ბრძანება N 2267

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2024
№ დოკუმენტი 2267
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2267

07 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 17 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №86838/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №081-332 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. განმარტავს, რომ კომპანია საბავშვო ბაღებს ხელშეკრულებების საფუძველზე აწვდის ბოსტნეულს, რომელიც შეძენილია ქართულ ბაზარზე ფიზიკური პირებისგან. აცხადებს, რომ წარმოადგენს პროდუქციის მიმწოდებლების ნოტარიულად დადასტურებულ ახსნა-განმარტებებს და ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22567 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 დეკემბრის №32284 ბრძანება და №081-332 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 810 ლარი, მათ შორის, გადასახადი 28 496 ლარი, ჯარიმა 14 248 ლარი, საურავი 5 066 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----------“ საქმიანობას წარმოადგენს საბავშვო ბაღებზე პროდუქციის მიწოდება. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერები, აგრეთვე, ტრანსპორტის იჯარის ხელშეკრულება. კომპანიას უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, კერძოდ საქართველოში წარმოებული/მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. შესწავლილ იქნა შესყიდვის აქტებში მითითებული მომწოდებლები. შემოწმებით დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში მომწოდებლები საქონლის შეძენას ახდენენ იმპორტიორებისგან, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით არ თავისუფლდება დღგ-ისგან. დეკლარირებული მონაცემების და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გამიჯნული იქნა კომპანიის დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმადაც, შპს „----------“ საქმიანობას წარმოადგენს საბავშვო ბაღებზე პროდუქციის მიწოდება. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერები, აგრეთვე, ტრანსპორტის იჯარის ხელშეკრულება. კომპანიას უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, კერძოდ საქართველოში წარმოებული/მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. შესწავლილ იქნა შესყიდვის აქტებში მითითებული მომწოდებლები. შემოწმებით დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში მომწოდებლები საქონლის შეძენას ახდენენ იმპორტიორებისგან, რაც არ თავისუფლდება დღგ-ისგან. დეკლარირებული მონაცემების და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გამიჯნული იქნა კომპანიის დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს საბავშვო ბაღებზე პროდუქციის მიწოდება. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერები, აგრეთვე, ტრანსპორტის იჯარის ხელშეკრულება. კომპანიას უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, კერძოდ საქართველოში წარმოებული/მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. შესწავლილ იქნა შესყიდვის აქტებში მითითებული მომწოდებლები. შემოწმებით დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში მომწოდებლები საქონლის შეძენას ახდენენ იმპორტიორებისგან, რაც არ თავისუფლდება დღგ-ისგან. დეკლარირებული მონაცემების და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გამიჯნული იქნა კომპანიის დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 172(4).