ბრძანება N 16647-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16647
23/06/2020
შპს ----- ს
(მის: ქ. -------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის 48278/1/2020 საჩივრი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი N33).
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სადავო საკითხი:
გადამხდელის განმარტებით, საზოგადოებამ მხოლოდ 2016 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში განახორციელა 11708 მ3 ბუნებრივი აირის რეალიზაცია 14050 ლარად დღგ-ის ჩათვლით და არა - 6152 ლარად დღგ-ის გარეშე. გადამხდელს აღნიშნული თანხა დაბეგრილი აქვს დღგ-ის, მოგების და აქციზის გადასახადებით. ამდენად, აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება წინა საგადასახადო შემოწმების აქტზე დაყრდნობით, შეძენილი ბუნებრივი აირის 40%-ის აქციზით დაბეგვრის საკითხს. განმარტავს, რომ საკუთარი ავტომობილებისთვის იყენებს შეძენილი ბუნებრივი აირის მხოლოდ 10%-ს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აქციზით დასაბეგრ ოპერაციად არ მიიჩნევა. ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია არ არის გათვალისწინებული მოგების გადასახადში.
ფაქტობრივი გარემოებები:
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის N21871 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 26 ნოემბრის შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 03 დეკემბრის N42126 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 412920.1 ლარით, მათ შორის: გადასახადი 209692 ლარი, ჯარიმა 116718 ლარი და საურავი 86510.1 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2019 წლის 29 ივნისის დადგენილებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საკუთარი საცხობი საამქროს ტერიტორიაზე კუსტარულად მოწყობილი გაზგასამართი პუნქტის საშუალებით ცალკეული სანდო კლიენტების ავტომობილებზე ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, რაზეც არ გააჩნია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. წინა საგადასახადო შემოწმების აქტზე დაყრდნობით, პირი შეძენილი ბუნებრივი აირის 40% მოიხმარს ავტომობილების გაზმომარაგებისათვის და დაიბეგრა აქციზით.
წინა საგადასახადო შემოწმების აქტის, გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, წარმოების პრინციპებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ირკვევა, რომ 2016 წლის მეორე ნახევარში გადამხდელს გარდა საკუთარი ავტომობილებისა, გაზით დატუმბული აქვს უცხო პირთა საკუთრებაში არსებული ავტომობილები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის შედეგად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და აქციზის გადასახადი, ასვე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებულ გარემოებებზე, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საკუთარი საცხობი საამქროს ტერიტორიაზე კუსტარულად მოწყობილი გაზგასამართი პუნქტის საშუალებით ახორციელებდა ბუნებრივი გაზის რეალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების დღგ. და აქციზის გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა მართებულია, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი აირის რეალიზაციასთან დაკავშირებით დარიცხულ თანხებს, ასევე არ ეთანხმება წინა საგადასახადო შემოწმების აქტზე დაყრდნობით, შეძენილი ბუნებრივი აირის 40%-ის აქციზით დაბეგვრის საკითხს.
ფაქტობრივი გარემოებები
ირკვევა, რომ გადამხდელი საკუთარი საცხობი საამქროს ტერიტორიაზე კუსტარულად მოწყობილი გაზგასამართი პუნქტის საშუალებით ცალკეული სანდო კლიენტების ავტომობილებზე ახორციელებს ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, რაზეც არ გააჩნია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. წინა საგადასახადო შემოწმების აქტზე დაყრდნობით, პირი შეძენილი ბუნებრივი აირის 40% მოიხმარს ავტომობილების გაზმომარაგებისათვის და დაიბეგრა აქციზით. ამავე აქტით ირკვევა, რომ გადამხდელს გარდა საკუთარი ავტომობილებისა, გაზით დატუმბული აქვს უცხო პირთა საკუთრებაში არსებული ავტომობილები. შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ, აქციზის გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების დღგ. და აქციზის გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა მართებულია, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 182(1,,დ“); 184(1,,დ“); 275
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“)