ბრძანება N 14279
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14279
21.06.2023
შპს „----------ის“ (ს/ნ ----------------)
(მის.:------------------------------------)
2023 წლის 25 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ ----------------) 2023 წლის 25 მაისის №81265/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №187877 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული ჯარიმის პატიებას. განმარტავს, რომ დოკუმენტების გადაგზავნა მოხდა დაგვიანებით, რადგან უნდოდათ სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებინათ აუდიტის დეპარტამენტისთვის და აცხადებს, რომ გადასახადისგან თავის არიდების განზრახვა არ ჰქონიათ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 30 მარტს გაეგზავნა №21-14/26521 წერილი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 2019 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებზე ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში. გადასახადის გადამხდელი 2023 წლის 30 მარტს გაგზავნილ №21-14/26521 წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 4 აპრილს, თუმცა განსაზღვრულ ვადაში არ მომხდარა ინფორმაციის სრულად წარდგენა, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2023 წლის 26 აპრილის №187877 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითგათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის არ იქნა წარდგენილი 2023 წლის 30 მარტის №21-14/26521 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული ჯარიმის პატიებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის არ იქნა წარდგენილი №21-14/26521 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1 „დ“ 4);70(1 „ა“); 269(1, 7); 270(1,2); 279(1); 302(6);