ბრძანება N 6050
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6050
20 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2024 წლის 18 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2024 წლის 18 იანვრის №86883/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №094-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ 2020 წლის განმავლობაში „-------“ (დედა კომპანია) ახორციელებდა შპს „-------გან“ და ასევე, რეგიონში არსებული დამოუკიდებელი კომპანიებისგან თხილის შეძენას. შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდით ანალიზის შედეგად, „--------“-სა და შპს „--------ს“ შორის არსებული კონტროლირებული ტრანზაქცია შედარებულ იქნა „-------“-სა და დამოუკიდებელ მიმწოდებლებს შორის არსებულ არაკონტროლირებულ ტრანზაქციებთან. ტრანზაქციებს შორის შედარებადობის დონის ასამაღლებლად ჩატარებული შესწორებების შემდეგ, ამ შედარებამ აჩვენა, რომ შპს „--------“ უფრო ხელსაყრელი პირობებით სარგებლობს, ვიდრე დამოუკიდებელი მიმწოდებელი კომპანიები, რაც ყველაზე ნათლად იმ ფაქტში ჩანს, რომ ყოველი გაყიდული კილოგრამი თხილისთვის კომპანია უფრო მეტ შემოსავალს იღებდა. შესაბამისად, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ ეს ტრანზაქცია კომპანიას უფრო მომგებიან პოზიციაში აყენებს და საქართველოს მხრიდან მას სატრანსფერო ფასწარმოქმნის რისკი არ ექმნება.
კომპანიამ ჯგუფის დახმარებით წლების განმავლობაში გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გამხდარიყო სრული დატვირთვით ოპერირებადი თხილის მეურნეობა საქართველოში. კომპანიის მიზანს, მიეღწიათ თხილის სასურველი ხარისხის წარმოებას, ხელი შეუშალა ისეთმა გარე ფაქტორებმა, როგორიცაა აზიური ფაროსანას შემოსევა, საქართველოს რეგიონისთვის დამახასიათებელი თხილის ზრდის პირობები და სხვა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ შპს „-------ს“ დასჭირდა უფრო მეტი დრო იმისათვის, რომ მიეღწია განვითარების სასურველი დონისთვის. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ კომპანია ყოფილიყო წამგებიანი იმ გაზრდილი ხარჯების გამო, რომელიც საშუალებას მისცემდა მას, სრული დატვირთვით მომუშავე გამხდარიყო. თუმცა ეს ზარალი არ არის გამოწვეული გაშლილი ხელის პრინციპის შეუსაბამო ტრანზაქციებით, არამედ, ეს არის განპირობებული ბიზნესისა და საოპერაციო ხასიათის მიზეზებით.
მომჩივნის განმარტებით, „-------“-ზე განხორციელებული თხილის რეალიზაცია შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპის და საქართველოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეგულაციებს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ შერჩეულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდს (ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი) და განმარტავს, რომ შპს ,,--------სა“ და „-------“-ს შორის თხილის რეალიზაციის ოპერაციისათვის დადგენილი საფასო პოლიტიკის გასაანალიზებლად ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდია შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი ან ამ მეთოდის ვარიაცია. ასევე, არ ეთანხმება შემოწმების მიერ შერჩეულ შესადარებელ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ ------ში ------ში, ------სა და ------ში, ვინაიდან საქართველოს და დასავლეთ ევროპის ბაზრები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამასთან, არცერთი შერჩეული კომპანია არ არის შპს ,,-------ს“ მიერ შესრულებულ ფუნქციებთან ახლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 25 მარტის №8632 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე შედგა 2023 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32340 ბრძანება და ამავე თარიღის №094-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 572 873 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 158 500 ლარი, ჯარიმა 1 079 251 ლარი და საურავი 1 335 122 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------“ (ს/ნ -----) დაფუძნდა 2007 წლის 20 მარტს საქართველოში, ------ს რაიონში. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის 100%-იან დამფუძნებელს წარმოადგენს -------ს რეზიდენტი კომპანია - „--------“.
კომპანიის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა თხილის კულტივაცია, თხილის წარმოება და ჯგუფის კომპანიებზე რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საკუთრებაში არსებული მთლიანი ტერიტორია შეადგენს 4 000 ჰექტარს, ხოლო დარგული ტერიტორია - 3700 ჰექტარს.
გადასახადის გადამხდელს 2018-2020 წლებში განხორციელებული აქვს შემდეგი კონტროლირებული ოპერაციები:
1. IT სერვისების მიღება „------.“-სგან (-------);
2. პროდუქციის რეალიზაცია, რასაც კომპანია ძირითად ახორციელებს დამოკიდებულ მხარეებზე, აგრეთვე მცირე წილით აქვს დამოუკიდებელ მხარეზე თხილის და თხილის ნერგების რეალიზაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-1291 მუხლების, „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანების და 2017 წლის „ეგთოს“ სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად შეფასებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქნის დასკვნის შესაბამისობა საკანმომდებლო ნორმებთან და კონტროლირებული ოპერაციების შესაბამისობა საბაზრო პრინციპთან.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია გადის ზარალზე. აღნიშნული ფინანსური შედეგის მთავარ მიზეზად გადამხდელის წარმომადგენლები ასახელებენ ფაროსანას გავლენას მოსავლის მოცულობასა და ხარისხზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროდუქციის მცირე მოცულობებით წარმოების შედეგად შემცირდა ასევე რეალიზაციაც, შესაბამისად გაიზარდა ერთეული პროდუქციის შესაქმნელად გაწეული საოპერაციო ხარჯი. გადამხდელის მიერ დასკვნაში მოყვანილი კვლევის თანახმად, ფაროსანას რაოდენობა 2019 წლიდან შემცირდა 30%-ით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კომპანიის ანგარიშგების მონაცემებთან არ აქვს კორელაცია.
საწარმოს მიერ IT სერვისების მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი:
აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ცენტრალიზებული, ინტეგრირებული სისტემების დანერგვის (SAP), მონიტორინგის და სხვა IT მომსახურების მიწოდებას ჯგუფის კომპანიებისთვის. ქართულ კომპანიას მომსახურებას უწევს „-------“ (------) მომსახურების ღირებულება მოიცავს აღნიშნული კომპანიის პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს დამატებული 10%.
კონტროლირებული ტრანზაქციის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა TNM მეთოდი. მომგებიანობის დონის ინდიკატორად (PLI) გამოყენებულ იქნა საოპერაციო მარჟა. აღნიშნული სერვისის ფარგლებში შემოწმებულ მხარედ მიჩნეულ იქნა IT სერვისის მომწოდებელი კომპანია. ფინანსური მაჩვენებლის დასატესტად გამოყენებულ იქნა -------ის მონაცემთა ბაზა, სადაც მოძიებულ იქნა შესადარებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია. ჯგუფის IT სერვისის მომწოდებელი კომპანიის მიერ გამოყენებული ფასნამატი ხარჯებზე - 10% მოხვდა აღნიშნულ საბაზრო დიაპაზონში და ჩაითვალა ოპერაცია საბაზრო პრინციპების შესაბამისად.
ხოლო რაც შეეხება თხილის რეალიზაციის ოპერაციას, გადამხდელის განმარტებით, თხილის სარეალიზაციო ღირებულება განისაზღვრება წინასწარ, ---------ს (------) მიერ გამოქვეყნებული ფასების მიხედვით. აღნიშნულ ფასს ემატება დამტვრევის, გამოშრობის ღირებულებები და 5%-იანი ფასნამატი.
აუდიტორული კომპანიის მიერ კონტროლირებული ტრანზაქციის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული მეთოდი:
1) რადგან KIB ფართო მოხმარების საქონლის ბირჟაზე გამოქვეყნებულია მხოლოდ სტანდარტული თხილის ფასები FOB მიწოდების პირობით. (Standart Hazelnuts- FOB) და რადგან აღნიშნული ბირჟის მონაცემი ფასიანია, აუდიტორულმა კომპანიამ გამოიყენა Standart Hazelnuts ჯიშის თხილის წლის საშუალო ფასები.
2) Inshell hazelnuts – თხილის დამტვრევის ხარჯებს შპს „-------“ წევს ადგილობრივი ქვეკონტრაქტორების მეშვეობით. რადგან kernel hazelnut ჯიშის თხილის დამტვრევის ფუნქციას ქართული კომპანია თვითონ კისრულობს, ამიტომ inshell hazelnuts-ის ერთეულის დამტვრევის ღირებულება აუდიტორულმა კომპანიამ გაამრავლა 37%-ზე და მიიღო ერთეული kernel hazelnut -ის დამტვრევის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ღირებულება.;
3) ანალოგიურად დათვლილია Inshell hazelnuts ჯიშის თხილის გამოშრობის ღირებულება და kernel hazelnut-ის ჯიშის თხილის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ღირებულების მისაღებად აღნიშნული გამრავლებულია 37%-ზე;
4) აუდიტორულმა კომპანიამ გამოიყენა 5%-იანი ფასნამატი, ჯგუფის გამოცდილებიდან და ჯგუფის სხვა წევრი კომპანიებისთვის გაკეთებული დასკვნების (სხვა ქვეყნები- არარეზიდენტი კომპანიები) მიხედვით.
გამოყენებული მაჩვენებელი - 37% მიღებულია kernel hazelnut-ის ჯიშის თხილის გამოსავლიანობის მიხედვით (yield rate).
აღნიშნული მეთოდით დათვლილი ფასი აუდიტორულმა კომპანიამ ჩათვალა საბაზროდ და შეადარა დამოკიდებულ მხარეზე რეალიზებული საქონლის საინვოისო ღირებულებებს. შედეგად, ჩაითვალა რომ კონტოლირებული ტრანზაქციის ღირებულება საბაზრო პრიციპის შესაბამისია.
კომპანია პასუხისმგებელია თხილის ნერგების დარგვაზე, მოვლაზე, კულტივირებაზე და რეალიზაციაზე. კომპანიის ფუნქციები მოიცავს: თხილის მოყვანა-წარმოების დაგეგმვას, მოკრეფადასაწყობებას, დამტვრევას, გამოშრობას, შეფუთვას, ხარისხის კონტროლს, ძირითადი საშუალებების და ნედლეულის შესყიდვის საჭიროების განსაზღვრას და შესყიდვის განხორციელებას.
კონტროლირებულ ოპერაციებში გადამხდელი ეწევა შემდეგ რისკებს: ლიკვიდურობის რისკი, საკრედიტო რისკი, საბაზრო რისკი, სავალუტო რისკი, მარაგების რისკი და საოპერაციო რისკი. კონტროლირებულ ოპერაციებში კომპანია იყენებს შემდეგ აქტივებს: ნაყოფის მომცემი მცენარეები, დაუსრულებელი ნაყოფის მომცემი მცენარეები, მიწა და შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, საოფისე აღჭურვილობა და ავეჯი, სატრანსპორტო საშუალებები, CIP.
ფუნქციური და რისკის პროფილიდან გამომდინარე შემოწმება დაეთანხმა გადამხდელის წარმომადგენლის მოსაზრებას და ქართული კომპანია ჩაითვალა სრულუფლებიან მწარმოებლად.
კონტროლირებული ოპერაციების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კერძოდ, ქართული კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებით, არჩეულ იქნა ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი, ფინანსურ მაჩვენებლად საოპერაციო მოგების შეფარდება საოპერაციო ხარჯებთან (EBIT/Op. Costs), შემოწმებულ მხარედ არჩეულ იქნა ქართული კომპანია.
შემოწმება მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს 2.2, 2.22 და 1.71 პარაგრაფებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან აუდიტორულ კომპანიას თხილის სარეალიზაციო ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის შესაფასებლად გამოყენებული აქვს რიგი დაშვებები, მათ შორის: 1) კვოტირებული არის განსხვავებული ჯიშის თხილის ფასი; 2) კვოტირებულ საქონელს გააჩნია განსხვავებული მიწოდების პირობა; 3) გამოშრობის და დამტვრევის ღირებულებების გამოსათვლელად გაკეთებულია შესწორებები; 4) 5%-იანი მარჟის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობაზე არ არსებობს არანაირი კვლევა; 5) მეთოდით გამოთვლილი ღირებულებები შედარებულია სასაქონლო ბირჟაზე კვოტირებული ფასის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან, ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ აღნიშნული მეთოდი არ აკმაყოფილებდა ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქნის სახელმძღვანელოს 2.2 და 2.22 პუნქტს და არ წარმოადგენდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველაზე უკეთ მისასადაგებელ მეთოდს.
რადგან ქართული კომპანია იდგა განსაკუთრებული გარემოების წინაშე, კერძოდ, რადგან ფაროსანას გავრცელებამ საქართველოში გამოიწვია მოსავლიანობის გაუთვალისწინებელი დანაკარგები, შემოწმებამ შესადარებელი კომპანიების მოძიებისას გაითვალისწინა ისეთი ქვეყნები, რომლებზეც ფაროსანას იგივე ან უარესი გავლენა ჰქონდა. წყაროდ გამოყენებულ იქნა ევროპის და ხმელთაშუაზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის მონაცემი (European and Mediterranena Plant Protection Organizationhttps://gd.eppo.int/taxon/HALYHA/distribution).
აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ საბაზრო დიაპაზონიდან არ გამორიცხულა ისეთი კომპანიები, რომელიც რამოდენიმე წელს ზარალობს, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა განსაკუთრებული შემთხვევა. ამასთან, აღნიშნული გარემოებების გამო, შემოწმებამ გადაწყვიტა მედიანის ნაცვლად დიაპაზონის სხვა წერტილის გამოყენება.
კომპანიის ფუნქციური და რისკის პროფილიდან გამომდინარე, შემოწმებამ ჩათვალა, რომ ქართული კომპანია წარმოადგენდა სრულუფლებიან მწარმოებელს. მოძიებულ იქნა შესადარებელი კომპანიები “------“ ბაზაში.
ძიების კრიტერიუმები:
NACE Rev.2 0125 - Growing of other tree and bush fruits and nuts, 0126 - Growing of oleaginous fruits;
BVD - A+, A, A-, B+, B, B-;
კომპანიები, რომელთა მონაცემიც არის არაკონსოლიდირებული;
კომპანიები, რომელთა ვებსაიტიც არის მითითებული ბაზაში;
სტატუსი - აქტიური, არ არის ცნობილი;
დაფუძნების თარიღი - 2012 წლამდე.
შედეგად მიღებულ იქნა 301 პოტენციურად შედარებადი კომპანია. აღნიშნულ კომპანიებზე, მათი ვებ-გვერდებისა და ინტერნეტში არსებული სხვა წყაროების შესწავლის შედეგად შემოწმებამ მოიძია საკმარისი ინფორმაცია, ქართული კომპანიის მსგავსი ფუნქციებისა და რისკების მქონე შესადარებელი კომპანიების გამოსავლენად. შედეგად შეირჩა 12 პოტენციურად შედარებადი კომპანია. შემოწმებით მოცულ წლებზე ცალ-ცალკე აღებული იქნა შესადარებელი კომპანიების წინა სამი წლის მაჩვენებლის საშუალო.
რადგან სრული დიაპაზონის მაჩვენებლებს შორის არსებობს მნიშნვნელოვანი გადახრა, შემოწმებამ ჩათვალა საჭიროდ გამოეყენებინა ინტერკვარტილური დიაპაზონის მინიმალური მნიშვნელობა, ამასთან, აღსანიშნავია რომ სრული დიაპაზონის არჩევის შემთხვევაშიც კი საწარმოს ფინანსური მაჩვენებელი (- 75%) ვერ მოხვდებოდა საბაზრო დიაპაზონში.
შემოწმება მიუთითებს „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული შემთხვევის არსებობის გამო შემოწმების მიერ აღებულ იქნა საბაზრო დიაპაზონის მინიმალური მნიშვნელობა საწარმოს კონტროლირებული ტრანზაქციის ღირებულების დასაკორექტირებლად, 2020 წლისთვის FCMU – (-0.8%).
შედეგად, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოვლენილი კორექტირების თანხა ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ: ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით; ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევაზედაც, როდესაც საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას თავის მუდმივ დაწესებულებასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში გააკეთოს ახსნაგანმარტება, რის საფუძველზე თვლის თავის მიერ მიღებულ მოგებას ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაზრო პრინციპის შესაბამისად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საკმარისი ინფორმაცია და ანალიზი საკუთარი ახსნა-განმარტების გასამყარებლად და იმის შესამოწმებლად, რამდენად შეესაბამება მის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილს.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლი განსაზღვრავს ფაქტორებს, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის.
ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებიდან ოპერაციების შეფასების ყველაზე მართებული მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას საიმედო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა არჩეული ოპერაციების შეფასების მეთოდის და/ან სხვა მეთოდების გამოსაყენებლად.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ, კონტროლირებული ოპერაცია ან კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობა, რომელიც გაერთიანებულია ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად ხვდება საბაზრო დიაპაზონის ფარგლებს გარეთ, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს საწარმოს დასაბეგრი მოგების შესწორება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული შესწორებით შესაბამისი ფინანსური მაჩვენებელი გაუტოლდება შესაბამისი საბაზრო დიაპაზონის მედიანას, თუ ფაქტები და გარემოებები მკაფიოდ არ მიუთითებენ აღნიშნული ფინანსური მაჩვენებელის საბაზრო დიაპაზონის სხვა წერტილთან ტოლობის შესახებ.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კომპანიის მიმართ წარმოდგენილ იქნას განმარტება იმ საფუძვლის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საწარმო მიიჩნევს, რომ მისი მოგება საბაზრო პრინციპის შესაბამისია, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, როცა:
ა) საქართველოს საწარმოს მომზადებული აქვს ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამ მუხლის შესაბამისად და
ბ) ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე - 1291 მუხლებით და ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მაშინ გამოიყენება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2017 წლის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებები მულტინაციონალური კომპანიებისა და საგადასახადო ორგანოებისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს 2.2 პარაგრაფზე, რომლის მიხედვით, იმისათვის რომ გამოყენებული იქნას შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი ფართო მოხმარების საქონლის ღირებულების შესაფასებლად, აუცილებელია ეკონომიკურად რელევანტური მახასიათებლები იყოს შედარებადი. აღნიშნული მახასიათებლები მოიცავს: საქონლის ფიზიკურ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, კონტრაქტის პირობებს, როგორიცაა მოცულობები, მიწოდების პირობები, ოპერაციის განხორციელების თარიღი, დაზღვევა, ვალუტა და სხვა.
ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს 2.22 პარაგრაფის მიხედვით, ფართო მოხმარების საქონელთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების თარიღის შესაბამისობა სასაქონლო ბირჟაზე კვოტირების თარიღებთან.
ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს 1.71 პარაგრაფის მიხედვით, ისეთი კომპანიის არსებობა, რომელიც ზარალიანია და ბიზნესს აწარმოებს მულტინაციონალური ჯგუფის მომგებიან წევრებთან, გადასახადის გადამხდელებს და საგადასახად ორგანოებს ანიშნებს, რომ საჭიროა, გადაამოწმონ სატრანსფერო ფასწარმოქმნა. წამგებიანი კომპანია, შესაძლოა, მულტინაციონალური ჯგუფისგან არ იღებდეს კომპენსაციას, რომელიც, მის მიერ გაწეული საქმიანობიდან, მიღებული საქმიანობის ადექვატურია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლის კორექტირება, რამაც საგადასახადო მიზნებისთვის კომპანიის შემოსავალი გაზარდა. კომპანიის გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა მოგების განაწილებად და შპს ,,-------“ დამატებით დაიბეგრა მოგების გადასახადით, რასაც არ ეთანხმება და წარმოდგენილი აქვს შესაბამისი არგუმენტები: განმარტავს, რომ „------“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, ბრენდირებული შოკოლადის მწარმოებელი და კონდიტერი კომპანიაა, რომელიც წარმოების დროს თხილს მთავარ ინგრედიენტად იყენებს. ------ს კომპანიების ჯგუფის („ჯგუფი") სათაო ოფისი - --------- მდებარეობს -------ში და აერთიანებს 94 შვილობილ კომპანიას, რომელთაგან 25 მწარმოებელი კომპანიაა. ჯგუფი საქართველოში 2007 წლიდანაა წარმოდგენილი აგრარული კომპანიით - --------, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა თხილის ადგილობრივ ბაზარზე. ------- „-------“-ის შვილობილი კომპანიაა და მის დაფუძნებას წინ უძღვოდა ჯგუფის სამეცნიერო გუნდის მიერ ჩატარებული შავი ზღვის ზონის პოტენციალის კვლევა.
აღნიშნავს, რომ შპს „-------ს“ მთავარი საქმიანობაა თხილის მოყვანა, შემდგომში ჯგუფისათვის გადაყიდვის მიზნით. კომპანიის მფლობელობაშია მიწა და დანადგარები, ყველა საჭირო ფუნქციის შესრულებასთან ერთად, კომპანია ასევე საკუთარ თავზე იღებს თხილის მოყვანასთან დაკავშირებულ უმეტეს რისკს. ჯგუფისა და კომპანიის საბოლოო მიზანია, -------ს სრულად ფუნქციონირებად თხილის მეურნეობად გარდაქმნა, თუმცა კომპანია ჯერ ისევ იმყოფება განვითარების ფაზაში და ჯერ კიდევ ვერ დაკვალიფიცირდება როგორც სრული დატვირთვით მომუშავე მეურნეობად, როგორც ეს იქნებოდა სტანდარტული თხილის მეურნეობის შემთხვევაში.
კომპანია აწარმოებს -------, ------- და სხვა ევროპული თხილის სახეობებს და ძირითადად ყიდის მას პირდაპირ დედა კომპანიაზე. მოსავლის აღების შემდეგ, ------- ვალდებულია პირველი და მეორე ხარისხის თხილის მოსავალი, მოთხოვნის შემთხვევაში, გაყიდოს მხოლოდ „------“-ზე. ------ს უფლება აქვს თხილის მხოლოდ ის წილი გაყიდოს დამოუკიდებელ კომპანიებზე, რომლის შესყიდვაც არ მოხდება ჯგუფის წევრი კომპანიების მიერ. საშუალოდ მოსავლის 30% პირველი ხარისხის თხილია. მოსავლიანობის მაჩვენებელი გამოიყენება ნაჭუჭიანი თხილის კონვერტაციისთვის, რათა განისაზღვროს თხილის გულის გასაყიდი ფასი. „------“-ს მიერ თხილის ფასის დასადგენად გამოყენებული მოსავლიანობის მაჩვენებელი 2020 წელს იყო 42,51%.
მომჩივანი განმარტავს, რომ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციასა და საჩივარში აღწერილი საფასო პოლიტიკის მიზანია, ფასის დადგენის ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელსაც დამოუკიდებელი მხარეები გამოიყენებდნენ ბაზარზე. უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული მოდელი ადგენს ისეთ ფასებს, რომლებიც შეიძლება შევუდაროთ დამოუკიდებელი მხარეების მიერ დადგენილ ფასებს. თუმცა შემდგომში „--------“-სა და კომპანიის მხრიდან ხდება ფასების დამატებით გადამოწმება ბაზარზე არსებული მონაცემების საფუძველზე. „-------“-სა და ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, განსახილველ პერიოდში „------“ აწარმოებდა შესყიდვის გარიგებებს. როგორც კომპანიასთან, ასევე, თხილის დამოუკიდებელ მწარმოებლებთან საქართველოში, -------სა და -------ში. ვინაიდან „-------“-სა და დამოუკიდებელ მწარმოებლებს შორის გარიგებები პოტენციურად შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც შიდა შედარებადი ოპერაციები, აღნიშნული გარიგებებიც დეტალურად იქნა გაანალიზებული. აცხადებს, რომ პოტენციური შიდა შედარებადი ოპერაციები არსებობს და ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას „------ს“ მიერ „------“ -ზე გასაყიდი ფასის შესამოწმებლად.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ შერჩეულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდს (ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი) და განმარტავს, რომ შპს ,,-------სა“ და „------“-ს შორის თხილის რეალიზაციის ოპერაციისათვის დადგენილი საფასო პოლიტიკის გასაანალიზებლად ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდია შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი, შიდა შედარებად ოპერაციებზე დაყრდნობით. აცხადებს, რომ კონტროლირებულ (----- -ის მიერ თხილის -------გან შესყიდვა) და დამოუკიდებელ ოპერაციებს (------- -ის მიერ თხილის დამოუკიდებელი მიმწოდებლებისგან შესყიდვა საქართველოში, -------სა და -------ში) შორის შედარებადობის შესაფასებლად, ჩატარდა ეგთოს სახელმძღვანელოში გათვალისწინებული შედარებადობის თითოეული ფაქტორის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კონტროლირებული და დამოუკიდებელი ოპერაციები ერთმანეთის შესადარისია.
მიუთითებს, რომ საჩივარში აღწერილი ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის ფინანსური მონაცემებზე და კონკრეტულად ხარჯებზე, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა სხვადასხვა გარემოება. შესაბამისად, ძალიან რთული იქნება ისეთი დამოუკიდებელი კომპანიების შერჩევა, რომლებიც სათანადოდ შესადარისები იქნებიან ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდის მიზნებისთვის. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, გარიგების გაშლილი ხელის პრინციპთან შესაბამისობის დადგენისთვის ხელსაყრელია შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის, ან ამ მეთოდის ვარიაციის გამოყენება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი აცხადებს, რომ „-------“-ზე განხორციელებული თხილის რეალიზაცია შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს, ასევე, საქართველოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეგულაციებს. უფრო მეტიც, --------მ მიიღო იმაზე მეტი ანაზღაურება გაყიდული თხილისათვის, ვიდრე რეგიონში არსებულმა შესადარისმა დამოუკიდებელმა კომპანიებმა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ შერჩეულ სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდს (ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი).
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 25 მარტის №8632 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე შედგა 2023 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32340 ბრძანება და ამავე თარიღის №094-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 572 873 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 158 500 ლარი, ჯარიმა 1 079 251 ლარი და საურავი 1 335 122 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ბ"), 126(4), 127, 128(1"დ")(2), 97"ა", 98(1"ა"), 981(1)(4"ბ").
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013 წლის N423 ბრძანება.