ბრძანება N 12366
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12366
05.06.2023
შპს „---------“ (ს/ნ -----------)
(მის.:-----------------)
2023 წლის 31 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) №78750/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №005-220 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით შპს „-----------“-ის წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილებას და დივიდენდად განხილვას. ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33326 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33666 ბრძანება და ამავე თარიღის №005-220 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 214 968 ლარი, მათ შორის გადასახადი 104 965 ლარი, ჯარიმა 52 483 ლარი და საურავი 57 520 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „------------ის“ (ს/ნ -----------) დამფუძნებლები 2019 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით არიან ----------- (პ/ნ -------------) - 31.5%, ------------ (პ/ნ ------------) - 21%, შპს „-----------“ (ს/ნ -----------) - 12% და შპს „-----------“ (ს/ნ ----------) - 35.5%. შპს „----------“ 2019 წლის 23 აგვისტოს იყიდა შპს „-------------ის“ 31% წილი მ-----------გან 150 000 დოლარად. შპს „-----------“ 100%-იანი დამფუძნებელი არის ----------- (პ/ნ -----------) - ------------ის მეუღლე.
მოცემულ პირობებში, ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად, ისევ სრულად ფლობს შპს „-----------ის“ წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკვალიფიცირდა როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები ნათესავები არიან. ხოლო, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემოწმებით ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად საეჭვო ოპერაციის ტერმინის გამოყენება არამართლზომიერია.
აღნიშნულ ტერმინს და ამ საფუძვლით კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს არ ცნობს და არ იძლევა საქართველოს საგადასახადო კოდექსი, იგი გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაში, რომელიც დამტკიცდა სადავო ოპერაციის განხორციელებიდან სამი წლის შემდეგ.
ამასთან, გაუგებარია სადავო ოპერაციის ფორმა რა ნაწილში არ შეესაბამება მის შინაარსს. ფ/პ----------- 2014 წლიდან ფლობდა შპს „-----------“-ის წილს, რომლის გასხვისება გადაწყვიტა 2019 წელს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შპს „------------“, ფუნქციონირებად საწარმოზე. შემმოწმებლის აზრით, აღნიშნული ოპერაციის რეალურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდა ფიზიკურ პირზე დივიდენდის დაუბეგრავად გაცემა. რეალურად, ფიზიკური პირის მიერ ხდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით სარგებლობა და ამ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენება სრულიად არასამართლიანია. ასევე, საინტერესოა კომპანიის მიერ განაწილებულ რა თანხას ბეგრავს შემმოწმებელი. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტიდან ჩანს, დასაბეგრ ბაზად აღებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში და ჩაითვალა, რომ მყიდველი საწარმოს მიერ მოხდა ნასყიდობის თანხის განაწილება მოგების სახით. ეს უკანასკნელი აფსურდია, რადგან შემოწმების აქტით კვალიფიკაციის შეცვლის მთავარი მოტივი არის ის, რომ შესაძლოა ფიზიკური პირის მიერ ხდება შპს „---------------“-დან კუთვნილი დივიდენდის დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ ოპერაციის კვალიფიკაცია მართლზომიერად იქნა შეცვლილი, გამოდის, რომ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაეკისროს შპს „------------“-ს. ამასთან, განაწილებულ მოგებად უნდა ჩაითვალოს ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთელი თანხა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „----------“ მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს შეძენილია შპს „--------------ის“ 31% წილი მ------------გან 150 000 დოლარად. შპს „-----------“ 100%-იანი დამფუძნებელი არის ------------ (პ/ნ ------------) - -----------ის მეუღლე. ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს „------------“ წილს და რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების მესაკუთრის ცვლილება, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა მართლზომიერია, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში განაწილებულ მოგებად უნდა ჩაითვალოს ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთელი თანხა. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „----“ მიერ ფ/პ ----- შეძენილი შპს „------------ის“ წილის ნასყიდობის ღირებულება საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს შპს „-----------“ მიერ ფ/პ ---------------გან შეძენილი შპს „--------------ის“ წილის ნასყიდობის ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შპს „--------“ მიერ ფ/პ -----------გან შეძენილი შპს „-------------ის“ წილის ნასყიდობის ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით შპს-ის წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილებას და დივიდენდად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.მომჩივანის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს შეძენილია სხვა შპს -ის“ 31% წილი.
წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს-ს წილს და რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების მესაკუთრის ცვლილება.გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა გადასახდელი ვალდებულება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა მართლზომიერია, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში განაწილებულ მოგებად უნდა ჩაითვალოს ფაქტიურად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთელი თანხა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
19(1,2თ);73(9);97(1ა);981;100(1);105(1ზ);130;154(1ზ);