ბრძანება N 9000
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9000
26.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 20 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №79221/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №006-45 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ 2020 წლის თებერვლის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (რეალიზაცია) დაკორექტირდა და დამკვეთთან შეთანხმებით გარიგების ოდენობა შემცირდა. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები შემოწმების მიერ სრულად არ არის შესწავლილი.
2. გადამხდელი აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე სრულად არ არის განხილული მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც საშემოსავლო გადასახადის ანულირებას გამოიწვევდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 14 დეკემბრის №006-725 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 11 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 6 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 52 125 ლარით, მათ შორის, გადასახადი 34 750 ლარით და ჯარიმა 17 375 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №006-45 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
· დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადაწყვეტილების შესაბამისად გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის ანალიზითაც ირკვევა, რომ შპს „----------“ 2020 წლის მაისში დააკორექტირა 2020 წლის თებერვალში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს 2020 წლის მაისში შედგენილი შეთანხმება.
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ დაექვემდებარა კორექტირებას (საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა თავდაპირველ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში (ეა ანგარიშ-ფაქტურა) ასახული დასაბეგრი ბრუნვა).
· ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმომ იურიდიულ პირებს სესხად გადასცა თანხა 139 000 ლარის ოდენობით. გადაანგარისების პროცენში აღნიშნული თანხით შემცირდა გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებით ჩათვილია დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილია 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, შპს „----------“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 ივლისის №18885 ბრძანების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 27 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. ამასთან, დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2020 წლის მაისის თვეში დააკორექტირა 2020 წლის თებერვლის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა 2020 წლის მაისის თვეში შედგენილი შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირების საფუძველი წარმოიშვა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულისაგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.
გადამხდელის არგუმენტთან, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის სრულად არ განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განიხილა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რის საფუძველზეც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადამხდელის მონაწილეობით, წარმოდგენილი მასალების დამატებითი შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის ანალიზითაც ირკვევა, რომ შპს-ს მიერ გამოწერილი საგადასახადო -ფაქტურის კორექტირების საფუძველი წარმოიშვა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რის საფუძველზეც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 301 (ზ); 304 (21); 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 179