ბრძანება N 502
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 502
16 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 18 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 18 დეკემბრის №215336/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ნოემბრის №007-310 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი ითხოვს კომპანიის განაწილებული დივიდენდი გათავისუფლდეს მოგების გადასახადისგან. განმარტავს, რომ კომპანიას ჰყავდა ქვეკონტრაქტორი ჯუნიორ პროგრამისტი, რომლისთვისაც გადახდილი და დაბეგრილი აქვს ანაზღაურება, რომელიც შეადგენს დაახლოებით 9 000 ლარს. ასევე აცხადებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი და ამავდროულად დირექტორი მონაწილეობდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესში, რომლის სახელფასო ფონდი შეადგენდა 90 000 ლარს მთელ შესამოწმებელ პერიოდში. გადამხდელი ითხოვს აღნიშნული თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. ასევე მიუთითებს, რომ 2021 წელს, როცა მოხდა დივიდენდის განაწილება კომპანიის დირექტორი წარმოადგენდა საქართველოს რეზიდენტს. გადამხდელი მიიჩნევს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგია საქართველოში შექმნილად უნდა ჩაითვალოს თუ ის იქმნება საქართველოს საწარმოს მიერ. ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაკვალიფიცირებული აქვს დივიდენდის ნაწილი ხელფასად, არასწორი განაკეთით და ეს ფაქტი საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნული არ არის, ვინაიდან 2021 წლის ბოლოსთვის კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იყო სულ 8 247 ევრო, დაახლოებით 29 00 ლარი, ანუ 2021 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაგროვილი მოგების უმეტესობა განაწილებული იყო, შესაბამისად კომპანიის მოგება თითქოს მთლიანად წაიღო დამფუძნებელმა თუ ეს კომპანიის მოგება მოგების გადასახადსაც მოიცავდა გასანაწილებელი დივიდენდის მაქსიმალური ოდენობა იქნებოდა მთლიანი დაგროვილი მოგების 0.85%. სხვაობას მინუს 29 000 ლარი კი დივიდენდის განმარტებას ვერ აკმაყოფილებს და ხელფასია თავისი ბუნებით. გადამხდელი განმარტავს, რომ ამ მიდგომით ახალი მეთოდური მითითება დამამძიმებელი გამოდის მის წინამორბედ მეთოდურ მითითებასთან შედარებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 აგვისტოს №19986 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 18 ივლისის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 აგვისტოს №19986 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 ნოემბრის №007-310 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა საჩივარში მითითებული საკითხი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ ჰყავს დასაქმებული პირი და დამფუძნებელი თავად ახორციელებს საქმიანობას. საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელმაც 2021 წელს დააკმაყოფილა საქართველოს რეზიდენტობის პირობა, ხოლო სხვა წელში არ ყოფილა საქართველოს რეზიდენტი. ვინაიდან მეთოდური მითითების მიხედვით, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნით არსებითია ვირტუალური ზონის პირი ახორციელებდეს ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობა კომპანიას განხორციელებული აქვს 2019-2020 წლებში, ხოლო 2020-2021 წლებში კომპანიას გატანილი აქვს დივიდენდი იმ მოგებიდან, რომელიც გამოიმუშავა 2019-2020 წლებში, შესაბამისად, შემოწმებით ვერ დასტურდება გადამხდელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ფაქტი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგების გადასახადისგან გათავისუფლება არ შეეხება. შედეგად გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას ჰყავდა ქვეკონტრაქტორი ჯუნიორ პროგრამისტი, რომლისთვისაც გადახდილი და დაბეგრილი აქვს ანაზღაურება, რომელიც შეადგენს დაახლოებით 9 000 ლარს. ასევე აცხადებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი და ამავდროულად დირექტორი მონაწილეობდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესში, რომლის სახელფასო ფონდი შეადგენდა 90 000 ლარს მთელ შესამოწმებელ პერიოდში. ასევე მიუთითებს, რომ 2021 წელს, როცა მოხდა დივიდენდის განაწილება კომპანიის დირექტორი წარმოადგენდა საქართველოს რეზიდენტს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს შემდეგს:
- თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული;
- თუ დამფუძნებელი რეზიდენტია, არის სპეციალისტი და შემოსავალი მიღებული აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დაბეგრილია წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შექმნილი პროგრამული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად და შესაბამისად, ასევე სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო შემოწმებისას ხორციელდება სახელფასო განაცემის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საწარმოს ან შემმოწმებლის მიერ, მათ შორის შემოწმების მიერ საწარმოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილდება ზემოთაღნიშნული პირობები, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი ნორმები ჩაითვლება შესრულებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 აგვისტოს №19986 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 აგვისტოს №19986 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს კომპანიის განაწილებული დივიდენდი გათავისუფლდეს მოგების გადასახადისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 აგვისტოს №19986 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 აგვისტოს №19986 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981(1); 99