ბრძანება N 31080-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 31080
15/10/2020
შპს „-----“ (ს/ნ -----)
(მის.: ---------------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს ------ ს 2020 წლის 31 იანვრის №20604/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
იჯარით აღებული ფართების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ მომხდარა საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა და ძირითადი საშუალებების მეიჯარესთვის დაბრუნება. მისივე განმარტებით, ხელშეკრულებაში შეიცვალა მოიჯარე მხარე, „----- “-ს ნაცვლად დარეგისტრირდა სს ------.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 დეკემბრის №34059 და 2019 წლის 22 ნოემბრის №40695 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის სრული საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 01 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №47337 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 139 251 ლარი, მათ შორის, გადასახადი 671 246 ლარი, ჯარიმა 333 507 ლარი და საურავი 134 498 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, შპს ----- ს იჯარით ჰქონდა აღებული ფართები, სადაც თვითონ ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს, რომელთა ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ იყო საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე. აღნიშნულ სარემონტო ხარჯებს კომპანია აღრიცხავდა ცალკე ჯგუფად და ამორტიზაციის გზით ერთობლივი შემოსავლიდან იქვითავდა ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 15-%-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა აუქციონი შპს ----- ს აქტივებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მიზნით, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა სს „------“, აუქციონების შედეგებიდან გამომდინარე, სს „-----“ -ს გადაეცა კომპანიის კუთვნილი ყველა აქტივი (ბანკმა იჯარით აღებული ქონების სარემონტო სამუშაოები აქტივებში არ აღიარა) შესაბამისად კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება და საიჯარო ხელშეკრულებები გაუქმდა.
საგადასახადო შემოწმების მიერ ნარჩენი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი დამატებული იქნა 2018 წლის დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ დასაბეგრ ბრუნვას, შედეგად კომპანიას დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:
ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოიჯარის (გარდა ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირების მიერ ძირითადი საშუალებების მეიჯარისათვის დაბრუნება, რომლის დროსაც:
ვ.ა) დასაბეგრი ოპერაციების თანხა ტოლია აღნიშნულ ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან გამოსაკლები თანხისა, რომლითაც აღნიშნული ჯგუფი ნულდება;
ვ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის მომენტი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს გამართული აუქციონის შედეგების მიხედვით, სს „------“ -ს გადაეცა შპს ----- ს კუთვნილი ყველა აქტივი. შპს ----- ს იჯარით ჰქონდა აღებული ფართები, სადაც თვითონ ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს, რომელთა ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ იყო საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე. აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, შპს ----- ს კუთვნილი აქტივები გადავიდა სს „------“-ს საკუთრებაში, შპს ----- ს შეწყვიტა ფუნქციონირება, შესაბამისად, გაუქმდა საიჯარო ხელშეკრულებებიც. ამასთან, სს „-------“-მა იჯარით აღებული ქონების სარემონტო სამუშაოები აქტივებში არ აღიარა.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ნარჩენი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 2018 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვის შედეგად განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს 2020 წლის 31 იანვრის საჩივარისადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი იჯარით აღებული ფართების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ მომხდარა საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა და ძირითადი საშუალებების მეიჯარესთვის დაბრუნება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმო იჯარით აღებულ ფართებში ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს, რომელთა ჩატარება ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე. აღნიშნულ სარემონტო ხარჯებს კომპანია აღრიცხავდა ცალკე ჯგუფად და ამორტიზაციის გზით ერთობლივი შემოსავლიდან იქვითავდა ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 15-%-ს. 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა აუქციონი, სადაც ბანკსს გადაეცა კომპანიის კუთვნილი ყველა აქტივი შესაბამისად კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება და გაუმდა საიჯარო ხელშეკრულებები.
შემოწმების მიერ ნარჩენი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი დამატებული იქნა 2018 წლის დღგ-ის დეკლარაციაში ასახულ დასაბეგრ ბრუნვას, შედეგად კომპანიას დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ნარჩენი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 2018 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვის შედეგად განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 115(4); 275
0.01.2021 წლამდე მომქედი: 161(1,,ვ“)