ბრძანება N 26452
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 26452
07/09/2020
სს ---------------------------
(მის: ------------------------)
2020 წლის 19 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი№59) განიხილა სს ----- 2020 წლის 19 მარტის №50182/1/2020 საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია ახლად გამოვლენილი გარემოებით დავის განახლება და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 23 სექტემბრის №005-362 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმება.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს №22932 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებისას, 2015 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს გამოცემულ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომელსაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის №19985 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ 2019 წლის 05 სექტემბრის დასკვნა, რომლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადების ნაწილში 46562 ლარის ოდენობით, ხოლო ჯარიმა 26677 ლარის ოდენობით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შედეგებზე 2019 წლის 26 დეკემბერს გამოცემულ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი და 2020 წლის 28 თებერვალს გამოცემულ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელთა საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2019 წლის 5 სექტემბრის დასკვნა და მის საფუძველზე გამოცემული 20 სექტემბრის №32634 ბრძანება და 23 სექტემბრის №005-362 საგადასახადო მოთხოვნა არ იქნა გასაჩივრებული იმ საფუძვლით, რომ არსებული მდგომარეობით აუდიტის დეპარტამენტის მიერ სწორედ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნის გამოცემის მომენტისათვის გადამხდელისათვის უცნობი იყო, რომ მის მიმართ დეკლრარიებული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარებოდა შემცირებას. შესაბამისად, მომჩივანი ახლად გამოვლენილი გარემოებით ითხოვს დავის განახლებას და ერთი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 მუხლისა და 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით სანქციების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 22 აგვისტოს №22932 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისამდე პერიოდი.
2015 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 05 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა. დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №32634 ბრძანება და 23 სექტემბრის №005-362 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 90143 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 26524 ლარი, ჯარიმა 26524 ლარი, საურავი 37095 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანის მიერ არ გასაჩივრებულა შემოსავლების სამსახურში.
2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 27 დეკემბერს გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №46902 ბრძანება და ამავე თარიღის №005-533 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შემცირებას დაექვემდებარა სულ 31059 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 31459 ლარი, ჯარიმა დაერიცხა 400 ლარი, საურავი 0 ლარი.
2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისამდე საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 28 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 06 მარტს გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №6608 ბრძანება და ამავე თარიღის №005-38 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შემცირებას დაექვემდებარა სულ 170641 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 170841 ლარი, ჯარიმა 200 ლარი, საურავი 0 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ამასთან, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გარემოებაზე, რომ 2019 წლის 23 სექტემბრის №005-362 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას მოჩივანისათვის უცნობი იყო საგადასახადო შემოწმების საბოლოო შედეგის შესახებ, რამდენადაც 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე გამოცემულია 2019 წლის 27 დეკემბრის №005-533 საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო შემოწმების საბოლოო შედეგი გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი გახდა 2020 წლის 28 თებერვლის შემოწმების აქტის და აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული 2020 წლის 06 მარტის №6608 ბრძანების და ამავე თარიღის №005-38 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით უნდა მიეცეს სადავო აქტის გასაჩივრების და შესაბამისად საჩივრის არსებითად განხილვის უფლება. ამდენად, გადასახადის გადამხდელს სადავო საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით უნდა აღუდგეს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გასაჩივრების ვადები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ ერთი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადამხდელის მიმართ 2019 წლის 23 სექტემბრის №005-362 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულია სანქციები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2018 წლის 22 აგვისტოს №22932 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ჯამურად განსაზღვრული გადასახადების გათვალისწინებით, შეისწავლოს დარიცხული ჯარიმის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ჯარიმის კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს --------------- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2018 წლის 22 აგვისტოს №22932 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ჯამურად განსაზღვრული გადასახადების გათვალისწინებით, შეისწავლოს დარიცხული ჯარიმის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ჯარიმის კორექტირება.
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნის გამოცემის მომენტისათვის მისთვის უცნობი იყო, რომ დეკლრარიებული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარებოდა შემცირებას. შესაბამისად, მომჩივანი ახლად გამოვლენილი გარემოებით ითხოვს დავის განახლებას და სანქციების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2015 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 23 სექტემბერს გამოიცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მომჩივანის მიერ არ გასაჩივრებულა. 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე საგადასახადაო მოთხოვნა გამოიცა 2019 წლის 27 დეკემბერს, ხოლო 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 ივლისამდე საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 28 თებერვალს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ რამდენადაც 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე გამოცემულია 2019 წლის 27 დეკემბრის №005-533 საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო შემოწმების საბოლოო შედეგი გადამხდელისთვის ცნობილი გახდა 2020 წლის 28 თებერვლის შემოწმების აქტის და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, 2019 წლის 23 სექტემბრის საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას მოჩივანისათვის უცნობი იყო საგადასახადო შემოწმების საბოლოო შედეგის შესახებ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით უნდა აღუდგეს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გასაჩივრების ვადები.
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დარიცხული ჯარიმის სსკ-ს 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ჯარიმის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(21); 299(6); 299(7); 275(5); 308