმაცია სწორი ვადაგასულ ან/და უვარგისი სასაქონლო მატერიალური მარაგის შესახებ, კერძოდ: რაოდენობა 355 კგ, ერთეულის ფასი 0,98 ლარი, ჯამური ღირებულება 347.90 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული განცხადება (ID ------- შტრიხ კოდით: -------) ავტომატურად დადასტურდა. ამავდროულად შემოსავლების სამსახურის გვერდიდან კომუნიკატორის საშუალებით აღნიშნული ფაქტის შესახებ შეატყობინა, შემოსავლების სამსახურს წერილი №------- და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს (აჭარის განყოფილებას) წერილი №------- ით.
მომჩივანი უთითებს, რომ მოქმედებდა კეთილსინდისიერების ფარგლებში და მის ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო საშუალება გამოიყენა აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მიზნით, რის შესახებაც საქმის კურსში ჩააყენა ადგილზე მისული უფლებამოსილი პირები, რომელთაც არ ჰქონდათ მის მიერ დამატებით წარდგენილი განცხადების (ID ------- შტრიხ კოდით: -------) შესახებ ინფორმაცია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში არცერთი სამართალდარღვევა არ აქვს, ორიენტირებულია ზრდაზე და არანაირი მოტივაცია/ინტერესი არ აქვს გამოსაქვითი ხარჯების ხელოვნურად გაზრდის, ვინაიდან ბუღალტრული აღრიცხვა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომელსაც ხელმძღვანელობს კვალიფიციური ბუღალტერი, საგადასახადო კონსულტანტი და ტრენერი "------", რომლის გაზრდილი სტუდენტები შემოსავლების სამსახურის წარმატებული კადრები არიან და აღნიშნული შეცდომა არის მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური შეცდომით გამოწვეული.
მომჩივანი, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლებას. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22650 ბრძანების გაუქმებას და შესაბამის სამსახურისათვის დავალებას მოახდინოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში. საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა 22.08.2023 წელს შემოსავლების სამსახურში დაარეგისტრირა ID: --------განცხადება, ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების თაობაზე. სადაც მითითებული იყო, რომ განადგურებას ექვემდებარებოდა 34 790 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 აგვისტოს №სმფ-------ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერისას 34 790 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობიდან („ხორბლის ფქვილი“ 35 500 კგ (1კგ=0,98 ლარი) ჯამური ღირებულებით) დანაკლისი გამოვლინდა სააღრიცხვო ღირებულებით 34 442 ლარი და 10 თეთრი.
მომჩივანი უთითებს, რომ ჩამოსაწერი საქონლის ხორბლის ფქვილის რაოდენობა მითითებული იყო არასწორად, რაც გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომით და არანაირი წინასწარი განზრახვა/მოტივაცია არ იყო მსგავსი შეცდომის. მოქმედებდა კეთილსინდისიერების ფარგლებში და მის ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო საშუალება გამოიყენა აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მიზნით, რის შესახებაც საქმის კურსში ჩააყენა ადგილზე მისული უფლებამოსილი პირები, რომელთაც არ ჰქონდათ მის მიერ დამატებით წარდგენილი განცხადების (ID --------- შტრიხ კოდით: --------) შესახებ ინფორმაცია.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------" წერილი, სიდანაც ირკვევა: „29 აგვისტოს გადასახადის გადამხდელის მიერ კვლავ შემოვიდა განცხადება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ, სადაც (დანართი-24)-ში მითითებული აქვს 1 (ერთი) დასახელების მატერიალური ფასეულობა, კერძოდ: ხორბლის ფქვილი 355 კგ (1 კგ=0,98 ლარი) საერთო ღირებულებით 347,90 ლარი, რომელსაც მიენიჭა სტატუსი დადებითი-ავტომატური (ID: -------, შტრიხკოდი: -------) და სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერა განხორციელდა ადგილზე გაუსვლელად, ავტომატურ რეჟიმში.
გამომდინარე იქედან რომ, გადამხდელმა 29 აგვისტოს არასამუშაო საათებში მომართა განცხადებით, ხოლო 30 აგვისტოს დილის საათებში ადგილზე გასვლა მოხდა 22 აგვისტოს განცხადებით მომართული სმფ-ს ჩამოსაწერად. შესაბამისად ზემოხსენებული ორი განცხადებით, დოკუმენტურად ჩამოწერილმა სმფ-ებმა ჯამურად შეადგენდა (355x2) 710 კგ ფქვილი, (ერთი - 29 აგვისტოს მომართული განცხადების ავტომატური დადასტურების საფუძველზე, ხოლო მეორე - მატერიალური ფორმით, ადგილზე გასვლით 22 აგვისტოს მომართული განცხადების საფუძველზე), თუმცა რეალურად ჩამოიწერა 355 კგ ფქვილი“.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს მიმდინარე წლის პერიოდში უფიქსირდება 1 062 000 კგ /1062 ტონა პროდუქტის მარაგი.
მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა 2023 წლის 22 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში დაარეგისტრირა განცხადება, ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ განადგურებას ექვემდებარებოდა 34 790 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები.
ჩამოწერაზე კონტროლი განხორციელდა ადგილზე გასვლით.გამოვლინდა დანაკლისი,მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
145(6,7),269(7).