გადაწყვეტილება №20303/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.10.2023
№ დოკუმენტი 20303/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20303/2/2023

03 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---- --------ი (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- -----ის 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20303/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის №188374 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14321 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 400 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვალს №21-14/15316 წერილით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი კონკრეტული სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მომჩივანი, აღნიშნულ წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2023 წლის 14 მარტს. გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულყოფილად.

მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო მომჩივანს, 24.04.2023 წლის №188374 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 279-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №21-14/15316 წერილს გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო, ამავე წლის 14 მარტს, თუმცა მის მიერ დადგენილ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულყოფილად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი, განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წარუდგინა განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულად. 2023 წლის 21 აპრილს დამატებით მოთხოვნილ იქნა გარკვეული დოკუმენტაცია, რომლის წარდგენის ვადად განესაზღვრა 2 დღე, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას ბუღალტერი არ გაცნობია, ვინაიდან იმყოფებოდა შვებულებაში. მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს დათქმას იმის თაობაზე, თუ რა ვადა უნდა იყოს განსაზღვრული დოკუმენტაციის წარსადგენად, შესაბამისად, გამოიყენება ადმინისტრაციული კოდექსის (ზოგადი) ნორმები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრათ 2 დღე, ისიც არასამუშაო დღეებში.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

მომჩივანი, განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წარუდგინა განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულად. 2023 წლის 21 აპრილს დამატებით მოთხოვნილ იქნა გარკვეული დოკუმენტაცია, რომლის წარდგენის ვადად განესაზღვრა 2 დღე, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას ბუღალტერი არ გაცნობია, ვინაიდან იმყოფებოდა შვებულებაში. გადამხდელი მიუთითებს,რომ საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს დათქმას იმის თაობაზე, თუ რა ვადა უნდა იყოს განსაზღვრული დოკუმენტაციის წარსადგენად, შესაბამისად, გამოიყენება ადმინისტრაციული კოდექსის (ზოგადი) ნორმები.

მომჩივნის არგუმენტი, რომ დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განესაზღვრა 2 დღე, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვალს №21- 14/15316 წერილით გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი კონკრეტული სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომჩივანი აღნიშნულ წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2023 წლის 14 მარტს. გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულყოფილად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წერილით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მომჩივანს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი კონკრეტული სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მომჩივანი, აღნიშნულ წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო . გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულყოფილად.

მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო მომჩივანს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1 „დ“); 70(1 „ა“); 279(1);